თანამედროვე ასტროფიზიკის 10 მცნება

 ყოფილ საბჭოთა კავშირში ასტრონომიის სწავლება სათანადო დონეზე არ იყო. ოფიციალურად, საგანი პროგრამაში იჯდა, მაგრამ ასტრონომია არც თუ ისე ბევრ სკოლაში ისწავლებოდა. ხშირად, თუ გაკვეთილი საერთოდ ტარდებოდა, მასწავლებელი მას პროფილური საგნის დამატებად იყენებდა ხოლმე(ძირითადად, ფიზიკა).

 იშვიათ შემთხვევაში იყო სწავლება ისეთი ხარისხიანი, რომ მოსწავლეს სამყაროს სურათზე გარკვეული წარმოდგენა ჩამოყალიბებოდა. გარდა ამისა, ასტროფიზიკა უკანასკნელი წლების ყველაზე აქტიურად განვითარებადი მეცნიერებაა და შესაბამისად, ცოდნა, რომელიც ხალხმა 30-40 წლის წინ მიიღო, უკვე ძალიან მოძველდა. აღსანიშნავია, რომ ახლა, ასტრონომიას სკოლებში საერთოდ აღარ ასწავლიან და ადამიანებს საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ იმაზე, თუ როგორ არის მოწყობილი სამყარო უფრო დიდ მასშტაბებში, მზის სისტემის საზღვრებს გარეთ.

 ასეთ სიტუაციაში, ვფიქრობ, კარგი იქნებოდა ასტრონომიის ძალიან მოკლე კურსის გაკეთება. ანუ გამოვყოფ იმ უმნიშვნელოვანესს, რაც თანამედროვე ასტრონომიის საფუძველს წარმოადგენს. ბუნებრივია, სხვამ შეიძლება მოვლენებისა და წარმოდგენების სხვა ნაკრები განიხილოს, თუმცა ეს უკეთესიც იქნება, იარსებებს რამდენიმე კარგი ვერსია და ვისაც ეს მეცნიერება აინტერესებს კიედევ უფრო გაუღრმავებს ცოდნას.

 გადავწყვიტე ასტროფიზიკის იმ უმნიშვნელოვანესი ფაქტებისა და წარმოდგენების ნაკრების გაკეთება, რომელიც დაეტევა სტანდარტულ А4 ზომის ფურცელზე 🙂 (დაახლოებით 3000 ნიშანი). თან,  რაღა თქმა უნდა, მკითხველმა ის მაინც უნდა იცოდეს, რომ დედამიწა მრგვალია და მზის გარშემო ბრუნავს, იცის  რატომ ხდება მზის დაბნელებები და სეზონების ცვლილება. ანუ, საბავშვო დონის ამბები სიაში არ შედის(ბავშვური შეკითხვები).

 პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ყველაფერი, რაც სიაში მოხვდა, შეიძლება მოთხრობილ იქნას ერთი ლექციის ან გაკვეთილის(კითხვების ჩათვლით) განმავლობაში. უეჭველია, ნახევარ საათში სამყაროს მდგრად სურათს ადამიანს ვერ დაუხატავ, თუმცა პირველი ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია, აქ კი უნდა დაგვეხმაროს ეტიუდი, ძირითადი მომენტების ნაკრებით, რომელიც სამყაროს აგებულების შესახებ მოგვითხრობს.

  1.  მზე, ვარსკვლავური სისტემის, ანუ გალაქტიკის, რიგითი ვარსკვლავია(ჩვენი გალაქტიკის 200-400 მილიარდი ვარსკვლავიდან ერთ-ერთი). ვარსკვლათშორის გაზებთან, მტვერთან და ბნელ ნივთიერებებთან ერთად, ამ ისისტემის განაპირა ნაწილში მდებარეობს. ვარსკვლავებს შორის მანძილები, ჩვეულებრივ, რამდენიმე სინათლის წელს შეადგენს.
  2.  მზის სისტემა, პლუტონს იქეთაც ვრცელდება და მთავრდება იქ, სადაც მზის გრავიტაციული ზემოქმედება სხვა ვარსკვლავების ზემოქმედებას უტოლდება.
  3.  ვარსკვლავების წარმოქმნა, ვარსკვლავთშორისი გაზისა და მტვრისგან, დღევანდელ დღესაც ხდება. სოცოცხლის მანძილზე და მის ბოლოს ისინი ნივთიერების ნაწილს იშორებენ, რომელიც სინთეზირებული ელემენტებითაა გამდიდრებული. ასე რომ, სამყაროს ქიმიური შემადგენელი ახლაც ცვლილებას განიცდის.
  4.  მზე ევოლუციონირებს. მისი ასაკი დაახლობით 5 მილიარდი წელია. დაახლოებით ამდენივე ხნის განმავლობაში მის ბირთვში გამოილევა წყალბადი. ის წითელ გიგანტად გადაიქცევა, ბოლოს კი თეთრ ჯუჯად. მასიური(მზეზე 2-3ჯერ და მეტად მასიური) ვარსკვლავები სიცოცხლის ბოლოს ფეთქდება, მათ ადგილზე კი ნეიტრონული ვარსკვლავი ან შავი ხვრელი რჩება.
  5.  ჩვენი გალაქტიკა – მსგავსი ვარსკვლავური სისტემებიდან ერთ-ერთია. სამყაროს ხილულ ნაწილში 100 მილიარდამდე დიდი გალაქტიკაა. მათ გარშემო კი თანამგზავრი, ბევრი ჯუჯა გალაქტიკა. ჩვენი გალაქტიკის ზომა 100 000 სინათლის წელია, უახლოეს დიდ გალაქტიკამდე მანძილი 2,5 მილიონი სინათლის წელი(ანდრომედა ან M31 მესეს კატალოგით).
  6.  პლანეტები არა მარტო მზის, არამედ სხვა ვარსკვლავების გარშემოც არის, მათ ეგზოპლანეტებს უწოდებენ. პლანეტური სისტემები ერთმანეთს არ ჰგავს. დღეისათვის 1000-ზე მეტი ეგზოპლანეტაა ცნობილი. როგორც ჩანს, ბევრ ვარსკვლავს აქვს პლანეტური სისტემა, თუმცა მათგან ძალიან მცირეა სიცოცხლისთვის ვარგისი.
  7.  სამყარო, როგორიც ჩვენ ვიცით, ასაკით დაახლოებით 13,8 მილიარდი წლისაა. თავიდან, მატერია ძალიან მკვრივ და ცხელ მდგომარეობაში იყო. ჩვეულებრივი ნივთიერების შემადგენელი ნაწილაკები(პროტონები, ნეიტრონები, ელექტრონები) არ არსებობდა. სამყარო ფართოვდება და ევოლუციონირებს. გაფართოებასთან ერთად, მატერია ცივდებოდა და სიმკვრივეც კლებულობდა, გაჩნდა ჩვეულებრივი ნაწილაკები, შემდეგ კი ვარსკვლავები და გალაქტიკები(დიდი აფეთქება).
  8.  სინათლის სიჩქარის ზღვრულობისა და დამზერადი სამყაროს ასაკის ზღვრულობის გამო, ჩვენ მისი სივრცის მხოლოდ ზღვრული ნაწილის დანახვა შეგვიძლია, თუმცა ფიზიკური სამყარო ამ საზღვარზე არ მთავრდება. დიდ მანძილებზე, სინათლის სხივის სიჩქარის ზღვრულობის გამო, ობიექტებს ისეთებს ვხედავთ, როგორებიც შორეულ წარსულში იყო.
  9.  ქიმიურ ელემენტთა უმრავლესობა, რომლებთანაც შეხება გვაქვს(რომელთაგანაც შევდგებით), ვარსკვლვაებში მოქმედი თერმობირთვული რეაქციების, ან მასიური ვარსკვლავების ზეახლად აფეთქებების შედეგად გაჩნდა (უფრო მძიმე ელმენტები). ვარსკვლავებამდე, ჩვეულებრივი ნივთიერება, ძირითადათ, წყალბადის(ყველაზე გავრცელებული ნივთიერება სამყაროში) და ჰელიუმის სახით არსებობდა.
  10.  სამყაროს საერთო სიმკვრივეში ჩვეულებრივი მატერიის წილი, მხოლოდ რამდენიმე პროცენტია(5%). სამყაროს სიმკვრივის მეოთხედი ბნელ მატერიასთანაა დაკავშირებული(25%), რომელიც სუსტად ურთიერთქმედი ნაწილაკებისგან უნდა შედგებოდეს. ჩვენ, ჯერჯერობით, ბნელი მატერიის მხოლოდ გრავიტაციული ურთიერთქმედების ”დანახვა” შეგვიძლია. დანარჩენი 70% კიდევ უფრო იდუმალ სუბსტანციაზე – ბნელ ენერგიაზე მოდის. ეს ენერგია სამყაროს გაფართოებას იწვევს. ბნელი ენერგიის ბუნება დაუდგენელია.

 (განმარტებები ტექსტში მოცემული ტერმინების უმრავლესობაზე შეგიძლიათ ნახოთ astronet.ge-ს შესაბამის კატეგორიებში).

One comment

  1. სრულიად გეთანხმებით,ჩვენს დროს,ასტრონომია ისწავლებოდა მეცხრე თუ მეათე კლასში,ერთი საათი კვირაში და ზერელედ.ალგებრა-გეომეტრიის მასწავლებელი გვიტარებდა იმასაც,მიტომაც დავრჩით უცოდინრები ამ სფეროშიუმრავლესობა.ფიზიკა იყო სერიოზული საგანი რათქმაუნდა…ძალიან საინტერესო სტატიებია,სულმოუთქმელად ვკითხულობ ხოლმე,გმადლობთ.❤

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.