პლუტონს, პლანეტის სტატუსი 2006 წელს წაართვეს და ჯუჯა პლანეტობამდე დააქვეითეს. მეცნიერები ამ საკითხზე ახლაც კამათობენ და ის ისევ პლანეტად შეიძლება აღიარონ. როგორც არ უნდა იყოს, კოიპერის სარტყლის ყველაზე დიდი ობიექტი ახლა პლუტონია (მოკლედ კოიპერის შესახებ). ამასთან ერთდ, 2006 წლამდე, პლუტონი იყო მზიდან ყველაზე შორს მდებარე პლანეტაც, მაგრამ ორბიტის ელიფსურობის გამო, ჩვენს მნათობთან უფრო ახლოს მოდის ხოლმე (4,4 მლრდ.კმ), ვიდრე ნეპტუნი. ამ პლანეტის ზედაპირის ტემპერატურა ახლა ცელსიუსით -223-დან -233 გრადუსამდე დიაპაზონში მერყეობს. ჩვენთვის ცნობილი სიცოცხლის ფორმების ასეთ პირობებში არსებობა წარმოუდგენელია (ყველაზე ამტანი ხავსზე). მომავალში, იუპიტერისა და სატურნის ზოგიერთი თანამგზავრის მსგავსად, პლუტონი, კაცობრიობის თავშესაფრად შეიძლება იქცეს, თან საკმაოდ კომფორტული პირობებით. ეს მაშინ მოხდება, როცა დედამიწას მზე “გადაყლაპავს” და მნათობის ზედაპირი სისტემის სხვა შორეულ ობიექტებს მიუახლოვდება, ანუ დაახლოებით 4,5—5 მლრდ.წ. მერე.
როდის და როგორ მოხდება ეს?
მზე ახლა, ასე რომ ვთქვათ, გაფურჩქვნის ასაკშია, ის შუახნის ვარსკვლავია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის კიდევ 10 მლრდ.წ იარსებებს. ამ ხნის განმავლობაში, ვარსკვლავების ევოლუციის ჩარჩოებში, მის წიაღში მეტი ენერგეტიკული გამოსავალის მქონე თერმობირთვული რეაქცია წავა — ჰელიუმის “წვა”. ამ დროს, მნათობი ე.წ. წითელ გიგანტად გადაიქცევა, მისი გარე ფენები მარსის ორბიტამდე გაფართოვდება. რა თქმა უნდა, ჩვენი ცისფერი პლანეტა მის წიაღში მოხვდება (როგორ კვდებიან ვარსკვლავები).
სიცოცხლეს რაც შეეხება, ის არსებობას ამ კატაკლიზმების დაწყებამდე გაცილებით ადრე შეწყვეტს. ჯერჯერობით, ეს პროცესები ჩვენთვის შეუმჩნეველია, მაგრამ უკვე 1 მილიარდი წლის მერე, ჩვენი ვარსკვლავის ელვარება, ზემოთ ხსნებული რეაქციის გამო, 10%-ით მოიმატებს. გაძლიერებული სათბურის ეფექტი, ჩვენი პლანეტის ატმოსფეროს ვენერას ატმოსფეროსავით გააცხელებს. კიდევ 3,5 მლრდ.წ. და მზის ელვარება 40%-ით გაიზრდება, ამიტომ აქ წყლის თხევად მდგომარეობაში არსებობა შეუძლებელი გახდება.
არის თუ არა პლუტონი სიცოცხლის არსებობისთვის ვარგისი პლანეტა?
ე.წ სასიცოცხო ზონის საზღვარი, ანუ ზონა, სადაც წყლის თხევად მდგომარეობაში არსებობაა შესაძლებელი, იუპიტერის ორბიტისკენ გადაინაცვლებს. განიმედე და ევროპა მთლიანად გადნება, უზარმაზარ ოკეანეებად გადაქცევით. მეცნიერთა აზრით, იმ ეპოქაში, ფაქტიურად, სიცოცხლის ხელახალი ჩასახვა მოხდება.
ათეულობით მილიონი წლის მერე, სიცოცხლის ზონა სატურნისკენ გადაიწევს, ტიტანთან და ენცელადესთან, ხოლო ჩვენს მნათობში დაწყებული ჰელიუმის წვის რეაქციის პიკზე, ეს ზონა პლუტონთან იქნება. იქაური ტემპერატურა +20 გრადუსამდე მოიმატებს. აზოტისა და წყლისგან შემდგარი ყინულები გადნება, გაჩნდება ოკეანე და საკმაოდ სქელი ატმოსფერო.
პლუტონს არ გააჩნია მაგნიტური ველი, ამიტომ მისი ატმოსფერო ძალიან გაიწელება, უძლიერესი მზიური “ქარის” (ნაწილაკების ნაკადი) გამო. გიგანტურ კომეტას დამსგავსებული პლანეტა უამრავ წყალსა და ნახშირჟანგს დაკარგავს, რომლებიც კოსმოსში გაიფანტება. თუმცა, დედამიწისაზე 12-ჯერ სუსტი გრავიტაცია, ატმოსფეროს მსგავსი წარმონაქმნის შეკავებას მაინც შეძლებს, ჩვენთვის ჩვეულზე გაცილებით მცირე წნევით (პლუტონი – გიგანტური კომეტა).
მეცნიერთა ვარაუდით, პლანეტების მშთანთქმელი მზისგან გამოქცეული სიცოცხლის შეფარებას სწორედ პლუტონი შეძლებს. თუმცა, კომფორტული ტემპერატურითა და ატმოსფეროთი, ჯუჯა პლანეტა ხიზნებს დიდი ხნით ვერ გაახარებს, მხოლოდ რამდენიმე ასი ათასი, ან ერთი მილიონი წელი. მზის ტიპის ვარსკვლავების ევოლუციიდანვე გამომდინარე, წითელი გიგანტის სტადიის მერე, ჩვენი მნათობი ე.წ. თეთრ ჯუჯად გადაქიცევა, დედამიწის ზომამდე შეკუმშულ გავარვარებულ პატარა ვარსკვლავად. წერტილად ქცეული მნათობი მას ვეღარ გაათბობს და პლუტონზე ისევ კოსმოსური სიცივე დაბრუნდება (კიდევ პლუტონის შესახებ).