სამი ახალი გიგანტური ტელესკოპი

 ზღვის დონიდან 4200 მეტრის სიმაღლეზე მდებარე მაუნა-კეას მწვერვალი,  მსოფლიოში ყველაზე დიდი ტელესკოპის სახლად უნდა იქცეს. ოცდაათმეტრიანი ტელესკოპი (TMT) დავის საგნად იქცა ასტრონომებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის, რომლებიც ამ მწვერვალს წმინდა მიწად თვლიან. მართლა ასეა საქმე თუ მეტ სიწმინდეს მეტი კომპენსაცია სჭირდება, მომავალი გვიჩვენებს. თავად ტელესკოპი კი მსოფლიო ტექნოლოგიის შედევრი (დიდი ადრონული კოლაიდერი) უნდა გახდეს.

 ”ვინ ვართ ჩვენ, როგორ გაჩნდა სიცოცხლე, რა თვისებები აქვს სამყაროს? ოცდაათმეტრიანი ტელსკოპის ამოცანაა – პასუხი გასცეს ამ გამოცანებს” – ამბობს ასტრონომიის პროფესორი რიჩარდ ელისი (კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი).

 18 სართულიანი ობსერვატორია გიგანტური სარკით იქნება აღჭურვილი, ნებისმიერი უკვე არსებული ტელესკოპის სარკეზე მინიმუმ სამჯერ მეტი (დიდი ტელესკოპების ერა). ასეთი ზომისა და ფორმის შუშის ნაკეთობის დამზადება პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ TMT-ს სარკე დაახლოებით 400 სეგმენტისგან იქნება აწყობილი. ასეთი სიმძლავრის ინსტრუმენტს სადაც მოგინდება იქ ვერ ააშენებ. კომიტეტი 5 წელიწადი ეძებდა საუკეთესო ადგილს, სანამ არჩევანი მაუნა-კეას მწვერვალზე შეჩერდებოდა.

 TMT საშუალებას მოგვცემს დავინახოთ სამყაროს პირველი გალაქტიკები, მოვძებნოთ დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტები, შევადგინოთ ბნელი მატერიის ზუსტი რუკა.

 ”პირველი ტელესკოპის გამოგონებიდან 400 წელი გავიდა. ამ დროის განმავლობაში ბევრი საინტერესო აღმოჩენა მოხდა. ოცდაათმეტრიანი ტელესკოპი ამ ისტორიის გაფართოებასა და გაგრძელებას ყველაზე უფრო რადიკალური გზით მოახდენს” – ამბობს ელისი (ყველაზე დიდი ტელესკოპი ჩილეში აშენდება; როგორ მუშაობს ტელესკოპი).

მაგელანის გიგანტური ტელესკოპი GMT

 არიზონას უნივერსიტეტისა და ზოგიერთი სხვა უნივერსიტეტების სპეციალისტთა ჯგუფმა გიგანტური ტელესკოპის პირველი სარკის დამზადება დაასრულა. ეს სარკე, 25 მეტრიანი მაგელანის გიგანტური ტელესკოპის ნაწილი გახდება, რომელიც ეგზოპლანეტების, ახალი გალაქტიკებისა და შავი ხვრელების ძებნით იქნება დაკავებული. უცნაურად ასიმეტრული სარკის დიამეტრი 8,4 მეტრია. ტელესკოპისთვის სულ 7 სარკე უნდა დამზადდეს, რომელთა საერთო ფართობი 380 კვადრატული მეტრი იქნება. ერთი სარკის შესაქმნელად საჭირო 20 ტონა შუშა მბრუნავ ღუმელში ისხმებოდა, რის შემდეგაც მისი ზედაპირის გაპრიალება რთული ოპტიკური მოწყობილობის გამოყენებით კონტროლდებოდა. ტელესკოპის მეორე სარკე მომავალი წლის იანვარში ჩამოისხმება, ხოლო მესამე – 2013 წლის აგვისტოში. Giant Magellan Telescope ჩილეს ანდებში ერთ-ერთი მთის მწვერვალზე აშენდდება (დიდი ტელესკოპების ერა;”ჯეიმს უების” სარკეები).

 ვერა რუბინის სახელობის დიდი სინოპტიკური ტელსკოპი LSST

 ასტრონომიაში რევოლუციის მოსახდენად არა მარტო დიდი სარკეებია მთავარი. მცირე ზომის სარკის კომპენსაციას LSST სწრაფად მუშაობის უნარიანობით მოახდენს. LSST ყოველ მესამე ღამეს გადაიღებს ცას თავისი ყველაზე დიდი ციფრული კამერით. პატარა ავტომანქანის ზომის კამერით, უკიდურესად ფართო კუთხით გადაღებული ფოტოები წარმოუდგენლად დეტალური და მასშტაბური იქნება. LSST–ის შემქმნელთა თქმით, ახალი ასტრონომიული ობსერვატორია ასტრონომებს სამყაროში მასის განაწილების უპრეცედენტო სამგანზომილებიან რუკებს მისცემს. ეს რუკები, ასევე, მოწოდებულია სამყაროს აჩქარებით გამაფართოებელი ამოუცნობი ბნელი ენერგიის პრობლემა გადაჭრას. ამ ტექნოლოგიური სასწაულის ფუნქციონირება 2022 წელს უნდა დაიწყოს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.