კოსმოსური ზონდი WISE, იუპიტერის ტროელ ასტეროიდებს იკვლევს, რომლებიც გიგანტურ პლანეტას დაჰყვებიან ორბიტაზე: ერთი მჭიდრო ჯგუფი ოდნავ წინ, მეორე – უკან (NASA).
ტროელი ასტეროიდები პლანეტის ლაგრანჟისეულ წერტილებში შეიძლება იმალებოდნენ – იქ, სადაც პლანეტის მიზიდულობა მზის მიზიდულობას აწონასწორებს, ასე რომ ნებისმიერი მცირე ზომის სხეული ამ წერტილში განუსზღვრელად დიდ ხანს შეიძლება დარჩეს. ტროელები აღმოაჩინეს დედამიწასთან, მარსთან და ახლა უკვე იუპიტერთანაც. ტრადიციის მიხედვით, ასტეროიდთა ჯგუფს, რომლებიც წერტილ L4-ში არიან სახელი ბერძნული ბანაკის ტროელი გმირების საპატივცემულოდ ეწოდათ (აქილევსი, ნესტორი, აგამემნონი, ოდისევსი, აიაქსი…), ხოლო წერტილ L5-ში, ტროას მცველების საპატივცემულოდ, თუმცა ეს ტრადიცია მაშინვე არ გაჩენილა, ასე რომ ჰექტორი და პატროკლე ისევ ”მტრის ბანაკში” რჩებიან. ”ბერძნები” ორბიტაზე იუპიტერის წინ მოძრაობენ, ”ტროელები” – უკან.
ამჯერად ერთნიც და მეორენიც WISE–მ პირველად დაინახა კარგად: ბერძნებიც და ტროელებიც ბნელები აღმოჩნდნენ, მოწითალო ქვის სხეულები, ცუდად ამრეკლი ზედაპირებით. თან, დამტკიცდა მონაცემებიც იმის შესახებ, რომ ბერძნების რაოდენობა უფრო მეტია. ამით მათი მთავარი გამოცანა შეიძლება ამოიხსნას: საიდან გაჩნდნენ იუპიტერის ტროელები, რისგან შედგება ისინი? ყოველ შემთხვევაში, გაირკვა, რომ ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, თუმცა განსხვავდებიან მთავარი ასტეროიდული და კოიპერის სარტყელების ტიპიური წარმომადგენლებისგან.
დღეს, იუპიტერს სტაბილური მუდმივი ორბიტა აქვს, მაგრამ წარსულში, სანამ ორბიტა ასეთი გახდებოდა, მან ტროელები ”გამოიჭირა”, ოღონდ სად და როგორ, ჯერჯერობით გაუგებარია. ეს ასტეროიდები ახალგაზრდა მზის სისტემაში იუპიტერის მიერ ”შეგროვებულ” საკვლევ ნიმუშებად შეიძლება ჩაითვალოს (იუპიტერის მიგრაცია).
WISE-ს საშუალებით, იუპიტერის 1750 ტროელის ზუსტი დიამეტრებისა და ალბედოს (არეკვლის უნარი) დადგენა მოხერხდა – გაცილებით მეტის, ვიდრე წინა დაკვირვებების დროს. L4-ის ”ბერძნულ ბანაკში” მათი რაოდენობა 40%-ით მეტია, ვიდრე L5-ის ”ტროას დამცველთა” ბანაკში.