„ჰაბლმა“ ნისლეული კვერცხი გადაიღო

 ნისლეული კვერცხი, ცნობილი ასავე სახელებით RAFGL 2688 და CRL 2688, გედის თანავარსკვლავედში, დედამიწიდან 3000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ის ე.წ. პროტოპლანეტარულ ნისლეულებს ეკუთვნის, რომლებიც მზისმაგვარი ვარსკვლავების ევოლუციის ბოლოს, მნათობების მიერ გარე შრეების მოშორების მერე ჩნდებიან.

 კვერცხი ასტრონომთა შორის დიდ ინტერესს იწვევს, რადგან პროტოპლანეტარული ნისლეული ჩვეულებრივ ნისლეულში გადასვლის სტადიაა და რამდენიმე ათასი წელი გრძელდება, რაც საკმოდ ცოტაა თუ ასტრონომული მასშტაბებით ვიმსჯელებთ. ამ დროს ვარსკვლავი გარსშემორტყმულ გაზს აცხელებს, რომელიც დანარჩენთან ერთად ვარსკვლავის სინათლის ნაწილსაც ირეკლავს.


 ამ მომენტისთვის მეცნიერებმა ნისლეულის ზოგიერთ თავისებურებას ახსნა ვერ მოუძებნეს, კერძოდ გაუგებარია, რა ქმნის „ხვრელებს“ გაზურმტვროვან ღრუბელში, რომლებიდანაც ვარსკვლავის შუქი გარეთ აღწევს. მკვლევართა ვარაუდით, ღიობები მატერიის ჭავლებით ჩნდება, რომლებსაც, თავის მხრივ, ორ კომპონენტს შორის გრავიტაციული ზემოქმედება წარმოქმნის, ანუ აქ კიდევ ერთი ვარსკვლავი შეიძლება იყოს.

 „ჰაბლიორბიტაზე 1990 წლის აპრილში გაიყვანეს, ხოლო 2011 წლის მაისში მან თავისი მემილიონე დაკვირვება ჩაატარა. ნისლეული კვერცხის ახალი ფოტოების მისაღებად ასტრონომებმა ტელესკოპზე დაყენებული კამერა WFC 3(ფართო კუთხიანი კამერა 3) გამოიყენეს. გამოსახულება ფოტოების ინფრაწითელ და ხილულ დიაპაზონში დამუშავების მერე იქნა მიღებული.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.