”ჯუნო”: რა გავიგეთ იუპიტერის შესახებ?

 თითქმის ორი წელია, რაც პლანეტა გიგანტის, იუპიტერის ორბიტაზე ავტომატური სადგური ”ჯუნო”( Juno/ NASA) მუშაობს. ტექნიკური პრობლემების მიუხედავად, მან უამრავი საინტერესო მონაცემი შეაგროვა, გადაიღო მომაჯადოებელი ფოტოები და მთავარი ამოცანების ამოხსნასაც მიუახლოვდა – რა იმალება მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტის ღრუბლიან წიაღში.

 ”ჯუნო”(იუპიტერის მეუღლე რომაულ მითოლოგიაში. Juno, იგივე Jupiter Near-polar Orbiter, იუპიტერის პოლარული მკვლევარი). პლანეტა გიგანტთან 2016 წლის ივნისში მივიდა(2016 წლის ყველაზე დრამატული მოვლენები…). ის ძალიან წაგრძელებულ ორბიტაზე მოძრაობს, რაც იუპიტერის პოლუსებთან ახლოს მისვლის საშუალებას იძლევა. ”ჯუნო” იუპიტერის მეორე ხელოვნური თანამგზავრია, პირველი იყო ”გალილეო”, რომელიც ეკვატორულ სიბრტყეში მოძრაობდა და ამ პლანეტის ბუნებრივ თანამგზავრებს იკვლევდა(იუპიტერის მზვერავები).

 წაგრძელებული ორბიტის ხარჯზე, ”ჯუნო” პლანეტასთან მჭიდროდ მისვლასა და უნიკალური ინფორმაციის შეგროვებას ახერხებს. მოწყობილობათა კომპლექტი პლანეტის გაზის წიაღის შესწავლაზეა ორიენტირებული. ეს არის ულტრაიისფერი და ინფრაწითელი დიაპაზონების სპექტრომეტრები, მიკროტალღური რადარი, კოსმოსური ნაწილაკებისა და პლაზმის დეტექტორი. მაგნიტომეტრი, პლანეტის ძლიერი მაგნიტური ველის შესასწავლად და ფოტოკამერა ზედა ფენების გადასაღებად. დედამიწასთან დამაკავშირებელი რადიო კომპლექსის საშუალებით სწავლობენ პლანეტის გრავიტაციულ ველს, რომელიც აპარატის მოძრაობის სიჩქარეზე ზემოქმედებს.

 შორს მდებარე სხვა კომსოსური აპარატებისგან განსხვავებით, ”ჯუნო” საკმაოდ დიდი ზომის მზის პანელებით არის აღჭურვილი, საერთო ფართობით – 64 მ2. იუპიტერამდე მანილზე მზიური ენერგიის მიღება 4%-ით მცირეა, ვიდრე დედამიწასთან. რადიოიზოტოპური თერმოელექტრული გენერატორებისთვის საჭიროა პლუტონიუმ-238, რომელიც მაშინ ნასას აღარ ჰქონდა, ამიტომაც გადაწყდა ასეთი ზომის პანელების გამოყენება. რუსეთისგან ნაყიდი პლუტონიუმ-238-ის ბოლო მარაგის ნაწილი ახლა მარსზეა, მარსმავალ ”ცნობისმოყვარეობის” შემადგენელში, ნაწილი კი მზის სისტემის კიდესთან გასული ”ახალი ჰორიზონტების” შემადგენელში. NASA-მ პლუტონიუმ-238-ის წარმოება განაახლა, თუმცა დროებით, მზის ენერგიაზე გადავიდა.

 ტრაექტორიის ყველაზე უფრო ახლო წერტილი იუპიტერთან 4200 კილომეტრის სიმაღლეზეა, შორეული კი – 8 მლნ.კმ. მის შემოვლას აპარატი 53,3 დღე-ღამეს ანდომებს. ამ უკანასკნელის 3 მლნ.კმ-ზე დაყვანა იგეგმებოდა, რაც ძრავებისთვის საწვავის მიწოდების პრობლემების გამო გადაიდო. სამაგიეროდ, თანამგზავრის მუშაობის ვადა გაიზრდება, რადგან მასზე პლანეტის რადიაციული სარტყლების მავნე ზემოქმედება შემცირდა.

