ჰაბლის კანონის (კანონის მიხედვით, ხილული სამყარო ფართოვდება აჩქარებით და გალაქტიკები ერთმანეთს შორდება) აღმოჩენასთან ერთად, კოსმოლოგიაში დომინანტად იქცა მოსაზრება იმის შესახებ, რომ სამყრო გაჩნდა გავარვარებული ზემკვრივი მატერიისგან, რომელიც დიდი აფეთქებიდან დაწყებული ახლაც ფართოვდება და ცივდება (ჰაბლის კანონი).
ოთხმოციანი წლების დასაწყისში, მეცნიერები უფრო საფუძვლიანად დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები სამყაროს გაფართოების ადრეულ სტადიაზე. დღევანდელი დღისთვის, ჩვენ, სამყაროს საკმაოდ კარგად შევსებული ქრონოლოგიური სურათი გვაქვს, წამის წარმოუდგენლად მცირე ნაწილიდან, რომლითაც ელემენტარული ნაწილაკებისა და ქიმიური ელემენტების წარმომავლობა აიხსნება. თუ მოვლენებს უკუმიმართულებით დავაწყობთ, 1 მილიარდი წლიდან უკან, მაშინ ასეთ მიმდევრობას მივიღებთ:
1 მილიარდი წელი
დაიწყო გალაქტიკების ფორმირება. პირველად ისტორიაში სამყარომ მიიღო ისეთი სახე, როგორსაც ახლა ვხედავთ. ზემძლავრი ტელესკოპების მომდევნო თაობა (ჯეიმს ვების სახელობის ტელესკოპი) საშუალებას მოგვცემს ისეთი შორეული გალაქტიკები დავინახოთ, რომლებიც უშუალოდ გაჩენის დროს მიღებული სახით წარმოგვიდგებიან.
300 000 წელი
დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 300 000 წლის მერე სამყარო გაცივდა დონეზე, რომელზეც ბირთვებმა ელექტრონების მყარად დაჭერა და სტაბილური ატომების წარმოქმნა დაიწყეს, ეს ატომები სხვა ატომებთან შეჯახებით უკვე აღარ იშლებოდა.
პირველი ატომების გაჩენამდე სამყარო არაგამჭვირვალე და მკვრივ ბირთვულ-ელექტრონულ პლაზმას წარმოადგნდა. გარვიტაციული მიზიდულობით წარმოქმნილი ასეთი პლაზმის ნებისმიერი შენადედები მაშინვე იშლებოდა, მათ მიერვე შთანთქმული გამოსხივების ენერგიის ხარჯზე. ატომების ფორმირების მერე, სივრცე გამჭვირვალე გახდა (რელიქტური გამოსხივება), ხოლო მატერია – საკმარისად გაიშვიათებული, გრავიტაციული მიზიდულობით ნივთიერებათა შენადედების წარმოსაქმნელად. თუმცა ის ზედმეტად გაიშვიათებული იყო გალაქტიკების ჩამოსაყალიბებელი პროცესების წამოწყებისათვის. გალაქტიკურ პრობლემად წოდებული ეს პარადოქსი, დიდი აფეთქების თეორიის საწინააღმდეგო საუკეთესო არგუმენტად იქცა. პრობლემა აღარ იარსებებს თუ სამყაროს ფორმირების სცენარში ბნელ მატერიას შევიყვანთ (ბნელი მატერია სამყაროს ”ბავშვობის დროინდელ” ფოტოზე). ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ გალაქტიკების პირველადი ბირთვები, ატომების ფორმირებამდე, სწორედ ამ უხილავი მატერიისგან ყალიბდებოდა. მოგვიანებით კი ბნელი მატერიისგან შემდგარ მზა პროტოგალაქტიკებს უკვე ფორმირებული ატომები ”მიეწება”.
3 წუთი
სამყაროს არსებობის პირველი სამი წუთი პროტონები და ნეიტრონები, მაღალი ტემპერატურის გამო, ატომის ბირთვებს ვერ ქმნიდნენ, რადგან მომდევნო შეჯახებისთანავე ისევ იშლებოდნენ. მეოთხე წუთიდან დაწყებული სამყარო ისეთ დონემდე გაცივდა, რომელზეც შეჯახებათა ენერგია აღარ იყო საკმარისი შიდაბირთვული კავშირების გასაწყვეტად და სტაბილურმა ატომებმაც ჩამოყალიბება დაიწყეს.
