შთანთქმული ვარსკვლავის მიხედვით შავი ხვრელის მასა დაადგინეს

 ასტრონომებმა შავი ხვრელის მასა მის მიერ შთანთქმული ვარსკვლავის ნარჩნების გამოსხივებით გამოითვალეს (Science, ScienceNow).  მკვლევარებმა გამა ანთება Swift J1644+57-ის გამოსხივება გააანალიზეს, რომელიც 2011 წლის მარტის ბოლოს დაფიქსირდა. მეცნიერთა თქმით, ეს ანთება ერთ-ერთი უძლიერესი იყო აქამდე დაფიქსირებულებს შორის. თავიდან მეცნიერები ანთების წყაროდ ზეახლის აფეთქებას თვლიდნენ, თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა – ზეახლების აფეთქებები რამდენიმე დღეში მკრთალდება, მაშინ როცა Swift J1644+57 თვეების განმავლობაში გაგრძელდა. გამოსხივების წყარო ვარსკვლავის გავარვარებული ნარჩენები აღმოჩნდა, რომელსაც შავი ხვრელი შთანთქავს.

 მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ გამოსხივება 200 წამიანი პერიოდით იცვლება. ასტრონომთა თქმით, ეს ხვრელის გარშემო აკრეციული დისკოს ბრუნვით აიხსნება. ამ პერიოდულობაზე და სხვა მონაცემებზე დაყრდნობით, ნაშრომის ავტორებმა ხვრელის მიახლოებითი მასა გამოითვალეს. ის 0,45-დან 5 მილიონი მზის მასის ტოლი აღმოჩნდა, რაც ზემასიური შავი ხვრელებისთვისაა დამახასიათებელი, რომელთა აღმოჩენა გალაქტიკათა ბირთვებშია შესაძლებელი. მიღებული რიცხვი ადრე თეორიულად გამოანგარიშებულს დაახლოებით ემთხვევა.

https://youtu.be/O3Z5AS3TTS4?t=24

 მონაცემების შეგროვება რამდენიმე ტელესკოპით ხდებოდა. პირველად ანთება SWIFT-მა დააფიქსირა, ხოლო შემდეგ მას ”ჰაბლი” და ”ჩანდრაც” შეუერთდნენ. ანთების უნიკალურობა იმასთანაა დაკავშირებული, რომ ხვრელის ჭავლი პირდაპირ დედამიწისკენ იყო მომართული და ვარსკვლავის შთანთქმა ნელნელა ხდებოდა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.