გალაქტიკათა გროვა ეიბელ 370 (Abell 370 ), ხილული სამყაროს კიდესთან მდებარე ასეულობით გალაქტიკისგან შემდგარი კოლოსალური სტრუქტურაა. მისი პირველი ფოტოები წინა საუკუნის სამოცდაათიან წლებში გამოჩნდა. ფოტობზე ასტრონომებმა რკალის ფორმის კაშკაშა წარმონაქმნი შეამჩნიეს. მაშინ, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ეს არა რელურად არსებული ასტრონომიული ობიექტია, არამედ გრავიტაციული ლინზირების ეფექტი: გროვის უზარმაზარი მასა, ელექტრომაგნიტური გამოსხივების გავრცელების მიმართულებას ცვლის. გრავიტაციულ ლინზაში მოხვედრილი სინათლე, რომელიც მის უკან მდებარე შორეული გალაქტიკებიდან გამოსხივდა, იგივენაირად იცვლის მიმართულებას, როგორც ჩვეულებრივ ლინზაში გასული სინათლე.
„ჰაბლით“ გადაღებული ახალი ფოტო, მასზე გამოსახული ერთი და იგივე სპირალური გალაქტიკის ორი დეფორმირებული გამოსახულების დეტალურად დათვალიერების საშუალებას იძლევა. ირმის ნახტომი, ეიბელ 370 და ეს გალაქტიკა ერთ ხაზზეა განლაგებული. გროვის გრავიტაციული ლინზა ბუნებრივი ტელესკოპის როლში გამოდის, რომელიც გაცილებით შორს გახედვის საშუალებას იძლევა, ვიდრე ყველაზე უფრო ძლიერი ხელოვნური ტელესკოპები.
ეიბელ 370-ის კოლოსალური გრავიტაცია, სამყაროს ადრეულ წარსულში ჩასახედ ფანჯარას ქმნის. ლინზაში გამოსახული სპირალური გალაქტიკა ისეთი წარმოგვიდგება, როგორიც ის დიდი აფეთქებიდან რამდენიმე მილიონი წლის მერე გამოიყურებოდა.
დიდი გალაქტიკური გროვების (კლასტერების) შესწავლა სამყაროში ჩვეულებრივი და ბნელი მატერიის განაწილების დადგენაში გვეხმარება. მაგალითად, ეიბელ 370-ის მიერ წამოქმნილი გრავიტაციული ლინზა იმაზე მეტყველებს, რომ კლასტერში ბნელი მატერიის ორი ცალკეული ღრუბელია თავმოყრილი. რაც თავის მხრივ იმაზე მიუთითებს, რომ ეს უზარმაზარი წარმონაქმნი ორი შედარებით მცირე გალაქტიკური გროვის შერწყმით ჩამოყალიბდა(გრავიტაციული ლინზა: ერთი ზეახლის ოთხი გამოსახულება; როგორ მუშაობს ტელესკოპი ).