არსებობს მწვანე მეტეორები და მწვანე კომეტები, მაგრამ არა მწვანე ვარსკვლავები

 ასტრონომიული თვალსაზრისით, მწვანე – საინტერესო ფერია (forbes.com). ჩვენი თვალები მწვანე ფერისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა, ამიტომ ცაში მას იოლად ვამჩნევთ: არსებობს მწვანე კომეტები, მწვანედ გაიელვებს ხოლმე მეტეორები, მწვანე სანახაობებს გვთავაზობს ჩრდილოეთის ციალი, ზოგიერთი შორეული გალაქტიკაც კი მოჩანს მწვანედ. მოკლედ, მწვანე ფერი კოსმოსში – ჩვეულებრივი მოვლენაა.

 მაგრამ აი რა არის ყველაზე საინტერესო: თითქოსდა ერთი და იგივე შეფერილობის მქონე კოსმოსური ობიექტები, სულ სხვადასხვა მიზეზით არის მწვანე: მაგალითად, ბევრი კომეტა მზესთან მიახლოებისას მწვანედ მოელვარე გაზის კუდს გამოიბამს; კომეტის უმეტეს შემადგენელს წყალბადი წარმოადგენს, თუმცა შეიძლება შეიცავდეს ისეთ მინარევებსაც, როგორიცაა ციანიდი (CN2) და ნახშირბადი (C). ეს მოლეკულები სპექტრის მწვანე ფერის დიაპაზონში ასხივებს, რის გამოც კომეტა მწვანედ ელვარებს. საინტერესოა, რომ ციანიდი ასტრონომებმა პირველად 1910 წელს ჰალეის კომეტის კუდში დააფიქსირეს, რასაც პრესაში პანიკა მოჰყვა – ყველა ელოდა, რომ ჰალეის კომეტის შხამიანი კუდი დედამიწაზე ცოცხალ არსებებს გაანადგურებდა.

ლეონიდის მწვანე კვალი (სურათის ავტორი მაიკლ ლევილი).

 მეტეორები სულ სხვა მიზეზით არის მწვანე – როდესაც მეტეორული ნამცეცი ატმოსფეროში შემოიჭრება, ხახუნით გამოწვეული მაღალი ტემპერატურა მათი გარსის აორთქლებას იწვევს და მეტეორის შემადგენლობაში შემავალი მეტალები გარკვეული ფერით ალდება. მწვანე ნათება ნიკელისა და სხვა ზოგიერთი მეტალის დამსახურებაა. საინტერესოა, რომ მეტეორების უმეტესობა, სწორედაც რომ, რკინა–ნიკელისაა და ატმოსფეროში მაღალი სიჩქარით შემოჭრის მომენტში განსაკუთრებით მკვეთრად ანათებს. მაგალითად, ლეონიდების სწრაფი მეტეორების მწვანე კვალი.

 მწვანედ მოელვარე გალაქტიკებს ზედმეტსახელად “მწვანე მუხუდოს მარცვლის გალაქტიკებს” უწოდებენ. ამ კომპაქტურ ობიექტებს ჟანგბადის მაღალი კონცენტრაციის გამო კაშკაშა მწვანე შეფერილობა აქვს: ვარსკვლავური და გალაქტიკური გამოსხივებით იონიზებისას, ჟანგბადი მკვეთრი მწვანე ფერის დიაპაზონში ასხივებს. ამ მოვლენის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პირობაა გალაქტიკაში აირადი ჟანგბადისა და ულტრაიისფერ დიაპაზონში მასხივებელი ახალგაზრდა მნათობების ძალიან დიდი რაოდენობით არსებობა. ეს იმას ნიშნავს, რომ “მწვანე მუხუდოს მარცვლის გალაქტიკები” ახალგაზრდა წარმონაქმნებია, სადაც დიდი ოდენობით ვარსკვლავების ფორმირება მიმდინარეობს. შესაძლოა, ასეთ მოვლენებს მასიურად ჰქონდა ადგილი წარსულში, რასაც ასტრონომიაში “ადრეული სამყაროს იონიზაცია”–ს უწოდებენ.

მზის ელექტრომაგნიტური გამოსხივების სპექტრი (ავტორი: რობერტ ა. როდე).

 მაშასადამე, მწვანე ფერი კოსმოსში ჩვეული მოვლენაა და მას ჩვენი თვალიც განსაკუთრებულად აღიქვამს. მაშინ, სად არის მწვანე ვარსკვლავები?! ყველას შეუძლია დაინახოს წითელი, ყვითელი, ლურჯი და თეთრი ვარსკვლავები, მაგრამ მწვანე?! ამ სამწუხარო ფაქტის მიზეზი ის არის, რომ სხვა კოსმოსური ობიექტებისგან განსხვავებით, ვარსკვლავები თვითონ წარმოადგენენ სინათლის წყაროს; კომეტები, მეტეორები და გალაქტიკის გაზის ღრუბლები სხვა ობიექტების სინათლის მეშვეობით ანათებენ, რაც მათ ატომებსა თუ მოლეკულებს აღაგზნებს: ელექტრონები ერთი კვანტური დონიდან მეორეზე გადახტებიან და სპექტრის გარკვეულ (მწვანე) დიაპაზონში ასხივებენ (გაზის იონიზაცია). ვარსკვლავთა ნათება მათივე წიაღში არსებული უზარმაზარი ტემპერატურის დამსახურებაა; ვარსკვლავებს ე.წ. “თერმობირთვული შავი სხეულის გამოსხივება” ახასიათებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთ რომელიმე სპექტრულ უბანში ვერ გამოასხივებენ – მათი სინათლე ყოველთვის მოიცავს ელექტრომაგნიტური სპექტრის რამდენიმე უბანს. ვარსკვლავების ფერი მათ ტემპერატურაზეა დამოკიდებული: ცივი ვარსკვლავები – წითელი ფერისაა, უფრო ცხელი – ნარინჯისფერი და ყვითელი, უცხელესი ვარსკვლავები კი თეთრი და ლურჯი ფერით ასხივებენ. სამწუხაროდ, არ არსებობს ვარსკვლავი, რომლის გამოსხივების მაქსიმუმიც მხოლოდ სპექტრის მწვანე უბანშია, რადგან ვარსკვლავის გამოსხივებაში ყოველთვისაა მისი თერმული (სითბური) გამოსხივების წითელი სპექტრი და ბირთვული გამოსხივების ლურჯი სპექტრი; ლურჯი, მწვანე და წითელი სხივების კომბინაციას ჩვენი თვალი თეთრად აღიქვამს; და ვინაიდან, არ არსებობს ვარსკვლავი სითბოს გარეშე, სამწუხაროა, მაგრამ მწვანე ვარსკვლავის არსებობაც, უბრალოდ, შეუძლებელია.

 მაგრამ ნუ დაღონდებით – კოსმოსში მწვანე ობიექტი იმდენია, რომ მწვანე ვარსკვლავების არარსებობით დიდი არაფერი დაგვიკარგავს.

ავტორი: მარიკა ტარასაშვილი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.