”სპიცერით” ახალხანს ჩატარებული კვლევების მიუხედავად, ჩვენს გალაქტიკას არა ორი, არამედ ოთხი დიდი მკლავი აქვს, აქამდეც ასევე ითვლებოდა. თუმცა არც ამ კოსმოსური ობსერვატორიის დაკვირვებები უნდა ამოვიღოთ სათვალავიდან: მან გვიჩვენა, თუ რომელმა მკლავებმა ”გაძარცვეს” მეზობლები, მათში გაჩენილი ვარსკვლავების წართმევით(leeds.ac.uk).
ჩვენი გალაქტიკის პირველი შედარებით დეტალური კვლევა რადიოტელესკოპებით 50-იან წლებში ჩატარდა. მასში გაბნეული გაზური ღრუბლების მიხედვით, რომლებშიც ვარსკვლავები იბადებიან, ასტრონომებმა ოთხი დიდი მკლავი აღმოაჩინეს. მას მერე ასეც ითვლებოდა: მათი რაოდენობა სწორედ ოთხია, ეჭვები 2008 წელს გაჩნდა(კარგად იცნობთ ჩვენს გალაქტიკას?; ჩვენი გალაქტიკის სპირალური მკლავები კოსმოსური ავარიის შედეგად გაჩნდნენ).
2008 წელს ”სპიცერმა”, რომელიც ინფრაწითელ დიაპაზონში მუშაობს, მხოლოდ ორი მკლავის კვლები დაინახა. ეს სიურპრიზი იყო, თან არასასიამოვნო: ჩვენი კოსმოსახლის თეორიული სურათი ორივე დიაპაზონში იდენტური უნდა იყოს, წვრილმანი სხვაობებით.
რატომ მოხდა ასე? ”სპიცერი” შედარებით ცივ და მცირე მასის ვარსკვლავებს ეძებდა, როგორც ჩვენი მზეა და უფრო პატარებსაც. ისინი ვარსკვლავთა ძირითადი პოპულაციის ნაწილს წარმოადგენენ, თუმცა ამ ობიექტების კველვისათვის გამოყენებას აშკარა ნაკლი გააჩნია: შორი დისტანციიდან მათი დანახვა, მით უმეტეს მტვროვან ღრუბლებში, ძალიან ძნელია. ტელესკოპმა 110 მილიონი ასეთი ვარსკვლავის კვლები აღმოაჩინა, თუმცა რეგიონებში, სადაც მათი დანახვა ადვილია.
ახალი კვლევა, რომელსაც ჯეიმს ურკართი ხელმძღვანელობდა, მაქს პლანკის საზოგადოების რადიოასტრონომიული ინსტიტუტიდან(გერმანია), მხოლოდ 1 650 მასიურ ვარსკვლავს მოიცავდა. მათი რაოდენობა მცირეა, რადგან მასიური ვარსკვლავები რამდენიმე მილიონი წელი ცოცხლობენ, ათასჯერ ნაკლებს, ვიდრე მზე, და 100 000-ჯერ ნაკლებს, ვიდრე კიდევ უფრო მსუბუქი წითელი ჯუჯები(უახლოესი წითელი ჯუჯა). ასტრონომებმა მნათობთა სწორედ ასეთი კატეგორია ამოირჩიეს, რადგან ისინი ასეთ მცირე სასიცოხლო ვადაში, გალაქტიკის ერთი მკლავიდან მეორეში მიგრაციას ვერ ასწრებენ, ამისთვის რამდენიმე ათეული მილიონი წელია საჭირო(გალაქტიკის ასაკის ყავისფერი ჯუჯები).
”მცირე მასის ვარსკლვლავები გაცილებით მეტ ხანს არსებობენ, ვიდრე მასიურები და გალაქტიკის ბირთვის გარშემო ბრუნვისას(გალაქტიკის ცენტრში), ნელნელა მის დისკოში იფანტებიან. ორი ყველაზე უფრო მასიური ვარსკვლავური მკლავების გრავიტაციამ, ”სპიცერის” მიერ აღმოჩენილი ვარსკვლავების ძირითადი ნაწილი სწორედ მათში შეაგროვა, არა სხვა მკლავებში” – განმარტავს მელვინ ჰოარი, ლიდსის უნივერსიტეტიდან(დიდი ბრიტანეთი). თუმცა, ოთხივე მკლავში გაზი საკმარისად ბევრია იმისთვის, რომ მათში ვარსკვლავები წარმოიქმნან.
მთელი მსოფლიოს რდიოტელესკოპებით 1 650 მასიურ ვარსკვლევზე დაკვირვებამ შედეგი გამოიღო: ისინი რეალურად არსებობენ და ერთნაირი ინტენსიურობის ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესები გააჩნიათ. ამგვარად, უფროსი თობის ასტრონომთა მიერ შექმნილი სურათი შენარჩუნდა, თუმცა სერიოზული მოდიფიკაცია განიცადა: ორი დომინანტი მკლავის მასიურობა იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ ისინი, სხვა ორ მკლავში გაჩენილ ვარსკვლავებს იტაცებენ და გალაქტიკური დისკოს სხვადასხვა რეგიონებში მათ განაწილებაზე ზემოქმედებენ(გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები; ჩვენი გალაქტიკის ხნიერი ვარსკვლავები მის პრეისტორიას ნათელს ჰფენენ).