დიდებული სპირალური გალაქტიკა M33, როგორც ჩანს, სხვა მსგავს გალაქტიკებზე მეტ მანათობელ წყალბადს შეიცავს. დედამიწიდან დაახლოებით 3 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე, ასევე გალაქტიკა სამკუთხედში სახელით ცნობილი M33, ადგილობრივი ჯგუფის ერთ-ერთი ძირითადი წევრია (გალაქტიკათა ადგილობრივი ჯგუფი და დიდებული ანდრომედა). ცენტრისკენ ჩახვეულ მკლავებში, ცნობილთა შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონებია აღმოჩენილი. ამ ვარსკვლავურ აკვნებში მასიური მნათობები იბადება, ხანმოკლე სიცოცხლის ხანგრძლივობით. ელვარე მასიური ვარსკვლავების ულტრაიისფერი გამოსხივება შემომფარგლავ წყალბადს აიონიზებს და დამახაიათებელ მოწითალო ნათებას წარმოქმნის. ფართოზოლიანი ფილტრების დახმარებით მიღებულ ფერად გამოსახულებაზე, ვიწროზოლიანი ფილტრით Hα, წყალბადის ემისიური ზოლის, ხილულთან ყველაზე ახლოს მდებარე ნაწილში გადაღებული ფოტოა დადებული, რაც HII ზონების უკეთ გამოყოფის საშუალებას იძლევა. ამ უბნებმა სახელი მათში დიდი რაოდენობით არსებული იონიზებული ატომური წყალბადის (ანუ მხოლოდ პროტონებისა და ელექტრონების ნარევი) გამო მიიღო, რომლებსაც ასტრონომები HII უწოდებენ. გამოსახულების ორივე მხარეს ჩანართებია, რომლებზეც კატალოგიზებული HII ზონებია გამოსახული (ყველაფერი გალაქტიკების შესახებ).
