ინტერფერომეტრი ALMA (ატაკამას დიდი მილიმეტრული მასივი), მეცნიერებს ვარსკვლავ ფომალჰაუტთან მოძრავი ეგზოპლანეტის მასის დადგენაში დაეხმარა. ეს ერთადერთი პლანეტაა მზის სისტემის გარეთ, რომლის უშუალო ფოტოგრაფირება მოხერდხა (ESO-ს პრესრელიზი).
2008 წლის ნოემბერს, ჟურნალ Science-ში ასტრონომთა ერთბაშად ორი სტატია გამოქვეყნდა, რომლებშიც ეწერა, რომ ასტრონომებმა პირველად შეძლეს ეგზოპლანეტის უშუალო, პირდაპირი ფოტოგრაფირება. ერთი პლანეტა ვარსკვლავ ფომალჰაუტთან იქნა შემჩნეული, მეორე კი HR 8799-თან. მოგვიანებით, HR 8799-თან ოთხი ციური სხეული იქნა აღმოჩენილი, ოთხივეს მასები ასტრონომთა საერთაშიროსო კავშირის განსაზღვრების მიხედვით ზღვრულ მონაცემს შეესაბამებოდა: 7-10 იუპიტერის მასა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მათი მასების დაზუსტების მერე ისინი არა პლანეტებს, არამედ ყავისფერ ჯუჯებს შეიძლება მიაკუთვნონ – შუალედურ ობიექტებს ვარსკვლავებსა და პლანეტებს შორის.
2009 წლის დეკემბერს, The Astrophysical Journal-ში დაიწერა სტატია, რომლის ავტორთა განცხადებით, მათ შეძლეს ერთბაშად ორი პლანეტის ფოტოგრაფირება სისტემა GJ 758-ში, თუმცა ერთი მათგანი უბრალოდ უკანა პლანზე მდებარე ვარსკვლავი აღმოჩნდა, მეორე კი ყავისფერი ჯუჯა. ასე რომ ფომალჰაუტთან მდებარე პლანეტა დღევანდელ დღემდე ერთადერთია, რომელიც პირდაპირ იქნა ფოტოგრაფირებული (ფომალჰაუტ b-ს ახლა დაგონი ჰქვია). 2011 წელს, პლანეტის აღმომჩენებმა მასზე დაკვირვება „ჰაბლით“ გადაწყვიტეს და ის იქ ვეღარ დაინახეს, სადაც მათი გამოთვლების მიხედვით უნდა ყოფილიყო. და ბოლოს, 2012 წლის იანვარში მარკუს იანსონის ჯგუფმა პრინსტონის უნივერსიტეტიდან, პლანეტის გადაღება ინფრაწითელ დიაპაზონში მომუშავე ორბიტული „სპიცერითაც“ ვერ შეძლო.
ახალა, ALMA-ს საშუალებით, მეცნიერებმა ფომალჰაუტის გარშემო არსებული გაზ-მტვროვანი დისკოს შესახებ უფრო ზუსტი მონაცემები მიიღეს. ამ მონაცემების გამოყენებით კომპიუტერულ მოდელირებაში მათ დაადგინეს, რომ პლანეტის მასა გაცილებით მცირე უნდა იყოს, ვიდრე აქამდე ითვლებოდა (წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ძლიერი გრავიტაციული ზემოქმედება დისკოს სტრუქტურაში მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევდა, რაც არ დაფიქსირდა). კერძოდ, მათ განსაზღვრეს, რომ ეს პლანეტა მარსზე დიდია, თუმცა მისი მასა რამდენიმე დედამიწის მასას არ აჭარბებს. ახალი შედეგებით აიხსნება თუ რატომ ვერ მოხერხდა პლანეტის დანახვა „სპიცერით“.
ALMA, ინტერფერომეტრს წარმოადგენს (ერთი ობიექტისკენ მაყურებელი რამდენიმე ტელესკოპი), დასრულებული სახით იგი 66 შვიდი და 12 მეტრიანი რადიოტელესკოპებისგან იქნება შემდგარი. ALMA (ევროპის სამხრეთული ობსერვატორია) პლატო ჩახნანტორზე, ჩილეს ანდებში ზღვის დონიდან 5 კილომეტრის სიმაღლეზეა განთავსებული. ფომალჰაუტზე ჩატარებული დაკვირვებები მისი პირველი შედეგიანი ნამუშევარია.