2023 წელი დასრულდა. მიუხედავად ომებისა და უბედურებისა, რაც ადამიანთა საზოგადოების განუყრელი ნაწილია, ასტრონომია, ასტროფიზიკა და სხვა მეცნიერებები, რომლებიც ცოცხალ და არაცოცხალ სამყაროს იკვლევს, განვითარებას აგრძელებს. მეცნიერებმა ბევრი საოცარი აღმოჩენა გააკეთეს სამყაროს საიდუმლოებების ამოხსნაზე მუშაობისას, რომელთაგან ზოგიერთის შესახებ ამ სტატიაში გაიგებთ.
მზის აქტიურობის ნაადრევად დამდგარი მაქსიმუმი
ბოლო რამდენიმე თვეა, ჩვენი მნათობი უცნაურად იქცევა და 2023 წელს, ყველა ადამიანმა შეძლო ამის შეგრძნება. მზის ამოფრქვევებით გამოწვეული პოლარული ნათება საქართველოდანაც კი გამოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ პოლუსებიდან საკმაოდ შორს ვართ (მზის მკლავებში – გეომაგნიტური ქარიშხალი და ადამიანი).
მზის აქტიურობის მაჩვენებელია ვოლფის რიცხვი – ლაქების რაოდენობა მზის ხილულ ნახევარსფეროზე. აქტიურობის დონეს პერიოდულობა ახასიათებს, დაახლოებით 11 წელი. XX საუკუნეში ეს პერიოდი 10 წელს უტოლდებოდა, ხოლო უკანასკნელი 300 წლის განმავლობაში, 7-დან 17 წლამდე ვარირებდა. მზის აქტიურობის ციკლებს მიმდევრობით ნომრავენ, პირობითად აღებული პირველი ციკლიდან, რომლის მაქსიმუმი იყო 1761 წელს. 2014 წელს, 24-ე ციკლის მაქსიმუმი დაიმზირებოდა (მზის აქტიურობა და ციკლები).
საშუალო ტემპერატურის კიდევ ერთი რეკორდი
2023 წელს, რამდენიმე ტემპერატურული რეკორდი დამყარდა ჩვენს პლანეტაზე. 5 ივლისის ორშაბათს, საშუალო ტემპერატურამ რეკორდულ 17,01 ° C-ს მიაღწია, მთელი ის ივლისი კი ყველაზე ცხელი თვე გამოდგა ისტორიაში. გარდა ამისა, რეკორდულად გათბა დედამიწის ოკეანეებიც. საბოლოოდ, 2023 წლის ზაფხული ყველაზე ცხელი აღმოჩნდა, რაც კაცობრიობამ ამ მაჩვენებელზე დაკვირვება დაიწყო. დედამიწის კლიმატი იცვლება და ეს არც თუ ისე კარგი ამბავია (+2°C-ით მატებაც კი ყველაფერს ცვლის…).
იუპიტერის ახალი ბუნებრივი თანამგზავრები
მზის სისტემის ყველაზე დიდ პლანეტას, ასტრონომებმა კიდევ 12 “მთვარე” აღმოუჩინეს. იუპიტერის თანამგზავრების საერთო რაოდენობამ 92-ს მიაღწია. თუმცა ამ პარამეტრით მაინც ჩამორჩება სატურნს, რომელსაც 146 ცნობილი თანამგზავრი ჰყავს. ყველა ახლად აღმოჩენილი სხეული მხოლოდ რამდენიმე კილომეტრის ზომისაა და უფრო დიდი მთვარეების ფრაგმენტები შეიძლება იყოს, რომლებიც შეჯახების დროს განადგურდა. 9 მათგანი რეტროგრადულია, ანუ ბრუნვის მიმართულება საპირისპიროა იმ მიმართულებისა, საითაც ცენტრალური პლანეტა ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო (კიდევ იუპიტერის შესახებ).
