სხვა სოდომი და გომორა…

 არქეოლოგებმა, სხვადასხვა სპეციალობის მეცნიერთა დიდი ჯგუფის მონაწილეობით, მდინარე იორდანეს აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარე ბრინჯაოს ხანის დასახლება ტელ-ელ-ჰამამის ადგილზე ჩატარებული გათხრების დროს აღმოჩენილი არტეფაქტები შეისწავლეს (2005 წლიდან დაწყებული). მათ საკმაო დამაჯერობლობის მტკიცებულებები მოაგროვეს იმისა, რომ აქ ტუნგუსკის კატასტროფის მსგავსი მოვლენა მოხდა: ყინულის ასტეროიდის ან დიდი მეტეორის აფეთქება უზარმაზარი რაოდენობის ენერგიის გამოყოფით, რამაც ეს ძველი ქალაქი მიწასთან გაასწორა. მეცნიერთა აზრით, სწორედ ამ მოვლენის საფუძველზე გაჩნდა ბიბლიური ლეგენდა სოდომისა და გომორას დაღუპვის შესახებ.

 ამ ფენაში აღმოჩენილი კერამიკული ჭურჭლის ათასობით ნამტვრევი, შემომდნარი ალიზის (გამოუწვავი აგური), საყოფაცხოვრებო ნივთების, შემომწვარი ხის ბოძების, ცარცის კონსისტენციამდე დამწვარი კირქვის ლოდების, ადამიანებისა და ცხოველების დამსხვრეულ ძვლებთან არის შერეული. ეს ყველაფერი კი მომხდარ გრანდიოზულ კატასტროფაზე მეტყველებს. რადიონახშირბადული დათარიღებით დადგინდა, რომ ეს, ჩვენს წელთ აღრიცხვამდე დაახლოებით 1650 (±50) წელს მოხდა. მაშინ, 34 ჰექტარი ტერიტორიის მქონე შუა ბრინჯაოს ხანის ტელ-ელ-ჰამამში, გაცილებით მეტი ადამიანი ცხოვრობდა, ვიდრე იერუსალიმში, იერიქონზე კი ხუთჯერ დიდი იყო.

 nature.com-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში, ავტორები მრავალდისციპლინარული კვლევების შედეგების შეჯამებას ახდენენ, რომლებიც უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში დაგროვდა — მასშტაბური კატასტროფის გამომწვევი იყო ქალაქის თავზე აფეთქებული ყინულის ასტეროიდი, მსგავსი, ან უფრო დიდი იმაზე, რომელიც რუსეთში, მდინარე პოდკამენნაია ტუნგუსკას თავზე 1908 წელს აფეთქდა.

 სამუშაო ჯგუფს, რომელშიც შედიოდნენ არქეოლოგები, გეოლოგები, გეოქიმიკოსები, გეომორფოლოგები, მინერალოგები, პალეობოტანიკოსები, სედიმენტოლოგები, ზემოქმედების ექსპერტები და ექიმები – სულ 21 სპეციალისტი აშშ -დან, კანადიდან და ჩეხეთიდან – ხელმძღვანელობდა არქეოლოგი ფილიპ სილვია (ტრინიტის სამხრეთ-დასავლეთის უნივერსიტეტი ალბუკერკში, ნიუმექსიკო).

 იმპაქტური მოვლენის მტკიცებულებები, პირობითად, ოთხ ჯგუფში შეიძლება გაერთიანდეს: მაღალტემპერატურული წვა; ცეცხლგამძლე მინერალების დნობა; მაღალი წნევით დარტყმითი მეტამორფოზა; ადამიანის დამსხვრეული ძვლები გამდნარი მინის ჩანართებით მათში.

 მაღალ ტემპერატურაზე წვის პირველი მტკიცებულება იყო კერამიკის ფრაგმენტები, რომლებიც ნახშირითა და ნაცრით მდიდარი ფენიდან ამოიღეს. მაშინვე გასაგები იყო, რომ ეს არა ჩვეულებრივი ხანძრის, რომელიც კერამიკას გარედან შემოწვავს ხოლმე, არამედ უძლიერესი სიუთბური ზემოქმედების კვალია.

 ნგრევის ფენაში, დანარჩენ ფრაგმენტებთან ერთად, გამდნარი ალიზიც გვხვდება. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით, სასახლის კომპლექსის ახლოს, რომლის კედლების სისქე 1 – 2,2 მეტრი იყო, სიმაღლე კი 11 – 15 მეტრი.

 კვლევის ავტორებმა, გამდნარი ალიზის დეტალურად შესწავლისას, მინისმაგვარი მიკრობოჭკოები აღმოაჩინეს მათში, ბუშტუკოვანი სტრუქტურებით საერთო გამდნარ მატრიცაში, გაუმდნარი მინერალებისა და მეტალების შემცველობით (1). სითბური ზემოქმედების არეალის გარეთ მდებარე ალიზზე ასეთი წარმონაქმნები საერთოდ არ არის.

(1) გამდნარი ალიზი სასახლიდან და მისი შიდა აღნაგობის გამოსახულება, რომელიც მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპით მიიღეს.

 კერამიკის ფრაგმენტები ზოგან ისეა განლაგბეული, რომ არქეოლოგემა მათი არა მარტო ერთი ნაკეთობისთვის კუთვნილება დაადგინეს, არამედ დამსხვრევის პროცესის რეკონსტუირებაც შეძლეს, რითაც დარტყმითი ტალღის მოძრაობის მიმართულებაც გაირკვა (2).

(2) კერამიკის მტვრევის პროცესის რეკონსტრუქცია. იგივე ჭურჭლის ფრაგმენტები ერთი ფერით არის შემოხაზული, ისრებით კი დარტყმითი ზემოქმედების მიმართულებაა ნაჩვენები.

