ტრილიონი მზის ენერგიით

 გიგანტურმა შავმა ხვრელმა წარმოქმნა კოსმოსური ქარი, რომლის ძალასაც გალაქტიკის ბედის შეცვლა შეუძლია. რენტგენის დიაპაზონში მომუშავე ტელესკოპებმა, დედამიწიდან 2 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკის – PDS 456, ცენტრალური ზემასიური ხვრელიდან თანაბრად ამომავალი გავარვარებული გაზები აღმოაჩინა. ასტრონომებს ასეთი ქარები აქამდეც უნახავთ, თუმცა ცენტრიდან ყველა მიმართულებით მოძრავი, სფეროს მაფორმირებელი ქარი პირველად დაინახეს.

 ასტრონომთა აზრით, ეს ქარი PDS 456-ის მომავალს შეცვლის. ხვრელს ”საკვების” მარაგი უმცირდება, ვარსკვლავთ წარმომქმნელი პროცესები კი შეჩერდება. შესაძლებელია, რომ ძლიერი კოსმოსური ქარები გალაქტიკათა ევოლუციის შემადგენელი ნაწილია – მათ გალაქტიკის ნაადრევი ”დაბერება” შეუძლიათ(გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები).


“NuSTAR”(NASA).

 ზემასიური შავი ხვრელი PDS 456-ის ცენტრში, უზარმაზარი რაოდენობის მატერიას შთანთქავს: გაზი და მტვერი ხვრელის გრავიტაციულ მორევში იძირება. მატერიის ვარდნისას შავ ხვრელზე გამოიყოფა სინათლე, რომელიც მთელი გალაქტიკის ვარსკვლავების ელვარებას ფარავს. ასეთ ახალგაზრდა და ელვარე გალაქტიკებს – კვაზარებს(1) უწოდებენ(შავი ხვრელების საიდუმლო).


XMM-ნიუტონი(ESA).

 PDS 456-ზე ჩატარებული ახალი დაკვირვებებით, ხვრელიდან ამომავალი გიგანტური ბუშტულა დაფიქსირდა. ორბიტალური ტელესკოპების – ”ნუსტარი” და ”XMM-ნიუტონი”, გამოყენებით მეცნიერები ამ გალაქტიკის ფოტოებს 2013-2014 წლებში იღებდნენ. ახალი კვლევებით დადგინდა, რომ ფოტონები, რომელსაც შთანთქმის პროცესში მყოფი მატერია ასხივებს, ახლოს მდებარე გაზებთან ერთად, კოსმოსურ ქარს ქმნიან. აქამდე ითვლებოდა, რომ ზემასიური შავი ხვრელების ამონაფრქვევს ვიწრო ჭავლის ფორმა ჰქონდა და არა სფერული. PDS 456-დან მქროლი ქარები წამში უფრო მეტ ენერგიას ანიავებენ, ვიდრე ტრილიონზე მეტი მზე ასხივებს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.