M13 – ერთ-ერთი ყველაზე ადვილად შესამჩნევი და ცნობილი სფერული გროვაა. ჰერკულესის თანავარსკვლავედში მდებარე M13, ბინოკლითაც ჩანს. ხშირ შემთხვევაში, დამწყები ასტრომოყვარულები შეუიარაღებელი თვალისთვის მიუწვდომელ ციურ მარგალიტებზე ნადირობის დროს, პირველად სწორედ ამ გროვას მიაგნებენ ხოლმე. დედამიწიდან 25 ათასი სინათლის წლის მანძილზე მდებარე, 12 მილიარდი წლის (მაინც რა ასაკისაა სამყარო?) M13-ის დიამეტრი 150 სინათლის წელია, მასში 100 ათასზე მეტი ვარსკვლავია. 1974 წელს, როცა მსოფლიოს ყველაზე დიდი რადიოტელესკოპი, არესიბო გაიხსნა, M13-ის მიმართულებით რადიოსიგნალი იქნა გაგზავნილი.
წარმოდგენილი გამოსახულება მცირე ტელესკოპით არის გადაღებული, რომლის თვალათახედვის არე სავსე მთვარეზე ოდნავ მეტია, ჩანართში კი ”ჰაბლით” გადაღებული გროვის ცენტრალური ნაწილია გამოსახული, ზომით – 0,04 გრადუსი.
M13-ის მკაფიო ფერადი ფოტო, ამ გამოსახულების მარცხენა მხარეს, ყველა ასტროფოტოგრაფისთვის არის ნაცნობი, ხოლო მარჯვენა ნაწილი კი მის შესახებ კიდევ უფრო მეტს გვეუბნება.
გრაფიკზე, რომელიც ჰერცშპრუნგ-რასელის დიაგრამის სახელით არის ცნობილი, ცალკეული ვარსკვლავების ხილული ელვარება და ფერის მაჩვენებელია წარმოდგენილი. ეს უკანასკნელი, არის სხვაობა მათ ელვარებას შორის (ვარსკვლავური სიდიდით) წითელ და ცისფერ ფილტრებში, აღნიშნული (B-R)-ით. ცისფერი ვარსკვლავები – ცხელია, წითელი – ცივი, ამიტომ შეესაბამება ფერის მაჩვენებლის ზრდა ტემპერატურის კლებას. დიაგრამის მარცხენა მხარეს ცხელი ცისფერი ვარსკვლავებია, მარჯვნივ – მოწითალო ცივი. ამ დიაგრამაზე M13-ის ვარსკვლავები რამდენიმე ჯგუფად არის დაყოფილი. მარჯვენა ქვედა კუთხიდან დიაგონალზე მიმავალი ფართო ზოლი – გროვის მთავარი მიმდევრობაა. ზოლი მკვეთრ მოხვევას მარჯვენა ზედა კუთხისკენ აკეთებს, წითელი გიგანტების ტოტის წარმოქმნით, ხოლო ცისფერი გიგანტები კი მარცხნივ მაღლა ჯგუფდება. ყველა ეს ვარსკვლავი ერთი ვარსკვალთშორისი ღრუბლისგან, ერთი და იგივე დროს ჩაისახა და მთავარ მიმდევრობაზე იყო, შედარებით მცირე მასის მქონე მნათობები ქვედა მარჯვენა კუთხესთან უფრო ახლოს იყო. დროთა განმავლობაში, მასიური ვარსკვლავები ევოლუციონირებდნენ და მთავარი მიმდევრობიდან წითელი გიგანტების ტოტზე გადავიდნენ, მერე ცისფერი გიგანტები გახდნენ და ევოლუცია განაგრძეს (როგორ კვდებიან ვარსკვლავები). მთავარი მიმდევრობიდან წითელი გიგანტებისკენ გადახრა გვიჩვენებს, რომ ამ გროვის ასაკი 12 მილიარდი წელია (გზავნილი არესიბოდან; აღმოჩენილია მზის ძმა).