უცნაური ლაქები ბეტელგეიზეზე

 ბრიტანელმა მეცნიერებმა ვარსკვლავ ბეტელგეიზეს გარე ატმოსფეროში გაცხელებული გაზებისაგან შემდგარი ორი ლაქა აღმოაჩინეს(arXiv.org).

 გამოსახულებაზე, რომელიც 2012 წლის ივლისში e-MERLIN-ის რადიოტელესკოპების ქსელით იქნა მიღებული, ვარსკვლავის ატმოსფეროში ცხელი გაზების ორი მონაკვეთი იქნა დაფიქსირებული. ლაქების ტემპერატურა 4-5 ათას კელვინს შეადგენს, ანუ უფრო მაღალია, ვიდრე ვარსკვლავის ხილული ზედაპირის ტემპერატურა(მაქსიმუმ 3600 კელვინი).
 მეცნიერები თავიანთ ნამუშევარში ცხელი ლაქების გაჩენის ოთხ შესაძლო მიზეზს განიხილავენ: ცხელი გაზების გადაადგილება ატმოსფეროს შიგა ფენებიდან; გამჭვირვალე ცივი მონაკვეთები გარე ატმოსფეროში, რომლებიდანაც აქამდე შეუმჩნეველი შიდა ფენები ჩანან; გაზის გაცხელება პულსაციისა და კონვექციის გამო; ვარსკვლავის ცენტრიდან უფრო შორს მდებარე ქრომოსფეროს გამოჩენა აკუსტიკური და მაგნიტური პროცესების ზეგავლენით.
 ახალი კვლევებით ბეტელგეიზედან 7,4 მილიარდი კოლომეტრის მანძილზე მდებარე ცივი გაზების ორი რკალიც გამოვლინდა(მანძილი პლუტონიდან მზემდე მაქსიმალური დაშორებისას). გაზური რკალის მასა, 150 კელვინი ტემპერატურით, დამიწის მასის ორ მესამედს უტოლდება.
კვლევის ერთ-ერთი ავტორი, დოქტორი ანიტა რიჩარდსი ამბობს, რომ ვარსკვლავიდან გაზების ამოფრქვევის მექანიზმი ამ დრომდე გაურკვეველია. ”ყოველწლიურად ბეტელგეიზე დედამიწის მასის ტოლფას გაზს კარგავს. ეს გაზი გაჯერებულია ელემენტებით, რომლებიდანაც მომავალი ვარსკვლავები და პლანეტები ფორმირდებიან” – დასძენს რიჩარდსი.
ბეტელგეიზე ორიონის თანავარსკვლავედში, დედამიწიდან 650 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და ერთ-ერთი ახლო წითელი ზეგიგანტია(ჰერცშპრუნგ-რესელის ვარსკვლავური დიაგრამა). 2011 წელს ასტრონომებმა შეძლეს დაედგინათ, რომ მისი მასა 13 მზის მასას უტოლდება.

One comment

  1. ბოდიშით მაგრამ წინა დიზაინი ჯობდა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.