გაზის იონიზაცია

მაღალი ტემპერატურისა და სხვადასხვა გამოსხივების ზემოქმედებით, გაზში, დამუხტული ნაწილაკები ჩნდება.

 ეს იმიტომ ხდება, რომ გაზის ატომებიდან ერთი ან რამდენიმე ელექტრონი ამოიგლიჯება, რის შედეგადაც ნეიტრალური ატომების ადგილზე დადებითი იონები და ელექტრონები ჩნდება. ამ დროს წარმოქმნილი ელექტრონების ნაწილი სხვა ნეიტრალურმა ატომებმა შეიძლება ჩაიჭიროს – ამ შემთხვევაში უარყოფითი იონები გაჩნდება.

 გაზი ჩვეულებრივ პირობებში ელექტრულ დენს არ ატარებს. თუ მშრალ ატმოსფერულ ჰაერში კარგად იზოლირებულ დამუხტულ სხეულს მოვათავსებთ, მაგალითად, დამუხტულ ელექტრომეტრს, მაშინ მისი მუხტი დიდი ხნის განმავლობაში უცვლელი დარჩება.

 თუმცა, თუ გაზს სხვადასხვა გარე ზემოქმედების ქვეშ მოვაქცევთ, მისი ელექტროგამტარობა შეიძლება გამოვიწვიოთ. მაგალითად, თუ დამუხტული ელექტრომეტრის ახლოს ცეცხლის ალს მივიტანთ, დავინახავთ, რომ ელექტრომეტრის მუხტი სწრაფად მცირდება. ჩვენ, გაზი ელექტროგამტარი მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით გავხადეთ. თუ ცეცხლის ალის მაგივრად ელექტრომეტრთან ახლოს სინათლის წყაროს მოვათავსებთ, ამ დროსაც ელექტრული მუხტის გაჟონვას დავაფიქსირებთ.

 ატომიდან ელექტრონის ამოგლეჯა(იონიზაცია) გარკვეული ენერგიის დანახარჯს მოითხოვს – იონიზაციის ენერგიას. ის ატომის აღნაგობაზეა დამოკიდებული, ანუ რა ნივთიერებაში ხდება იონიზაცია.

 იონიზაცია გამოსხივებით. ალფა ნაწილაკი ეჯახება ატომს და ელექტრონს ამოგლეჯს, ეს უკანასკნელი კი სხვა ატომის ელექტრონს ეჯახება და მასაც აგდებს.

 იონიზატორის ზემოქმედების შეწყვეტის შემდეგ გაზში იონების რაოდენობა დროთა განმავლობაში მცირდება, საბოლოოდ კი იონები საერთოდ ქრება. იონების გაქრობა იმით აიხსნება, რომ იონები და ელექტრონები სითბურ მოძრაობაში იღებს მონაწილეობას და ერთმანეთს ეჯახება. დადებითი იონისა და ელექტრონის შეჯახების დროს ისინი ერთმანეთისკენ მიიზიდება და ნეიტრალურ(არაიონიზირებულ) ატომად ერთიანდება. იგივე ხდება დადებითი და უარყოფითი იონების შეჯახებისას, უარყოფითი იონი დადებითს ზედმეტ ელექტრონს გადასცემს და ორივე ნეიტრალური ხდება(ე.წ. იონების რეკომბინაცია).  დადებითი იონისა და ელექტრონის რეკომბინაციის დროს, ან ორი იონის რეკომბინაციისას, ენერგიის გარკვეული ნაწილი გამონთავისუფლდება, რომელიც იონიზაციაზე დახარჯულ ენერგიას უტოლდება. ის სინათლის სახით გამოსხივდება, რის გამოც რეკომბინაციას ნათება ახლავს თან. თუ დადებითი და უარყოფითი იონების რაოდენობა მაღალია, რეკომბინაცია ინტენსიურია და ნათებაც უფრო ძლიერი. რეკომბინაციის დროს სინათლის გამოსხივება,  გაზში ხვადასხვა ტიპის განმუხტვების თანმხლები ნათების მთავარი მიზეზია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.