“აპოლოს” მისიების დროს დატოვებული დროშები მთვარეზე ისევ დგას

1960–იან წლებში მთვარეზე განხორციელებული საკაცობრიო მისიების
შემდეგ გაზრდილ თაობებს არ ასვენებთ კითხვა – “ასტრონავტების მიერ დატოვებული დროშები ისევ მთვარეზე დგას?” (space.com).

და აი, მთვარის მკვლევარებმა სურათები გამოაქვეყნეს, რომელიც NASA–ს მთვარის მზვერავი ორბიტერის კამერამ (Lunar Reconnaissance Orbiter Camera – LROC) გადაიღო: დიახ, დროშების უმეტესობა ისევ დგას.

“LROC–ს სურათები გვიჩვენებს, რომ Apollo 11–ის მისიის გარდა, ყველა დროშა ადგილზეა. ბაზ ოლდრინი პირველი დღიდანვე ვარაუდობდა, რომ მთვარიდან მოდულის აფრენის დროს საწვავის ნაკადმა დროშა მოგლიჯა და განზე გადაისროლა. როგორც ჩანს, მართალიც იყო!” – ამბობს მთავარი მეცნიერ–მკვლევარი მარკ რობინსონი.

NASA–მ LROC–ს დახმარებით Apollo 11–ის დაშვების ადგილის იმდენად მაღალი გარჩევადობის სურათები გადაიღო, რომ მათზე არა მარტო მთვარის მოდულის კიბე, არამედ ასტრონავტების მიერ დატოვებული მცირე ზომის საექსპერიმენტო ხელსაწყოებიც კი მოჩანს, კერძოდ: პირდაპირი ტრანსლაციის TV–კამერა, ლაზერული რეფლექტორები და სეისმური დეტექტორები.

Apollo 11–ის დაშვების ადგილი 50 მეტრისა (პირველი სურათი) და 200 მეტრის (მეორე სურათი) სიმაღლიდან. მოჩანს ასტრონავტების, ნილ არმსტრონგისა და ბაზ ოლდრინის მიერ დატოვებული ხელსაწყოები: LRRR – Laser Ranging Retro Reflector – ლაზერული რეფლექტორი, რომლის მეშვეობითაც, 1960–ანი წლებიდან დღემდე, ნებიმიერ დროს, მაღალი სიზუსტით განისაზღვრება მანძილი დედამიწიდან მთვარემდე; PSEP – Passive Seismic Experiment Package – პასიური სეისმური ექსპერიმენტული პაკეტი, რომელიც ზომავს მთვარის ნიადაგის ძვრებსა და კოსმოსური ქვების შეჯახების სიმძლავრეებს. მთვარის მოდულის გარშემო მოჩანს ასტრონავტების ფეხით გაკვალული ბილიკები.
მთვარის მოდულის კამერის მიერ 1969 წელს გადაღებული ფერადი პანორამის ფონზე მოჩანს მთვარის მოდულის ჩრდილი და ასტრონავტები ნილ არმსტრონგი და ბაზ ოლდრინი, რომლებიც დროშას ამაგრებენ. LRO–ს მიერ გადაღებულ ფოტოზე კი დროშა აღარ გაირჩევა.

მთვარის მზვერავი ორბიტერის მიერ გადაღებულ ფოტოებზე მოჩანს ობიექტები და მათი ჩრდილები მთვარისეული დღის სხვადასხვა საათებში. ჩრდილის მეშვეობით ადვილად გაირჩევა დროშები, რომლებიც მთვარის გრუნტში ისევ დგას.

Apollo 12–ის (პირველი სურათი) და Apollo 14–ის (მეორე სურათი) დროშის ჩრდილები მთვარისეული დღის სხვადასხვა საათებში.
Apollo 15–ის (პირველი სურათი) და Apollo 16–ის (მეორე სურათი) დროშის ჩრდილები მთვარისეული დღის სხვადასხვა საათებში.
Apollo 17–ის მიერ დატოვებული დასაჯდომი მოდული, დროშა და ხელსაწყოები. მარჯვნივ მოჩანს სახელგანთქმული მართვადი მთვარემავალი – მანქანა და მის მიერ გაკვალული გრძელი ბილიკები.

“უნდა ვიგულისხმოთ, რომ ყველა დროშა გამოთეთრდა. 42 წელიწადი ვაკუუმში მდგარი დროშები ტემპერატურის 500˚–იან ცვალებადობასა და მზის ულტრაიისფერ გამოსხივებას განიცდის. გვეგონა, რომ უკვე განადგურდნენ”.

ორბიტერმა ახლახანს გადაიღო სურათები 24 კილომეტრის სიმაღლიდან, სადაც დეტალურად მოჩანს ასტრონავტების მიერ გაკვალული ბილიკები, ზონდები და ყველგანმავლები (იხ. ვიდეო).

NASA–ს მთვარის ორბიტული მზვერავი (Lunar Reconnaissance Orbiter – LRO), ორბიტაზე 2009 წელს გავიდა და დღემდე მუშაობს (გეოდეზისტის ჩრდილი მთვარეზე;”ჰაბლი” ხედავს პლუტონს, მაგრამ ვერ ხედავს ”აპოლონს” – რატომ?) (დეტალურად იხილეთ: hubpages.com-ზე).

რუსულად: https://www.youtube.com/watch?v=J6bTlYs5sbI

ავტორი: მარიკა ტარასაშვილი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.