 2016 წლის ზაფხულიდან 2018-ის მაისის ჩათვლით აპარატმა 12-ჯერ შომოუარა იუპიტერს, გადმოსცა ახალი მონაცემები პლანეტის ატმოსფეროს ფენების შესახებ, ჩაიხედა პოლარული ღრუბლების ქვეშ, აღმოაჩინა ახალი რადიაციული სარტყელი და მოულოდნელი კავშირი გიგანტის წიაღისა მის მაგნიტურ ველთან. ყველას შეუძლია ნახოს ”ჯუნოს” მიერ გადაღებული ფერადი ფოტოები. ენთუზიასტები დამოუკიდებლად ამუშავებენ მათ და მხატვრულ შედევრებს ქმიან. ასეთი ნამუშევრები ავტორთა არხებზე შეგიძლიათ იხილოთ: Björn JónssonSeán Doran,  Roman Tkachenko.

იუპიტერის სამხრეთ პოლუსი.

 ტაიფუნების ყველაზე უფრო ეფექტური ინფრაწითელი ფოტოები პოლუსებთან ახლოს გამოდიდოდა. ერთი ცენტრალური პოლარული ქარიშხალი, რვა სხვა სტაბილური ქარიშხლით არის გარშემორტყმული, რომელთა კარგად დანახვა მხოლოდ ინფრაწითელი დიაპაზონის კამერას შეუძლია, რადგან ეს ყველაფერი ატმოსფეროს ქვედა ფენებში ხდება.

 სიურპრიზი იყო შედარებით კარგად შესწავლილ ეკვატორთან არსებული ნათელი ზოლის შემადგენელი – ამიაკი, რომელიც გაცილებით ღრმა ფენიდან ამოდის.

 ითვლებოდა, რომ ამ გიგანტის ატმოსფეროს ზედა ფენის ერთგვაროვნება 100 კილომეტრის სიღრმემდე ნარჩუნდებოდა, რაც ასე არ არის.

 ატმოსფეროს ყავისფერი და ფორთოხლისფერი წარმონაქმნების ბუნება დაუდგენელია, სავარაუდოდ, ეს ნახშირწყლებია, რომლებიც მზის ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებით იცვლიან ფერს. შეიძლება, ამონიუმის ჰიდროსულფატია, მოყვითალო მარილი აზოტის, გოგირდისა და წყალბადის ფუძეზე. თეთრი ღრუბლები, ამიაკის კრისტალებია. შემხვედრი მიმართულებით მქროლი ქარების ნაკადთა სიჩქარე 360 კმ/სთ-ს აღწევს.

 სახელგანთქმული დიდი წითელი ლაქა – გიგანტური ქარიშხალია, რომელიც სამხრეთ ნახევარსფეროში, შემხვედრი ატმოსფერული ნაკადების შეხების ადგილზე წარმოიქმნა. მის ყველაზე უფრო შორეულ წერტილებს შორის მანძილი 16 ათასი კილომეტრია, ანუ დედამიწის დიამეტრზე მეტი. ის 200 წელზე მეტია დაიმზირება (მანამდეც იქნებოდა, უბრალოდ მაშინ ტელესკოპი არ ჰქონდა ადამიანს/პირველი ტელესკოპი), ამ დროის განმავლობაში ზომაში ორჯერ შემცირდა და დაპატარავებას ახლაც აგრძელებს. წითელი ლაქის კიდეებთან ქარი 430 კმ/სთ. სიჩქარით ქრის, შიგნით კი შედარებით ნელა. ამ გიგანტური ლაქის წარმოქმნისა და სტაბილურობის მიზეზი დაუდგენელია, ალბათ, პლანეტის მაგნიტური ველის არერთგვაროვნებას უნდა უკავშირდებოდეს.

 

 იუპიტერის მაგნიტური ველის აღნაგობა ჩრდილოთ ნახევარსფეროში უფრო რთულია, ეკვატორსა და პოლუსს შორის მისი მაღალი დაძაბულობა დაიმზირება. ველი არაერთგვაროვანია ეკვატორიდან სამხრეთითაც, მათ შორის დიდ წითელ ლაქასთანაც. ითვლება, რომ იუპიტერის მაგნიტურ ველს გარე ბირთვში არსებული ე.წ. მეტალური წყალბადის ფენაში გამავალი დენი წარმოქმნის. წყალბადი გამტარის თვისებებს მაღალი წნევის გამო იძენს, 15 ათასი კილომეტრის სიღრმეზე.