 ცნობილია, რომ ნანოალმასი დარტყმითი შეკუმშვის პირობებში ჩნდება. ნგრევის ფენიდან ამოღებული ფრაგმენტები კი დიამონოიდებს შეიცავს (3 ppm – მემილიონედი ნაწილი). დიამონოიდების ცალკეული აგრეგატები, კერამიკაზე დარტყმითი ზემოქმედებით გაჩენილ მიკროკრატერებში ნაწილაკების სახითაც არის წარმოდგენილი (3).

 (3) ალმასისებური ნახშირბადის აგრეგატი მიკროკრატერში, გამდნარი კერამიკის ფრაგმენტის ზედაპირზე; b–f — C, O, Si, Ca, Al; კარგად ჩანს, რომ მატრიცაში Ca–Al–Si ჩანერგილი აგრეგატი, სუფთა ნახშირბადისგან შედგება და სხვა ელემენტებს პარქტიკულად არ შეიცავს.

 ზოგადად, ბუნებრივ კვარცში, გარკვეული ორიენტაციის კრისტალოგრაფიული ბზარები არ არის, მხოლოდ ქაოტური არაპარალელური ბზარები, ამიტომ მიმართული პარალელური ბზარების აღმოჩენა ყოველთვის მოგვიანებით მომხდარ დარტყმით ზემოქმედებაზე მიუთითებს. ნგრევის ფენიდან ამოღებული კვარცის მარცვლების ნაწილი კი პარალელურ მიკრო ბზარებს შეიცავს.

 (4) დაუზიანებელი და დარტყმითი ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილი კვარცის მიკროფოტოები. ეს უკანასკნელი პარალელური ბზარებით გამოირჩევა. ეს ბზარები დარტყმისას პირველადი კვარცის კრისტალის ნაწილობრივი ნადნობით არის შევსებული.

 პლასტიკური დეფორმაციების წარმოსქმნელად, რაც ტელ-ალ-ჰამამის ნგრევის ფენიდან ამოღებულ კვარცის კრისტალებში იშვიათად გვხვდება, 8 – 10 გიგაპასკალი წნევაა საჭირო. აქედან გამომდინარე, მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ დედამიწის ზედაპირთან პირდაპირი შეჯახება არ მომხდარა, ხოლო მაღალი ტემპერატურა და ტალღა, რომელმაც ქალაქი გაანადგურა, ზედაპირიდან რამდენიმე კილომეტრის სიმაღლეზე მომხდარმა აფეთქებამ წარმოქმნა, როგორც ტუნგუსკის შემთხვევაში.

 ბოლოს, ჰაერში მომხდარი აფეთქების ვერსიის კიდევ ერთი მტკიცებულებაა ადამიანების ნარჩენები დამახასიათებელი დაზიანებებით ნგრევის ფენაში. სავარაუდოდ, იმ მომენტისთვის ქალაქში მცხოვრები 8000-მდე ადამიანიდან ვერავინ გადარჩა. ტელ-ელ-ჰამამში ერთი მთლიანი ჩონჩხიც კი ვერ აღმოაჩინეს. მხოლოდ ხელისა და ფეხის ცალკეული ნაწილები შემომწვარი ზედაპირით, ასევე, ჩამსხვრეული თავის ქალები. ძვლის დანარჩენი ყველა ფრაგმენტი სრულიად ფრაგმენტირებულია, გაბნეული ფხვიერ მატრიცააში, რომელიც ნაცრის, ხის ნახშირისა და დაფშვნილი ალიზისგან შედგება.

მეცნიერების მიერ ნანახი ერთი ძვალი, მინის წვეთებად გადაქცეული დანალექი ქანების ნადნობით არის დაფარული. მინამ ძვალშიც შეაღწია და ზედ მიადნა (5), რაც 1500 °C-ზე შეიძლება მოხდეს.

 სტატიის ავტორები ასე აღწერენ ტელ-ელ-ჰამამში მოხდარ კატასტროფას. ზედაპირიდან 4 კილომეტრის სიმაღლეზე მომხდარმა აფეთქებამ ცეცხლოვანი ბურთი წარმოქმნა. ტემპერატურა იმდენად მაღალი იყო, რომ ქალაქი მაშინვე აალდა, რამდენიმე წამის მერე ძლიერი დარტყმითი ტალღაც მოვიდა, ყველა შენობა დაანგრია, ხოლო ადამიანები და ცხოველები ნაკუწებად აქცია. აფეთქების სიმძლავრე, სავარაუდოდ, ჰიროსიმაში ჩამოგდებული ატმოური ბომბის სიმძლავრეს ათასჯერ აჭარბებდა.

 ისევ რუსეთი, 2013 წლის 15 თებერვალი. ნახეთ რა შეუძლია მოკრძალებული ზომის მეტეოროიდის აფეთქებით გამოწვეულ დარტყმით ტალღას…

 დაახლოებით 1 წუთის მერე, დარტყმითმა ტალღამ იერიქონსაც მიაღწია, რომელიც ტელ-ელ-ჰამამიდან დასავლეთით, 22 კილომეტრში მდებარეობს. მეცნიერები იმასაც ამბობენ, რომ უძლიერესმა აფეთქებამ მკვდარი ზვღვიდან უზარმაზარი რაოდენობით მარილი გაისროლა, ერთ დროს ნაყოფიერ მიწებზე და უვარგისად აქცია ისინი. არქეოლოგიური მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ კატასტროფით დანგრეული ქალაქის ნაწილობრივი აღდგენა მხოლოდ 600 წლის მერე მოხდა, უკვე, რკინის ხანაში.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.