კოსმოსიდან მოვლენილი კიბო

კოსმოსიდან მოვლენილი კიბო

 ასტროფიზიკოსთა საერთაშორისო ჯგუფმა, 2 მილიონი წლის წინათ მზის სისტემასთან ახლოს აფეთქებული ორი ზეახლის დედამიწაზე შესაძლო ზემოქმედების ფაქტორი შეისწავლა. მათი აზრით, ამ მოვლენებს ცხოველთა და ადამიანის წინაპართა ქცევის ცვლილება შეეძლო, ასევე კიბოთი დაავადების დონის ზრდა(New Scientist).

 დაახლოებით 1,7-8,7 მილიონი წლის წინათ, დედამიწიდან 100 პარსეკის მანძილზე ორი მასიური ვარსკვლავი აფეთქდა. კოსმოსური კატასტროფის შედეგად, პლანეტა რადიოაქტიური გამოსხივებისა და ნივთიერებების ნაკადმა მოიცვა, რისი კვალიც ზღვების ფსკერსა და მთვარის ქანებში, რკინის იზოტოპის(რკინა-60) სახით არის წარმოდგენილი. ამ მოვლენებს მასიური გადაშენება არ გამოუწვევია, თუმცა მენციერებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, კონკრეტულად რა ზეგავლენა მოახდინა აფეთქებებმა სიცოცხლის განვითარებაზე.

 ასტრონომთა აზრით, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ზეგავლენა ხილულ სინათლეს შეეძლო. ამ შემთხვევაში, აფეთქებული ვარსკვლავების ხილული ზომა მთვარისას უტოლდებოდა და ღამის ცას ერთი წლის განმავლოაბში ანათებდა. ამის გამო, მთვარის შუქზე ორიენტირებული ცხოველების ქცევა შეიცვალა. მწერების უმრავლესობისთვის შეწყვილება, გამრავლება, კვერცხების დადება და საკვების ძებნა, მთვარისეულ განათებაზეა დამოკიდებული. ზეახლებს, ადამიანის წინაპრის, ჰომო ერექტუსის ბიორიტმსა და ქცევაზეც შეეძლო ზეგავლენის მოხდენა.

 მაშინდელ დედამიწაზე, როგორც მეცნიერებმა გამოითვალეს, რადიაციული ფონი სამჯერ გაიზრდებოდა, რაც ჰომო ერექტუსის კიბოთი დაავადების სიხშირეს გაზრდიდა. მიუხედავად ამისა, ეს ზემოქმედება არ იქნებოდა ძალიან ძლიერი, რადგან დედამიწაზე ახლაც არსებობს დასახლებული პუნქტები, სადაც რადიოაქტიური ფონი საშუალო მსოფლიო მაჩვენებელზე 20-ჯერ მეტია. ექსპერტთა თქმით, ეს ფაქტი მაშინ იქნებოდა შემაშფოთებელი, თუ ხსენებული რიცხვი ათასს გადააჭარბებს.

 მეცნიერების თქმით, ზეახლის აფეთქებისას წარმოქმნილი გამჭოლი რადიაცია მოიუნების ნაკადის სახით გვევლინება. ასეთი გამოსხივების წლიური დოზა, ერთჯერ ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიის ტოლფასია, რაც ლეიკემიისა და თავის ტვინის სიმსივნეების გაჩენის ალბათობას ზრდის(რადიაცია ჩვენს გარშემო; ბუნებრივი რადიოაქტიური დაბინძურება კოსმოსიდან; „წითელი ჯვარცმის“ დროინდელი რადიაცია…).

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *