ბნელ მატერიას ორი მიზეზის გამო უწოდებენ ბნელს. ბნელი მატერიის ნაწილაკების რაოდენობა ათჯერ აჭარბებს ჩვეულებრივი მატერიის ნაწილაკთა რაოდენობას. ბნელი მატერიის ნაწილაკების აღმოჩენა ყველაზე უფრო მგრძნობიარე ინსტრუმენტებითაც კი ვერ ხერხდება. მისი ნამდვილად არსებობის ირიბი მტკიცებულება, გალაქტიკებსა და გალაქტიკურ გროვებზე გრავიტაციული ზემოქმედებით ვლინდება. ბნელი მატერია არაერთგვაროვნად არის განაწილებული სამყაროში და ასტრონომმა ევან ქირბიმ, ”აწონა” რა ახლოს მდებარე ჯუჯა გალაქტიკა – სამკუთხედი II, ამ უჩვეულო სუბსტანციის ყველაზე უფრო მაღალი კონცენტრაციით თავმოყრის ადგილი აღმოაჩინა(ბნელი მატერია და დაკარგული მასა).
სამკუთხედი II, ირმის ნახტომის კიდეზე მდებარე, სულ რაღაც 10 000 ვარსკვლავისგან შემდგარი, სუსტად მანათობელი გალაქტიკაა. გალაქტიკის მასა, მისი 6 ყველაზე მასიური ვარსკვლავის მოძრაობის სიჩქარეებზე დაკვირვებით მოხერხდა.
”გალაქტიკის ჯამური მასა, მისი შემადგნელი ვარსკვლავების ჯამურ მასაზე ბევრად მეტია. ანუ, იქ არსებული ბნელი და ჩვეულებრივი მატერიების მასათა თანაფარდობა, სხვა აქამდე ცნობილ გალაქტიკებში არსებულზე მეტია” – ამბობს ქირბი.
თეორიის მიხედვით, სამყაროს ყველა კუთხიდან მომავალი გამა-გამოსხივების წყარო, სხვებთან ერთად, ბნელი მატერიაც უნდა იყოს, რომლის შემადგენელი ჰიპოთეტური ნაწილაკები(WIMP – სუსტად ურთიერთქმედი მასიური ნაწილაკები) ურთიერთ ანიჰილირდება(ანტიმატერია) და გარკვეული პარამეტრების მქონე გამა-სხივებს წარმოქმნის, თუმცა ის, პულსარებისა და კვაზარების მიერ გამოსხივებულ გამა-სხივებზე ბევრად სუსტია.
ფრანგი მეცნიერების ჯგუფმა, ამ გალაქტიკის ვარსკვლავების მოძრაობის სიჩქარეები გაზომა და აღმოაჩინა, რომ კიდეზე მდებარე ვარსკვლავები მოსალოდნელზე საგრძნობლად სწრაფად მოძრაობს. ეს ფენომენი არა მარტო ბნელი მატერიით შეიძლება აიხსნას, არამედ ირმის ნახტომის მხრიდან მოქმედი გრავიტაციითაც, რომელიც ჯუჯა მეზობელს ნელ-ნელა შლის(ეს უცნაური ჯუჯა გალაქტიკები და ჰობიტები).
”ჩემს მიერ ჩატარებული გამოთვლების მართებულობა სხვა მეცნიერებმაც უნდა დაადასტურონ. თუ დადგინდა, რომ სამკუთხედი II-ს კიდურა ვარსკვლავები, ცენტრთან მდებარე ვარსკვლავებზე სწრაფად მოძრაობენ, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ გალაქტიკა დინამიური წონასწორობის მდგომარეობაშია, რაზეც მნიშვნელოვან ზეგავლენას იქ არსებული ბნელი მატრია ახდენს. ასეთ შემთხვევაში, ეს ობიექტი საუკეთესოა ხსენებული WIMP-ების მიერ წარმოქნილ გამა-სხივებზე დასაკვირვებლად, რადგან ჩვეულებრივი მატერიის სიმცირის გამო, არასასურველი წყაროებიც მცირე იქნება ” – დასძენს ევან ქირბი(ბნელი მატერია).