ბნელი მატერიის ნაწილაკების მიერ ფორმირებული ”ლაზერის” სხივი?

 შავი ხვრელები სამყაროს ყველაზე უფრო ეგზოტიკური ობიექტებია და მეცნიერები, პერიოდულად, არა ნაკლები ეგზოტიკით გამორჩეულ თეორიებს წარმოადგენენ ხოლმე, რომლებიც შავი ხვრელების თვისებებსა და ქცევას უკავშირდება. ერთ-ერთი ასეთია თეორია იმის შესახებ, რომ შავ ხვრელებს მათთან ახლო სივრცეში ბნელი მატერიის ნაწილაკების აკუმილირება შეუძლია და გარკვეულ პირობებში, ”ბნელ ლაზერებად” გადაქცევა, ფოკუსირებული სხივების გამოშვებით კოსმოსში(როგორ მუშაობს ლაზერი).

 აღსანიშანავია, რომ ეს თეორია, შარშან წამოყენებული თეორიიდან გამომდინარეობს, რომელიც ერთმანეთთან შავ ხვრელებს, ბნელ მატერიასა და გრავიტაციის ცნებას აკავშირებს. ახალ თეორიაში – BLAST (black hole lasers powered by axion superradiant instabilitie), ბნელი მატერიის ნაწილაკების როლში ჰიპოთეტური აქსიონები(1) გამოდიან. მეცნიერთა აზრით, ამ უჩვეულო მოვლენის დამზერა დედამიწიდანაც უნდა იყოს შესაძლებელი.

 ადრე, ამ მიმართულებით მომუშავე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თუ შავი ხვრელი ბრუნავს, ის ე.წ. ”ზენათების”( superradiance) წყარო შეიძლება გახდეს. შავ ხვრელთან ახლოს აქსიონების ღრუბელი ფორმირდება, რომელშიც ამ ნაწილაკების რაოდენობა 1080 შეიძლება იყოს, რაც დაახლოებით, სამყაროში არსებული ატომების რაოდენობას უტოლდება. ამის შედეგად, გიგანტური ატომის ანალოგი წარმოიქმნება, რომლის ბირთვს შავი ხვრელი წარმოადგენს, ხოლო მის გარშემო მოძრავ ელექტრონებს – აქსიონები. ფიზიკის კანონები ბირთვის გარშემო მოძრავი ელექტრონების რაოდენობას ზღუდავს(პაულის პრინციპი), რაც აქსიონებს არ ეხება.

 პორტუგალიელმა მეცნიერებმა(Universidade de Aveiro), ზენათების ეფექტი უფრო დეტალურად შეისწავლეს. მათ მიერ მიღებული შედეგების მიხედვით, აქსიონი შეილება ორ ფოტონად დაიშალოს, რაც სხვა აქსიონების დაშლის მიზეზი ხდება, ჯაჭვური რეაქციის მსგავსად. თუმცა, ასეთი ჯაჭვური რეაქცია ვერ იქნება უმართავი, მას სხვა პროცესები აკავებს და აბალანსებს. მიუხედავად ამისა, შეიძლება მოხდეს აფეთქებითი რადიო ნათებები ე.წ. BLAST.

 ე.წ. სწრაფი რადიო იმპულსების(FRB) ნაწილის წყარო სწორედ ეს, შავი ხვრელის ბაზაზე ფორმირებული ”ბნელი” ლაზერები შეიძლება იყოს. მეცნიერებმა BLAST-აფეთქებათა  რეგისტრაციის რამდენიმე მეთოდიც შეიმუშავეს, რომელთა შორის არის გარკვეული ”ხელმოწერის” აღმოჩენა სწრაფი რადიო იმპულსების მახასიათებლებში.

 რა თქმა უნდა, ”ბნელი” ლაზერების თეორია ბოლომდე სანდოდ ვერ ჩაითვლება. მასში უამრავი დაშვება და მიახლოებაა, მათ შორის, შავი ხვრელის გარშემო ჩამოყალიბებული აქსიონების ღრუბლის ფორმასთან დაკავშირებით. არც აქსიონების ნამდვილად არსებობის დამამტკიცებელი ფაქტები გვაქვს. უკვე ჩატარებული ექსპერიმენტებით ეს ეგზოტიკური ნაწილაკები ვერ გამოვლინდა, იგეგმება ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელება(ბნელი მატერია მზიდან?; კიდევ ბნელი მატერიის შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *