ვარსკვლავური სიდიდე

 ეს სიდიდე ახასიათბს განათებას, რომელსაც ციური ობიექტი დამკვლირვებელთან ახლოს ქმნის.

 ვარსკვლავების სიკაშკაშეს, ეტალონური ობიექტის სიკაშკაშესთან შედარებით განსაზღვრავენ. ასეთი ეტალონების როლში, ჩვეულებრივ, სპეციალურად შერჩეული არაცვალებადი ვარსკვლავები გამოდიან. თავიდან, ვარსკვლავური სიდიდე შემოიღეს, როგორც ოპტიკური ვარსკვლავების ხილული სიკაშკაშის მაჩვენებლი, მოგვიანებით კი ის სხვა დიაპაზონებზეც გავრცელდა: ინფრაწითელი, ულტრაიისფერი. ვარსკვლავური სიდიდის სკალა ლოგარითმულია, როგორც დეციბელების სკალა. ამ სკალაზე 5 ერთეულიანი სხვაობა ეტალონურსა და დამზერადი ობიექტების მიერ გამოსხივებულ სინათლის ნაკადებს შორის 100-ჯერად განსხვავებას შეესაბამება. ვარსკვლავურ სიდიდეს  “m” (ლათ. მაგნიტუდა, სიდიდე)-ით აღნიშნავენ. ვარსკვლავური სიდიდეების სკალას უკუმიმართულება აქვს. რაც უფრო დიდია მისი მნიშვნელობა, მით მკრთლია ობიექტი. მაგალითად, მეორე ვარსკვლავური სიდიდის ვარსკვლავი 2m  — 2,512-ჯერ ელვარეა მესამე ვარსკვლავური სიდიდის ვარსკვლავზე 3m და  6,310-ჯერ ელვარე მეოთხე ვარსკვლავური სიდიდის 4m ვარსკვლავზე. გადადის მინუსებშიც.

 ვეგა 0,582; სატურნი +1,47-დან  −0,24-მდე; სირიუსი −1,47; იუპიტერი −1,61-დან −2,94-მდე; ვენერა −4,6; მთვარე −2,5/−12,9; მზე −26,7.

 ხილული ვარსკვლავური სიდიდე (m; ან უბრალოდ ვარსკვლავური სიდიდე) – ციური სხეულის დამზერადი სიკაშკაშეა, რომელიც არა მარტო გამოსხივების რეალურ სიმძლავრეზეა დამოკიდებული, არამედ მანძილზეც ამ ობიექტამდე. ხილული სიდიდეების სკალას ჰიპარქეს კატალოგამდე მივყავართ, რომელშიც თვალით ხილული ყველა ვარსკვლავი ელვარების მიხედვით 6 კლასად იყო დაყოფილი. დიდი დათვის თანავარსკვლავედის ვარსკვლავების სიკაშკაშე დაახლოებით 2m, ვეგასი — 0m. განსაკუთრებით კაშკაშა მნათობთა ვარსკვლავური სიდიდე უარყოფითია: სირიუსი დაახლოებით -1.5(ანუ მისი სინათლის ნაკადი ვეგას სინათლეზე 4-ჯერ მეტია), ვენერას ელვარება კი ზოგჯერ -5m აღწევს (ანუ 100-ჯერ მეტი ვიდრე ვეგასი). აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავური სიდიდე შეიძლება განისაზღვროს შეუიარაღებელი თვალითაც და ტელესკოპითაც, სპექტრის ხილულ და სხვა დიაპაზონებში.

 აბსოლუტური ვარსკვლავური სიდიდე (М) გვიჩვენებს, თუ როგორი ხილული სიდიდე ექნებოდა მნათობს, რომლამდე მანძილი 10 პარსეკია და არ ხდება სინათლის შთანთქმა ვარსკვლავთშორისი გარემოს მიერ. ანუ აბსოლუტური ვარსკვლავური სიდიდე, ხილულისგან განსხვავებით, საშუალებას იძლევა ერთმანეთს შევადაროთ ობიექტთა ჭეშმარიტი ნათობა (სპექტრის მოცემულ დიაპაზონში).

 რაც შეეხება სპექტრულ დიაპაზონებს, აქ ვარსკვლავური სიდიდეების სისტემათა სიმრავლეა, რომლებიც კონკრეტულ დიაპაზონში ჩასატარებელ გაზომვებს უკავშირდება. თვალით დაკვირვების დროს (შეუიარაღებელითა და ტელესკოპით) იზომება ვიზუალური ვარსკვლავური სიდიდე (mv). ჩვეულებრივ, ფოტოფირფიტაზე მიღებული ვარსკვლავის გამოსახულების მიხედვით, დამატებითი შუქფილტრების გარეშე, იზომება ფოტოგრაფიული ვარსკვლავური სიდიდე (mP). რადგან ფოტოემულსია ცისფერის მიმართაა მგრძნობიარე და წითლის მიმართ არა, ცისფერი ვარსკვლავები უფრო ელვარედ გამოიყურება ვიდრე სხვები. თუმცა, ფოტოფირფიტის დახმარებით, ორთოქრომატული ემულსიითა და ყვითელი შუქფილტრით, ე.წ. ფოტოვიზუალურ ვარსკვლავურ სიდიდეს იღებენ (mPv), რომელიც პრაქტიკულად ვიზუალურს უტოლდება. წყაროს სიკაშკაშეების შედარებით, რომლებიც სხვადასხვა დიაპაზონებშია გაზომილი, შესაძლებელია მათი ფერის, ზედაპირის ტემპერატურის (თუ ვარსკვლავია) ან ალბეოდს(არეკვლის მაჩვენებელი,თუ პლანეტაა) გაგება, ვარსკვლავთშორისი შთანთქმის ხარისხი და სხვა მნიშვნელოვანი სიდიდეები. ამიტომ შემუშავებულია სტანდარტული ფოტომეტრული სისტემები დიაპაზონთათვის, მათ ძირითადათ შუქფილტრების შერჩევით ადგენენ. ყველაზე პოპულარულია სამფერიანი სისტემა UBV: ულტრაიისფერი (Ultraviolet), ცისფერი (Blue) და ყვითელი (Visual). ამ დროს ყვითელი ყველაზე ახლოსაა ფოტოვიზუალურთან (B mPv), ხოლო ცისფერი – ფოტოგრაფიულთან (B mP). განსაზღვრულ დიაპაზონებში (”ფილტრებში”) ვარსკვლავური სიდიდეების მნიშვნელობებს ასე წერენ: mP = 5; V = 11; U = 7.8, რიცხვისზედა ინდექსის m-ის გამოყენების გარეშე, რადგან ისეც ნათელია, თუ რა ერთეულებზეა საუბარი.

 სპექტრულად-მგრძნობიარე მიმღებების გარდა არსებობს ბალომეტრებიც – გამოსხივების ინტეგრალური მიმღებები. გამოსხივების ნაკადი, შეკრებილი სპექტრის ყველა დიაპაზონებში, ბალომეტრულ ვარსკვლავურ სიდიდეს იძლევა (mb ან mbol), რომლითაც წყაროს ნათობის დადგენაა შესაძლებელი (თუ წყარომდე მანძილი და ვარსკვლვთშორისი შთანთქმის ხარისხი ცნობილია).

2 comments

  1. შეგიძლიათ მითხრათ საქართველოში ასტროფიზიკის სახელმძღვანელოები თუ არის ან სად იშოვება

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.