ამატერასუ – ექსტრაენერგიული ნაწილაკის იდენტიფიცირება
2021 წლის 27 მაისს, დედამიწის ატმოსფეროში ნაწილაკი შემოიჭრა, რომლის ენერგია 244 ექსაელექტრონვოლტს უტოლდებოდა (18 ნული). ამატერასუდ (მზის ღვთაება იაპონური მითოლოგიიდან) წოდებული ამ ნაწილაკის მოფრენის მიმართულების დადგენა რთულია, სავარაუდოდ, ე.წ. ადგილობირვი ცარიელი სივრციდან უნდა იყოს, რომელიც ადგილობრივ გალატიკურ “ძაფებს” შორის მდებარეობს (კოსმოსური აბლაბუდა). კოსმოსური სხივების მუხტის მქონე ნაწილაკები გზად შემხვედრ გალაქტიკურ მაგნიტურ ველებში გადაიხრება და მათი მოსვლის მიმართულების დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელია, “ღმერთო ჩემოსა” (1991 წ.) და “ამატერასუსგან” განსხვავებით, რომელთა ტრაექტორია მრუდს უფრო უნდა ჰგავდეს. შედარებისთვის, ასეთი ნაწილაკის ენერგია, 160 კმ/სთ. სიჩქარით მოძრავი ჩოგბურთის ბურთის კინეტიკური ენერგიის ტოლია (!!!) (გრაიზენი-ზაცეპინი-კუზმინის ზღვარი (გზკ), ექსტრაენერგიული ნაწილაკები და პარადოქსი).
ფოსფორი და ჰიდროციანმჟავა ენცელადეზე
გასული წლის ივნისში, ზონდ “კასინის” მიერ შეგროვებულ მონაცემებზე მომუშავე მეცნიერთა ჯგუფმა განაცხადა, რომ ენცელადეზე აღმოაჩინეს ფოსფატები, ფოსფორის შემცველი ორგანული ნივთიერებები, რომლებიც ცოცხალი ორგანიზმების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია (ნიკელბეკი, მზე და სიცოცხლის წარმოშობა).
დეკემბერში, მეცნიერთა სხვა ჯგუფმა, იმავე “კასინის” მონაცემებზე დაყრდნობით, შეიტყო, რომ ენცელადეზე არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ორგანული ნაერთი – ჰიდროციანმჟავა. გარდა ამისა, მისი ოკეანის სიღრმეში დიდი ქიმიური აქტივობის კვალია აღმოჩენილი (ენცელადე).
ასტეროიდი დინკინეში
კოსმოსური ხომალდი “ლუსი”, მისთვის პირველ ასტეროიდს, 152830 დინკინეშს შეხვდა და აღმოაჩინა, რომ მთავარი ასტეროიდული სარტყლის ამ ასტეროიდს თანამგზავრი ჰყავს. სახელი ამჰარულ ენაზე ნიშნავს “შენ ხარ მშვენიერი”, იგულისმება ეთიოპიაში აღმოჩენილი ნამარხი ქალი ლუსი. 400 კილომეტრზე ოდნავ მეტი მანძილიდან, ორმაგი სისტემის ეს მკაფიო გამოსახულება, “ლუსის” შორეული დაზვერვის კამერით იქნა მიღებული, როცა ასტეროდს მან 4,5 კილომეტრი წამში სიჩქარით ჩაუარა (16 200 კმ/სთ). დინკინეში არც ისე დიდი ზომისაა, ყველაზე დიდ ნაწილში მისი სიგრძე 800 მეტრზე ნაკლებია. კოსმოსური ხომალდის თვალსაწიერიდან, დინკინეშის თანამგზავრი მის უკნიდან ამომავალი ჩანს. პატარა “მთვარის” ზომა დაახლოებით 220 მეტრია (თანამგავრიანი ასტეროიდი).
გეოლოგიურად აქტიური მარსი
წინა წელს, პლანეტოლოგები საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ მარსისი წიაღის მკვლევარი აპარატის, “ინსაითის” მიერ ადრე რეგისტრირებული სეისმური ბიძგები შემთხვევითობა არ არის. მარსის სიღრმეში თხევადი მაგმა ჯერ კიდევ არსებობს და ვულკანური პლუმიც კი წარმოიქმნა – ცხელი ნადნობის მასიური ნაკადი, რომელსაც ვულკანიზმი შეუძლია გამოიწვიოს.
2023 წლის დეკემბერს, მეცნიერებმა კიდევ უფრო დეტალურად შეისწავლეს ელიზიუმის (რომელზეც “ინსაითი” დაეშვა) სახელით ცნობილი ვულკანური დაბლობი. თანამგზავრებიდან გადაღებული ფოტოსურათების ანალიზის შემდეგ მათ დაასკვნეს, რომ ბოლო ამოფრქვევა იქ 1 მილიონიდან, 120 მილიონამდე წლის წინ მოხდა და არა 3 მილიარდი წლის წინ, როგორც აქამდე ითვლებოდა.
ფონური გრავიტაციული ტალღები
68 პულსარზე (მასიური ვარსკვლავისგან დარჩენილი ზემკვრივი, სწრაფად მბრუნავი, სტაბილურად პულსირებადი ნეიტრონული ვარსკვლავი) დაკვირვებით, რაც ძალიან დიდი რადიოტელესკოპების საშუალებით ხდებოდა, კონსორციუმმა – NANOGrav (ნანოჰერცული დიაპაზონის გრავიტაციული ტალღების ჩრდილოეთ ამერიკული ობსერვატორია), სამყაროს გრავიტაციული ფონი აღმოაჩინა, ამ პულსარებიდან მოსული სიგნალების დროში მცირე წანაცვლებების ზუსტად გაზომვის საფუძველზე. აღმოჩენილ წანაცველბათა კორელაცია სხვადასხვა პულსარებისთვის იმაზე მიუთითებს, რომ ეს, გრავიტაციული ტალღებით არის გამოწვეული. გრავიტაციული ტალღების ფონი, სავარუდოდ, ათასობით და მილიონობით ორმაგი ზემასიური შავი ხვრელებისგან წარმოიქმნა. ამის შესახებ, დამოუკიდებლად მომუშავე ევროპელი, აზიელი და ავსტრალიელი მეცნიერები იუწყებიან. სურათზე გამოსახულია ზემასიური შავი ხვრელების ორმაგი სისტემა და რამდენიმე პუსლარი, რომელთაგან მოსულ სიგნალებში მცირე წანაცვლებები იქნა აღმოჩენილი. გრავიტაციული ტალღების ზემოქმედება სივრცე დროზე, დეფორმირებული ბადის სახით არის წარმოდგენილი. ადრე, LIGO და Virgo-ს მიერ აღმჩენილი იქნა მაღალი სიხშირის გრავიტაციული ტალღები, რომლებიც ე.წ. ვარსკვლავური მასის ცალკეული შავი ხვრელების შერწყმის შედეგად იყო გამოსხივებული (სამყაროს გრავიტაციული ფონის აღმოჩენის პირველი ნიშნები).
ბოლო ათწლეულის ყველაზე ახლო ზეახალი
ზეახალი SN 2023ifx, იაპონელმა ასტრონომმა, კოიჩი იტაგაკიმ, სამი დღის წინ აღმოაჩინა. აფეთქება რეგისტრირებული იქნა ცვიკის სახელობის ტრანზიენტული ობიექტების აღმოსაჩენი რობოტიზებული სისტემითაც. SN 2023ifx, ფოტოგენურ სპირალურ გალაქტიკაში, სპირალურ М101-ში აინთო, რომლამდე მანძილი 21 მილიონი სინათლის წელია. ამის გამო, ეს ზეახლი, ჩვენთან ყველაზე ახლოს მდებარეა უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში აღნმოჩენილ ზეახალთა შორის, ასევე, მეორეა ყველაზე ახლოს ბოლო 10 წლის განმავლობაში და მეორევე M101-ში ბოლო 15 წლის განმავლობაში აღმოჩენილ ზეახლებს შორის (გალაქტიკათა ადგილობრივი ჯგუფი და დიდებული ანდრომედა). სასწრაფოდ ჩატარებული დამზერებით დადგინდა, რომ ეს არის II ტიპის ზეახალი – მასიური ვარსკვლავის კოლაფსი, რომელსაც თერმობურთვული საწვავი გაუთავდა. SN 2023ifx, სავარაუდოდ, კიდევ მეტად აკაშკაშდება და რამდენიმე თვე იქნება ტელესკოპებით დამზერადი. ასეთი ახალგაზრდა და ახლოს მდებარე II ტიპის ზეახალის შესწავლით, მეცნიერები მეტ ინფომაციას მიიღებენ მასიური ვარსკვლავების ევოლუციური პროცესებისა და მათი აფეთქების მიზეზების შესახებ (ზეახალი ვარსკვლავი; როგორ კვდებიან ვარსკვლავები).