2009-2014 წლებში, ამერიკელებმა და ბრიტანელებმა, ვარსკვლავმფრენის კონცეფციაზე დაიწყეს მუშაობა, რომლითაც მზესთან ახლოს მდებარე ვარსკვლავებამდე მისვლა 50-100 წელიწადში იქნებოდა შესაძლებელი. Icarus-ის წინამორბედი იყო Daedalus პროექტი, რომელიც შეიქმნა 1973-1978 წლებში.
“იკარუსზე” მუშაობა 2009 წლის 30 სექტემბერს დაიწყო, დასრულება კი 2014 წლისთვის იგეგმებოდა. მეცნიერთა და ინჟინერთა საერთაშორისო ჯგუფის მიზანი იყო შეექმნათ თერმობირთვულ რეაქციაზე დაფუძნებული გამწევი სისტემა, რომელიც სინათლის სიჩქარის 10-20%-მდე ააჩქარებდა კოსმოსურ ხომალდს. სამუშაოს მსვლელობისას, მთლიანად გადაიხედება წინამორბედი სისტემა – “დედალუსი” (1973-1978 წ.).
პროექტ “იკარუსის” შექმნაზე ამერიკელი მეცნიერების არაკომერციული ჯგუფი Tau Zero Foundation-ი მუშაობს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პრეზიდენტი არის ცნობილი ფიზიკოსი, მარკ მილისი. ადრე ის მოწინავე კოსმოსური ძრავების კონცეფციაზე მუშაობდა ნასაში. პროექტში აგრეთვე მონაწილეობდნენ ბრიტანეთის საპლანეტათშორისო საზოგადოების წევრები (British Interplanetary Society — BIS). “დედალოსი” უნდა ყოფილიყო ორსაფეხურიანი ხომალდი, 54 000 ტონა სასტარტო მასით (აქედან 50 000 ტონა თერმობირთვულ საწვავზე მოდიოდა). საწვავად ნავარაუდევი იყო დეითერიუმისა და ჰელიუმ-3-ის ნაზავის გრანულების გამოყენება.
იმპულსური თერმობირთვული ძრავი ასე იმუშავებდა: საწვავი გრანულები მაღალი სიხშირით გამოიტყორცნებოდა საქშენში, სადაც ისინი მოხვდებოდა მძლავრი ლაზერების ან იონური სხივების ზემოქმედების ქვეშ. მაღალ ტემპერატურამდე გაცხელების მერე, საწვავის გრანულებში დაიწყებოდა თერმობირთვული რეაქცია. რეაქციით გავარვარებული პროდუქტებისგან ძრავის კედლებს დაიცავდა მაგნიტური ველი. ველთან შეხების ადგილზე წარმოიქმნებოდა რეაქტიული გამწევი ძალა, სწრაფად გაფართოებადი და მაღალი სიჩქარით გამოტყორცნილი პლაზმის ხარჯზე.
პროექტ „იკარუსით“ დაკავებული ფიზიკოსები და დიზაინერები ცდილობენ თეორიულად მაინც დაადგინონ, რა შეუძლია და რა არა თანამედროვე ტექნიკას ისეთი ამბიციური მიზნის მისაღწევის საქმეში, როგორიცაა ვარსკვლავთმფრენის აგება. ეს პროექტი მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება მეცნიერთა ახალი თაობებისთვის, რომლებიც მზად არიან გავიდნენ მზის სისტემის ფარგლებს გარეთ.