ბოლიდი

 ბოლიდი (ბერძ. – შუბი) – არის ძალიან ელვარე მეტეორი, ასი გრამიდან, რამდენიმე ათეულ ტონამდე  მასით და აქვს შესამჩნევი კუთხური ზომა.

სიხოტე-ალინის მეტეორის ვარდნა (მხატვარი პ.ი. მედვედევი). ეს მოვლენა 1947 წლის 12 თებერვალს მოხდა. ბოლოდის საწყისი მასა, სავარაუდოდ, 60-100 ტონა იყო.

 განსაკუთრებულად კაშკაშა ბოლიდებს, სუპერბოლიდებსაც უწოდებენ. მათგან, ხშირ შემთხვევაში, კაშკაშა კვალიც რჩება (კუდი), რომელიც მტვრისა და იონიზებული გაზებისგან შედგება. ფრენას თან შეიძლება ახლდეს ხმა, მოხდეს რადიოკავშირის დარღვევა. კაშკაშა ბოლიდების დანახვა დღეც არის შესაძლებელი. ერთ-ერთი დიდი ბოლიდი, ბენეშოვის სახელითაა ცნობილი. მისი ნათობა -21m ვარსკვლავურ სიდიდეს აღწევდა (შედარებისთვის: მთვარის ელვარება დაახლოებით -13m-ია, მზისა კი -26m). სიხოტე-ალინის (რუსეთი) ბოლიდი მზეზე მეტად ელვარებდა, დღის მიუხედავად დედამიწის ზედაპირზე ჩანდა ნათების შედეგად გაჩენილი ჩრდილები, ჰქონდა თვალისმომჭრელი სიკაშკაშე.

 ცალკე აღსანშნავია ე.წ ელექტროფონური ეფექტი, რომლის ბუნება ახლაც ბოლომდე დაუდგენელია. ეს არის ბოლიდის ვარდნის თანმხლები მოვლენა, შიშინისა და ტკაცუნის ხმებით.

 მოვლენის პარადოქსულობა ისაა, რომ ეს ვერ იქნება მეტეორსა და ატმოსფეროს შორის ხახუნით გაჩენილი ხმა, რომელიც ბოლიდად ქცეული მეტეორის წვასთან ერთად ისმის, რადგან სინათლისა და ხმის გავრცელების სიჩქარეებს შორის სხვაობა ძალიან დიდია. ხმა მაშინ უნდა მოვიდეს, როცა ის ადამიანსა და ატმოსფეროში მეტეორის წვის ადგილამდე მანძილს გაივლის, რაც რამდენიმე კილომეტრს უტოლდება ხოლმე. მაგალითად, ყველასთვის კარგად ცნობილი, ჩელიაბინსკის ბოლიდის აფეთქების ხმები დედამიწის ზედაპირამდე რამდენიმე წუთის მერე მოვიდა დარტყმითი ტალღის სახით.

 სავარაუდოდ, ხმას აჩენს ბოლიდის თანმხლები ელექტრომაგნიტური ველი (სინათლეც ელექტრომაგნიტური გამოსხივებაა), რომელიც დამკვირვებელთან ახლოს მდებარე სხეულებს შორის, ან ჰაერში, მცირე ელექტრულ განმუხტვებს იწვევს.

 იგივე მოხდა ჩელიაბინსკის მეტეორის ვარდნის დროსაც, 2013 წლის 15 თებერვალს. 27-მდე დამოუკიდებელმა თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ ბოლიდის ფრენის დროს შიშინის ხმა გაიგონეს, ათეულობით სხვაც იუწყებოდა ხმების შესახებ, დეტალური აღწერის გარეშე.

 ყველაზე ცნობილი სუპერბოლიდებია — ტუნგუსკის მოვლენა (1908 წელი, რუსეთი. ∼ 5 -10 მეგატონა !!!),

 დილის შვიდ საათზე, ენისეის აუზის ტერიტორიაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთი მიმართულებით, ცეცხლოვანმა სფერომ ჩაიქროლა, რაც 7-10 კმ. სიმაღლეზე, ტაიგის დუასახლებული რაიონების თავზე აფეთქებით დასრულდა. აფეთქების შედეგად 2000 კმ²-ზე ტყე წაიქცა. აფეთქების ეპიცენტრიდან ასეულ კილომეტრებით დაშორებულ დასახლებებში ფანჯრის შუშები დაიმტვრა. რამოდენიმე დღის განმავლობაში ატლანტიკიდან ცენტრალურ ციმბირამდე, დაფიქსირებულ იქნა ცის ნათება და მოვერცხლისფრო ღრუბლები.

 სულავესი (2009 წელი, ინდონეზია. ∼ 10 – 50 კილოტონა) და ჩელეაბინსკის მეტეორი (2013 წელი, რუსეთი. ∼ 500 კილოტონა) (სხვა სოდომი და გომორა…).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.