დედამიწა ბნელი მატერიის ქარიშხალში ჩაიძირა

 ესპანელი და ბრიტანელი მეცნიერების თქმით, მზის სისტემაში ახლა 500 კმ/წმ. სიჩქარით მოძრავი ბნელი მატერიისგან შემდგარი ”ქარი” გადის. ეს ნაკადი გრავიტაციულად არის დაკავშირებული ნაკადთან S1, რომელიც ირმის ნახტომის მიერ მიერთებული ჯუჯა გალაქტიკის ნაწილი იყო(Physical Review D).

 S1 არის 34 ვარსკვლავისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც მზის სისტემის მიდამოებში, ირმის ნახტომის ბრუნვის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილდება. ის შარშან აღმოაჩინეს, ცის სლოანისეული ციფრული დამზერისა(Sloan Digital Sky Survey, SDSS) და კოსმოსური ”გაია”-ს საშუალებით მიღებული მონაცემების ანალიზით.

 S1-ის მასა, ღუმელის თანავარსკვლავედში არსებული ჯუჯა გალაქტიკის მასას უტოლდება და მეცნიერთა აზრით, ეს ვარსკვლავური ნაკადი ბნელი მატერიის ჰალოსთან უნდა იყოს დაკავშირებული.

 ΛCDM(ლამბდა სი-დი-ემ) – ლამბდა-ცივი ბნელი მატერია, თანამედროვე კოსმოლოგიური მოდლი, რომელშიც სივრცობრივ-ბრტყელი სამყარო ჩვეულებრივ მატერიასთან ერთად, ბნელი ენერგიითა(აღიწერება კოსმოლოგიური მუდმივა ლამბდათი აინშტაინის განტოლებებში) და ცივი ბნელი მატერიით არის შევსებული. ამ მოდელის მიხედვით, ჩვეულებრივ (ბარიონულ) მატერიასთან ერთდ, არსებობს უხილავი ბნელი მატერიაც, რომელზეც მთელი სამყაროს მატერიის 22% მოდის. სავარაუდოდ, ჩვეულებრივ მატერიასთან ის მხოლოდ გრავიტაციულ ურთიერთქმედებაში შედის, ამიტომ მისი შემადგენელი ნაწილაკების აღმოჩენა დღემდე ვერ ხერხდება.

 მათემატიკური მოდელის გამოყენებით, მეცნიერებმა დაადგინეს, თუ როგორ მოქმედებს S1 მზის სისტემასთან ახლოს არსებული ბნელი მატერიის განაწილებაზე. ამით, ბნელი მატერიობის კანდიდატი ჰიპოთეტური ნაწილაკის(WIMP) აღმოჩენის ალბათობაც შეიძლება განისაზღვროს, სინათლის დეტექტორებით, რომლებიც ჩვეულებრივი მატერიის ატომებზე  WIMP-ების გაბნევის შედეგად გაჩენილ სინათლეს დაარეგისტრირებს.

 ამასთან ერთად, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ვიმპების დეტექტორების მგრძნობელობა არასაკმარისია. საჭირო მგრძნობელობა აქსიონების დეტექტორებს უნდა ჰქონდეს, ნაწილაკებისა, რომლებიც ასევე ბნელი მატერიობის კანდიდატებად განიხილება(ყველაზე უფრო მგრძნობიარე დეტექტორი ბნელი მატერიის ნაწილაკების აღმოსაჩენად; ბნელი მატერია).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.