კვაზარი

 სამყაროს შუქურები. კვაზარი – (ინგლ. quasar – quasi stellar radio source – კვაზი (შუალედური) ვარსკვლავური რადიოწყარო) – არაგალაქტიკური (ირმის ნახტომს გარეთ) ობიექტების კლასი, გამორჩეული ძალიან ძლიერი ნათობითა და ისეთი მცირე კუთხური ზომებით, რომ წლების განმავლობაში ეს ობიექტები ვარსკვლავები ეგონათ.

 თანამედროვე წარმოდგენებით, კვაზარი არის გალაქტიკის კაშკაშა ცენტრალური ობიექტი, რომელიც ასხივებს 10 ტრილიონჯერ მეტ ენერგიას, ვიდრე მზე, ნათობა კი ძალიან ცვლადია მთელს რადიო დიაპაზონში.

გალაქტიკა NGC 1068-ის ბირთვი (მხატვრის წარმოდგენით).

 ერთი თეორიის მიხედვით, კვაზარი არის განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი გალაქტიკა, რომელშიც ზემასიური შავი ხვრელი ახლოს მდებარე მატერიას შთანთქავს, მეორეს მიხედვით კი პირიქით, გალაქტიკის ევოლუციის ბოლო ეტაპია, ან ჯერჯერობით უცნობი რამ. კვაზარი, 1960 წელს აღმოაჩინეს პირველად, როგორც რადიოწყარო, ვარსკვლავის მსგავსი ოპტიკურ დიაპაზონში. 1963 წელს, ჰოლანდიელმა ასტრონომმა მარტინ შმიდტმა, აღმოაჩინა, რომ მათი სპექტრი ძლიერაა წანაცვლებული წითლისაკენ. იგი თვლიდა, რომ წითელი წანაცვლება გამოწვეულია კოსმოლოგიური წანაცვლების ეფექტით, სამყაროს გაფართოების გამო. ითვლება, რომ კვაზარების გამოსხივების წყარო არის გალაქტიკის ცენტრში მდებარე ზემასიური შავი ხვრელის აკრეციული დისკო. წითელი წანაცვლება კი გამოწვეულია არა კვაზარის აჩქარებული მოძრაობით, არამედ გრავიტაციული წითელი წანაცვლებით, რომელიც იწინასწარმეტყველა ა. აინშტაინმა, ფარდობითობის ზოგად თეორიაზე მუშაობის დროს. ასეთ შემთხვევაში, მანძილის დადგენის მეთოდიკა არ არის სანდო, მიღებული შედეგი კი მნიშვნელოვნად იქნება განსხვავებული სინამდვილისგან.

 ძალიან რთულია კვაზარების რაოდენობის დაზუსტება, რადგან ხდება ახალი ასეთი ობიექტების მუდმივი აღმოჩენა, მეორეს მხრივ, არ არსებობს განმასხვავებელი მკვეთრი ზღვარი მათსა და სხვა ტიპის აქტიურ გალაქტიკებს შორის (ბლაზარები). 1987 წელს, მათი რაოდენობა 3594 იყო, ხოლო 2005-სთვის უკვე არსებობდა მონაცემები 195 000 კვაზარზე.

 უახლოესი და კაშკაშა კვაზარია 3C 273, წითელი წანაცვლებით 0,158, ანუ 2 მილიარდი სინათლის წელი. უშორესი კვაზარები თავიანთი კოლოსალური გამოსხივებით, რომელიც ასჯერ მეტია ჩვეულებრივი გალაქტიკების გამოსხივებაზე, რადიოტელესკოპებით რეგისტრირდება, 10 მილიარდი სინათლის წლის და უფრო შორ მანძილებზე. არარეგულარული ელვარება დროში, რომელიც დღე-ღამეზე ნაკლებ ინტერვალში იცვლება იმაზე მეტყველებს, რომ გენერაციის ადგილს მცირე ზომა აქვს, ალბათ, მზის სისტემის ზომის შესაფერისი. ბოლო მონაცემებით, კვაზარები ელიფსური გალაქტიკების ცენტრებს წარმოადგენს.

1984 წელს, გერმანელმა ასტრონომმა, გ. კურმა, თანამშრომლებთან ერთად ელვარე კვაზარი აღმოაჩინა. სიკაშკაშით ეს კვაზარი არ ჩამოუვარდება ერთად აღებული 10 ათასი გალაქტიკის სიკაშკაშეს. კატალოგში მისი სახელია S 50014+81 და ყველაზე ელვარე ასტრონომულ ობიექტად ითვლება. მცირე ზომების მიუხედავად, დიამეტრით რამდენიმე სინათლის წელი, კვაზარი გაცილებით მეტ ენერგიას ასხივებს, ვიდრე ჩვეულებრივი გიგანტური გალაქტიკა.

 კვაზარებს, სამყაროს შუქურებსაც უწოდებენ, რადგან ისინი უზარმაზარი მანძილებიდანაც კი ჩანს (წითელი წანაცვლებით z=6,4). მათი საშუალებით ხდება კოსმოსის სტრუქტურისა და ევოლუციის კვლევა, ნივთიერებების გადანაწილების დადგენა მთელს სამყაროში.
 ბლაზარების განსაკუთრებული ნიშანია – ნათობის ძლიერი ცვლილებები ოპტიკურ დიაპაზონში, თითქმის ასჯერადი. გამოსხივება ძლიერ პოლარიზებულია (30%-40%), სპექტრი ხარისხობრივია, რაც მის სინქროტრონულობაზე მიუთითებს (ბუნებრივი ამაჩქარებელი ამ შემთხვევაში შავი ხვრელია). კვაზარებისაგან განსხვავებით, ბლაზარების სპექტრში არ არის კაშკაშა ემისიური ზოლები. ბლაზარების კაშკაშა ბირთვის გარშემო მდებარე გალაქტიკური ნისლეულების სპექტრს გააჩნია შთანთქმის ხაზები, რომლებიც ტიპიურია ელიფსური გალაქტიკის ვარსკვლავებისთვის.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.