კიდევ ბნელი ენერგიის შესახებ

 წინა საუკუნის დასაწყისში ალბერტ აინშტაინმა ფარდობითობის ზოგად თეორიაში, დროისგან დამოუკიდებელი სიდიდე შემოიღო – ე.წ. კოსმოლოგიური მუდმივა, რომელიც აღნიშნა ბერძნული ასო „ლამბდათი“-Λ. Λ იყო ფორმალური კონსტანტა, რომელშიც აინშტაინი ვერავითარ ფიზიკურ აზრს ვერ ხედავდა.

 მას შემდეგ რაც სამყაროს გაფართოება აღმოაჩინეს, ამ მუდმივას ცნებამ აზრი დაკარგა. აინშტაინი ძალიან ნანობდა თავის ნაჩქარევ გადაწყვეტილებას და Λ-ას მის ყველაზე დიდ მეცნიერულ შეცდომად თვლიდა. თუმცა, ათწლეულების გასვლის მერე გაირკვა, რომ ჰაბლის მუდმივა, რომელიც სამყაროს გაფართოების ტემპს ადგენს, დროში იცვლება, ამასთან ერთად მისი დამოკიდებულება დროზე, ზუსტად იმ აინშტაინისეული „მცდარი“ მუდმივას შერჩევით შეიძლება აიხსნას, რომელსაც წვლილი შეაქვს სამყაროს დამალულ სიმკვრივეში. დამალული მასის სწორედ ამ ნაწილს შეარქვეს „ბნელი ენერგია“.

 ბნელ ენერგიაზე კიდევ უფრო ნაკლებია ცნობილი, ვიდრე ბნელ მატერიაზე. პირველ რიგში, ის ერთგვაროვნადაა განაწილებული სამყაროში, ჩვეულებრივი და ბნელი მატერიის სხვადასხვა ფორმებისგან განსხვავებით. გალაქტიკებსა და მათ გროვებში ის იმდენივეა, რამდენიც მათ ფარგლებს გარეთ. მეორე ისაა, რომ ბნელ ენერგიას გააჩნია საკმაოდ უცნაური თვისებები, რომელთა გაგება, მხოლოდ ფარდობითობის თეორიის განტოლებებითა და მათი ამონახსნების ინტერპრეტირებით შეიძლება. მაგალითად, ბნელი ენერგია გრავიტაციას ეწინააღმდეგება: მისი არსებობის გამო სამყაროს გაფართოების სიჩქარე იზრდება. ბნელი ენერგია თითქოს თავის თავს გაურბის, რაც გალაქტიკებისა და მათში დაგროვილი მატერიის აჩქარებულ გადაადგილებასაც იწვევს. კიდევ, ამ ენერგიას გააჩნია უარყოფითი წნევა, რის გამოც ნივთიერებაში ჩნდება ძალა, რომელიც მის გაწელვას ეწინააღმდეგება.

 მთავარი კანდიდატურა ბნელი ენერგიის როლზე – ვაკუუმია. ვაკუუმის სიმკვრივე სამყაროს გაფართოებასთან ერთად არ იცვლება, რაც უარყოფითი წნევის მაჩვენებელია. კიდევ ერთი კანდიდატია ჰიპოთეტური ზესუსტი ველი, სახელად – კვინტესსენცია. ბნელი ენერგიის გამოცანის ამოხსნა, ალბათ, შემდგომი ასტრონომიული დაკვირვებებით თუ მოხდება. ამ საკითხში წინსვლა, უეჭველად, კაცობრიობას რადიკალურად განსხვავებულ ახალ ცოდნას შესძენს, რადგან ბნელი ენერგია, ყველა შემთხვევაში, ძალიან უცნაური სუბსტანციაა, აბსოლუტურდ განსხვავებული იმისგან, რასთანაც აქამდე შეხება ქონია თანამედროვე ფიზიკას.

 სამყაროს შემადგენელის 95%(იგულისხმება ბნელი მატერიაც)-ზე ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით. ამ ფაქტის არსებობას სხვადასხვა ნაირად შეგვიძლია მივუდგეთ. მან შეიძლება აგვაფორიაქოს, როგორც რაიმე გაურკვეველთან შეხებისას გვემართება ხოლმე. ან შეიძლება დაგვამწუხროს, ასეთი გრძელი და ძნელად გავლილი გზა ფიზიკური თეორიის შექმნისათვის, რომელმაც მიგვიყვანა კონსტატაციამდე: სამყაროს დიდი ნაწილი ჩვენთვის დამალული და უცნობია.

 ფიზიკოსები, რა თქმა უნდა, ფარხმალს არ ყრიან. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ყველა გამოცანა, რომელიც ბუნებაში არსებობს, ადრე თუ გვიან მაინც ამოიხსნება. ამოიხსნება ბნელი ენერგიის გამოცანაც. ამონახსნი, ალბათ, ახალ ცოდნასა და ცნებებს მოიტანს, რომელთა შესახებაც ჩვენ წარმოდგენა არა გვაქვს. შესაძლებელია ამ ახალმა ცოდნამ კიდევ უფრო რთული გამოცანების წინაშე დაგვაყენოს, თუმცა ეს იქნება სულ სხვა ისტორია, რომელსაც „Astronet”-ის მკითხველები წლების ან ათწლეულების მერე წაიკითხავენ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.