არ არის გამორიცხული, რომ ოდესღაც ჩვენს მზეს კომპანიონი ვარსკვლავი ჰყავდა, რომელმაც დედამიწის ღერძი მზის ეკვატორის მიმართ გადახარა(Science/AAAS). როცა 1995 წელს ასტრონომებმა პირველი ე.წ. ცხელი იუპიტერი(ანუ თავის ვარსკვლავთან ახლოს მყოფი გაზური გიგანტი) აღმოაჩინეს, ივარაუდეს, რომ ის ვარსკვლავიდან შორს ჩამოყალიბდა, სადაც ასეთი გიგანტის ფორმირებისათვის, საჭირო რაოდენობის ნივთიერებები იყო, ხოლო შემდეგ სპირალური ტრაექტორიით ვარსკვლავთან უფრო ახლო ორბიტაზე გადავიდა(იუპიტერის მიგრაცია). ამ მიგრაციის დროს ჯერ კიდევ არაცხელი იუპიტერი პროტოპლანეტარული დისკოს სიბრტყეში რჩებოდა, ხოლო მისი საბოლოო ორბიტა ვარსკვლავის ეკვატორის მიმართ არ გადახრილა.
ეს თეორია 2008 წელს შეირყა, როცა მეცნიერებმა ცხელი იუპიტერები დახრილ და რეტროგრადულ(ვარსკვლავის ბრუნვის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობა) ორბიტებზეც კი აღმოაჩინეს.
ასტრონომი კონსტანტინ ბატიგინი ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკის ცენტრიდან კემბრიჯში ვარაუდობს, რომ ასეთი მოძრაობის მიზეზი სხვა ვარსკვლავის ჩარევით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომელმაც პროტოპლანეტარული დისკოს დეფორმაცია მოახდინა. დედამიწის შემთხვევაში, რომლის ორბიტა მზის ეკვატორის მიმართ 7°-ით არის გადახრილი, კომპანიონი ვარსკვლავი იქამდე დატოვებდა მზის სისტემას, სანამ პლანეტების ფორმირება დასრულდებოდა.
ორმაგი ვარსკვლავები(1) იშვიათი მოვლენა არაა. ბატიგინის თეორია ექსპერიმენტულ მტკიცებულებებს ითხოვს: ამჟამად კოსმოსური ტელესკოპი „კეპლერი“-ს საშუალებით მხოლოდ ერთი ეკზოპლანეტური სისტემის ორბიტების დახრილობებია გაზომილი – კეპლერ-30-ის სამივე პლანეტას დახრილობა არ გააჩნია. თუმცა ასეთი გაზომვებით, სხვა პლანეტარული სისტემებისთვის, ასტრონომის ვარაუდი შეიძლება დამტკიცდეს(WASP-33).