მზის მკვლევარი ”პარკერი”

 აპარატს ეს სახელი ამერიკელი ასტროფიზიკოსის, იუჯინ პარკერის საპატივცემულოდ შეარქვეს(პირველი შემთხვევაა, როცა მისიას ცოცხალი ადამიანის სახელი უწოდეს). პარკერი სწავლობდა მზის პლაზმას, გვირგვინსა და მზის ქარს. მან იწინასწარმეტყველა მზის მაგნიტოსფეროს სპირალური ფორმა. ამ ყველაფერს ნახევარ საუკუნეზე მეტია სწავლობენ, თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება, რატომ არის მზის გვირგვინი მის ფოტოსფეროზე(”ზედაპირი”) ცხელი – თუ ფოტოსფეროს(ზედაპირი რომელსაც ჩვენ ვხედავთ) ტემპერატურა 6000 გრადუსია(13 მილიონი ბირთვში), როგორ შეიძლება ზედაპირიდან უფრო მაღლა მდებარე გვირგვინის ტემპერატურა მილიონი გრადუსი იყოს?!(მზის გვირგვინისა და სპიკულების გამოცანა ამოხსნილია) და კონკრეტულად როგორ ჩქარდება მზის ქარი ზებგერით სიჩქარემდე(რატომ არის მზის ქარი ასე ჩქარი?). სწორედ ეს უნდა დაადგინოს ”პარკერმა”(Parker Solar Probe), რის გამოც მნათობთან რეკორდულად ახლოს მოუწევს მისვლა – ცენტრიდან 6,2 მლნ.კმ. ახლანდელი რეკორდია 44 მლნ.კმ, რომელიც სამოცდაათიან წლებში გაშვებულ ”ჰელიოსს” ეკუთვნის. შედარებისთვის, მერკურის პერიჰელიუმი(ტრაექტორიის უახლოესი წერტილი მზესთან) დაახლოებით 46 მლნ.კმ-ს უტოლდება.

შუაში 90 წლის იუჯინ პარკერი, უკან – რაკეტა მატარებელი Delta IV Heavy.

 მზესთან ახლოს მისვლა ადვილი საქმე არ არის. მთავარი სირთულეა დედამიწის ორბიტული სიჩქარის ჩახშობა, რომელიც ყოველთვის მზის პერპენდიკულარულად არის მიმართული და სტარტის დროს რაკეტასაც გადაეცემა. დედამიწა საკმაოდ სწრაფად მიქრის – 30 კმ/წმ. ”პარკერი” ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი რაკეტით გაუშვეს, თუმცა ვერანაირი რაკეტა ვერ შეძლებს საწინააღმდეგო მიმართულებით აპარატის ისე აჩქარებას, რომ დედამიწისგან მინიჭებული ორბიტული სიჩქარე ჩაახშოს. ამიტომ, საკმაოდ რთული ტრაექტორია იქნა შერჩეული(იხილეთ ვიდეო).

 აპარატი ჯერ 24,8 მლნ.კმ. დისტანციაზე გაივლის მზესთან(2018 წლის ნოემბერში). შემდეგ, 7 წელი იფრენს ელიფსურ ორბიტებზე, ოდნავ გაცდება ვენერას ორბიტას. მთლიანობაში, მზეს 24-ჯერ შემოუვლის, რომელთაგან 7 – გრავიტაციული მანევრი იქნება ვენერასთან(მეორე კოსმოსური სიჩქარისა და გრავიტაციული მანევრის შესახებ). ყოველ ჯერზე ორბიტის მსუბუქი კორექცია მოხდება, პერიოდისა და მანძილის შემცირებით მზემდე, პერიჰელიუმში. საბოლოოდ, აპარატი თავის სამიზნეს 2024 წელს მიაღწევს, საკმაოდ ღრმად ”ჩაყვინთვით” მზის გვირგვინში. ამასთან ერთად, ”პარკერი” ადამიანის მიერ შექმნილ ყველაზე სწრაფ ობიექტად იქცევა, ეს გრავიტაციული მანევრები თითქმის 200 კმ/წმ-მდე ააჩქარებს მას(მზის მიმართ).

 კიდევ ერთ სირთულეს მზის ინტენსიური გამოსხივება წარმოადგენს(ასეულობითჯერ მეტი, ვიდრე დედამიწაზე). აპარატი თბოდამცავი ეკრანით არის აღჭურვილი, რომელიც სამი ფენისგან შედგება – 11,43 სანტიმეტრის სისქის მსუბუქი ნახშირბადიანი ქაფი დაბალი თბოგამტარობით, მოთავსებული თხელ კომპოზიტურ ფენებს შორის, რომლებიც ნახშირბადის ბოჭკოთი გაძლიერებული გრაფიტის მატრიცისგან შედგება. გარე ფენა კი სინათლის კარგად ამრეკლი თეთრი კერამიკით არის დაფარული, რომელიც მაღალი ტემპერატურისა და რადიაციის მიმართ მედეგია. ეს ფარი ქოლგასავით ახურავს აპარატს და მის მოწყობილობას იცავს. მზის პანელები, მხოლოდ მნათობიდან შორს მოხვედრის დროს გაიშლება და პერიჰელიუმთან მიახლოებისას დაიკეცება. ფარისგან რომ მცირე სითბო გადაეცეს, აპარატი სპეციალური სამაგრებით 6 წერტილში არის მიერთებული მასთან. ფარით მუდმივად მზისკენ რომ იყოს მიბრუნებული, ორიენტაციის რამდენიმე სისტემაა გამოყენებული.

 ეკრანთან ერთად, აპარატის ტემპერატურის რეგულირება წყლის ცირკულაციაზე დაფუძნებული გამაცივებელი სისტემითაც მოხდება. უშუალოდ ფარის უკან, რადიატორების ბლოკია მოთავსებული(დიდი შავი სეგმენტები აპარატის ზედა ნაწილში), რომლებიდანაც ჭარბი სითბო გარეთ გამოსხივდება. რადიატორში მოძრავი წყალი მოწყობილობას მილებით მიეწოდება და საჭიროების მიხედვით ხან აცივებს, ხანაც ათბობს მას.

 ”პარკერზე” დაყენებული ინსტრუმენტები 4 ძირითადი ექსპრეიმენტის ჩასატარებლად შეიქმნა: FIELDS, ISIS, WISPR, SWEAP.

 FIELDS – მაგნიტური ველის პირდაპირი გაზომვა მაგნიტომეტრებითა და 5 ორმეტრიანი ანტენით. მიღებული მონაცემებით, წარმოდგენა შეიძლება შეიქმნას გვირგვინის გამაცხელებელ ისეთ მოვლენებზე, როგორებიც არის ზებგერითი დარტყმითი ტალღები, მაგნიტური გადაერთებები, მაგნიტობგერითი(პლაზმაში) და ალვენისეული ტალღები(განივი მაგნიტოჰიდროდინამიკური ტალღები, რომლებიც მაგნ. ძალწირების გასწვრივ ვრცელდება)(მზე).

 WISPR – ოპტიკური ტელესკოპი მზის გვირგვინის ღრმა და დეტალური ფოტოების მისაღებად. მან უნდა დაადგინოს კავშირი მზის გვირგვინის გაცხელებასა და მიკროანთებებს(Nanoflares) შორის.

 SWEAP – მზის პლაზმის ნაწილაკების(ელექტრონები, პროტონები და მძიმე იონები) რაოდენობის, სიჩქარის, მუხტის, სიმკვრივისა და ტემპერატურის დადგენა. მზის ქარის აჩქარების მექანიზმების მოძიება და მონიტორინგი, ამ მექანიზმების კავშირი მზის აქტივობასთან და გვირგვინის გათბობის პროცესებთან. ISIS-ისა და SWEAP-ის ერთობლივი მუშაობა შესაძლებელს გახდის ორივე ექსპერიმენტით მიღებული მონაცემების დახვეწას.

 და რა თქმა უნდა, ”პარკერისგან” ისეთ ახალ აღმოჩენებსაც ელიან, რომელთა პროგნოზირება ახლა შეუძლებელია(კიდევ მზის შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.