 პლანეტა გიგანტის მაგნიტური ველი, მზის ქართან, პლაზმასთან და მისი ბუნებრივი თანამგზავრებიდან ამოფრქვეულ დამუხტულ ნაწილაკებთან ურთიერთქმედებს, რის გამოც მის გარშემო მძლავრი რადიაციული სარტყლები ფორმირდება. ოთხი გალილეისეული თანამგზავრებიდან: ევროპა, განიმედე, კალისტო და იო, იუპიტერთან ყველაზე ახლოს, მზის სისტემის ვულკანურად ყველაზე უფრო აქტიური ობიექტი იოა. მასზე ათეულობით ვულკანი იფრქვევა და ”ჯუნომ” ისინი ინფრაწითელ დიაპაზონში დაათვალიერა (ამირანი).

 ხსენებული თანამგზავრებიდან სამი, რადიაციული სარტყლების შიგნით მოძრაობს, რაც კოსმოსური აპარატებისა და კოსმოსის დამპყრობთათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ელექტონები და მუხტის მქონე მძიმე ნაწილაკები: პროტონები, სხვადასხვა გაზების იონები, პლანეტის გარშემო 1 მლნ.კმ-მდე მაძნილზე მოძრაობენ. აღმოჩნდა, რომ პლანეტის ეკვატორულ სიბრტყეშიც არის რადიაციული სარტყელი, რომელიც მაღალი ენერგიის მქონე წყალბადის, ჟანგბადისა და გოგირდის იონებით არის შევსებული. მძიმე იონები პოლუსებთან ახლოსაც დაქრიან, რომლებიც საკვლევ ინსტრუმენტებში დიდ ხმაურს ქმნიან.

 იუპიტერი გაზის გიგანტია, თუმცა ის მხოლოდ ქარიშხლებით გამოვსებულ სფეროს ნამდვილად არ წარმოადგენს. ეს ე.წ. ”ამინდის ფენა” მხოლოდ 3 ათასი კილომეტრის სიღრმემდე ვრცელდება. ამის მერე, პლანეტის ძირითადი შემაგდენლი გაზი – წყალბადი, უზარმაზარი წნევის გამო, ელექტროგამტარ სითხედ არის ქცეული. 3 ათასი კილომეტრის სიღრმეზე ”ამინდის ფენა” ვერანაირ ზეგავლენას ვეღარ ახდენს, ელექტროგამტარ თხევად ”ოკეანეზე” ძლიერი მაგნიტური ველი ბატონობს. აქ პლანეტა მყარი სხეულის თვისებებს ავლენს, რაც გრავიტაციული ველის ანლიზით დგინდება. სავარუდოდ, სატურნის ღრბუბლოვანი ”ამინდის ფენა” უფრო მეტი სისქის უნდა იყოს, ხოლო ყავისფერი ჯუჯებისა (ბნელი მნათობები: ყავისფერი ჯუჯები), რომლებიც ძალიან ჰგვანან იუპიტერს, პირიქით – უფრო თხელი.

 იუპიტერისეული ჭექაქუხილის რადიო გამოსხივება აქამდე, რატომღაც, მხოლოდ დაბალ სიხშირეზე რეგისტრირდებოდა. ”ჯუნომ” კი უკვე 377-მდე ატმოსფერული განმუხტვა მიკროტალღურ დიაპაზონშიც დააფიქსირა, რაც დედამიწისეულ ელვასთან მსგავსებას ადასტურებს. ეს მოვლენა გიგანტის პოლუსებთან დაიმზირება, რადგან პლანეტა გაცილებით მეტ სითბოს ასხივებს, ვიდრე მზისგან იღებს (25-ჯერ ცოტას, ვიდრე დედამიწა). ეკვატორზე, ამოსულ სითბოსა და გარედან მომავალ გამოსხივებას შორის ბალანსი იქმნება, რაც კონვექციას (გაზების შერევა) აფერხებს. პოლუსებთან კი თბილი გაზი თავისუფლად ადის ზემოთ და ძლიერი ჭაქაქუხილისთვის საჭირო პირობებს ქმნის.

 იუპიტერის შესწავლა გრძელდება. ”ჯუნოდან” გადმოცემული ყველა მონაცემი დამუშავებული არ არის, მისია კი ალბათ კიდევ 1 წელი გაგრძელდება, ამიტომ წინ ბევრი ახალი აღმოჩენა, ამოხსნილი გამოცანები და ახალი საიდუმლოებები გველოდება (კიდევ ამ მისიის შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.