დროთა განმავლობაში სხვა ელემენტარულ ნაწილაკებთნ შეჯახებებით ბირთვები კიდევ უფრო მძიმდებოდა. თუმცა ამ სტადიაზე მხოლოდ ყველაზე უფრო მსუბუქი ქიმიური ელემენტები გაჩნდა, რადგან მალე სამყარო ისეთ ზომამდე გაფართოვდა, რომელზეც შეჯახებები იშვიათ მოვლენად იქცა. ის, რომ დიდი აფეთქების თეორია ხსენებული მსუბუქი ელემენტების რაოდენობათა შეფარდებებს სწორად წინასწარმეტყველებს, ამ თეორიის მართებულობის საიმედო (და ლამაზ) მტკიცებულებად ითვლება.
10–5 წამი
ამ მომენტში – დაახლოებით წამის მეასიათასედში სამყაროს გაჩენის მექანიზმის დაწყების მერე კვარკები ელემენტარულ ნაწილაკებად გაერთიანდა. აქამდე, სამყარო კვარკებისა და ლეპტონების (ატომი) კომპაქტურ ზღვას წარმოადგენდა; ამ მომენტიდან ის გაცივების პროცესში მყოფ, ელემენტარული ნაწილაკების ოკეანედ გადაიქცა.
10–10 წამი
ფუნდამენტურ ურთიერქმედებათა დიდი გაერთიანების მომენტი (უნივერსალური თეორიები). სწორედ ამ დროს მოხდა ელექტრომაგნიტური და სუსტი ურთიერთქმედებების გაერთიანება. აქამდე, სამყაროში მხოლოდ სამი ძალა მოქმედებდა. ენერგიები, რომლებიც იმ დროინდელი სამყაროსთის იყო დამახასიათებელი, შეესაბამება ენერგიების მაჩვენებლებს, რომელთა განვითარება დღევანდელ ამაჩქარებლებზეა შესაძლებელი. ამიტომ ყველაფერი, რაზეც ზემოთ იყო ლაპარაკი, ექვემდებარება ექსპერიმენტულ გადამოწმებას, დანარჩენი კი მხოლოდ ჰიპოთეზებია…
10–35 წამი
ასეთ ტემპერატურებზე გაერთიანდნენ ძლიერი და ელექტროსუსტი ურთიერთქმედებები. აქამდე, სამყაროში მხოლოდ ორი ძალა მოქმედებდა, შემდეგ კი მათი რიცხვი სამამდე გაიზარდა. აქვე მოხდა ნახტომისებური გაფართოებაც, რომელსაც ინფლაცია ეწოდება. ის 10–32 წამამდე გრძელდებოდა. ერთდროულად, სამყაროდან გაქრა ანტინაწილაკები.
კვანტური ქრომოდინამიკა და სტანდარტული მოდელი მატერიის ქცევას წარმოუდგენელად მაღალი ტემპერატურის პირობებში აღწერენ, რომლებიც 10–35 წამის მერე არსებობდა. ეს თეორიები ექსპერიმენტებითაა შემოწმებული, ოღონდ უფრო დაბალ ენერგიებზე. ადრეული სამყაროს თეორიები ამ ნიშნულის იქეთ ვეღარ მიდის.
10–43 წამი
თეორეტიკოსთა ვარაუდით, გრავიტაციის სხვა ძალებთან გაერთიანება ამ ნიშნულზე მოხდა. აქამდე, სამყაროში ერთიანი და განუყოფელი ძალა მოქმედებდა. რა იყო ამ მომენტამდე? ისღა დაგვრჩენია ვიმკითხაოთ ან დავწეროთ, როგორც შუა საუკუნეების მეზღვაურებმა გეოგრაფიულ რუქებზე მიაწერეს: ”ფრთხილად, იქეთ ურჩხულები არიან!”.