TMT – განხეთქილების ტელესკოპი TMT.

TMT – განხეთქილების ტელესკოპი

 მაუნა-კეას მწვერვალი, ზღვის დონიდან 4200 მეტრის სიმაღლეზე, მსოფლიოში ყველაზე დიდი ტელესკოპის სახლად უნდა იქცეს. ოცდაათმეტრიანი ტელესკოპი(TMT) დავის საგნად იქცა ასტრონომებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის, რომლებიც ამ მწვერვალს წმინდა მიწად თვლიან. მართლა ასეა საქმე, თუ მეტ სიწმინდეს მეტი კომპენსაცია სჭირდება, მომავალი გვიჩვენებს. თავად ტელესკოპი კი მსოფლიო ტექნოლოგიის შედევრი(დიდი ადრონული კოლაიდერი) უნდა გახდეს.

 ”ვინ ვართ ჩვენ, როგორ გაჩნდა სიცოცხლე, რა თვისებები აქვს სამყაროს? ოცდაათმეტრიანი ტელსკოპის ამოცანაა – პასუხი გასცეს ამ გამოცანებს” – ამბობს ასტრონომიის პროფესორი რიჩარდ ელისი(კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი).

 18 სართულიანი ობსერვატორია გიგანტური სარკით იქნება აღჭურვილი, ნებისმიერი უკვე არსებული ტელესკოპის სარკეზე მინიმუმ სამჯერ მეტი(დიდი ტელესკოპების ერა). ასეთი ზომისა და ფორმის შუშის ნაკეთობის დამზადება პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ TMT-ს სარკე დაახლოებით 400 სეგმენტისგან იქნება აწყობილი. ასეთი სიმძლავრის ინსტრუმენტს სადაც მოგინდება იქ ვერ ააშენებ. კომიტეტი 5 წელიწადი ეძებდა საუკეთესო ადგილს, სანამ არჩევანი მაუნა-კეას მწვერვალზე შეჩერდებოდა.

 TMT საშუალებას მოგვცემს დავინახოთ სამყაროს პირველი გალაქტიკები, მოვძებნოთ დედამიწის მსგავსი ეკზოპლანეტები, შევადგინოთ ბნელი მატერიის ზუსტი რუკა.

 ”პირველი ტელესკოპის გამოგონებიდან 400 წელი გავიდა. ამ დროის განმავლობაში ბევრი საინტერესო აღმოჩენა მოხდა. ოცდაათმეტრიანი ტელესკოპი ამ ისტორიის გაფართოებასა და გაგრძელებას ყველაზე უფრო რადიკალური გზით მოახდენს” – ამბობს ელისი(ყველაზე დიდი ტელესკოპი ჩილეში აშენდება; როგორ მუშაობს ტელესკოპი).

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *