პროგრამა SETI(უცხოპლანეტელების სიგნალების ძებნა)-ს ჩარჩოებში ჩატარებულმა პირველმა ”მიმართულმა” ძებნამ ვერანაირი შედეგი ვერ მოიტანა, რაც თავის მხრივ შედეგიცაა, თან სრულიად მოსალოდნელი(phys.org).
მკვლევართა ჯგუფმა SETI-ს ვეტერან ჯილ თართერთან ერთად, ძალისხმევა მიმართა ვარსკვლავურ სისტემებზე, რომლებშიც პლანეტებისა და მათზე ბიოლოგიური სიცოცხლის არსებობის შანსები ”საშუალოზე მაღალია”. ასეთების როლში განიხილებოდა პლანეტათა სისტემები, რომლებშიც ხუთზე მეტი პლანეტაა აღმოჩენილი, ”სუპერდედამიწები”(1) ბრუნვის 50 დღიანი პერიოდით, სადაც პლანეტები, თავიანთი ვარსკვლავიდან თხევადი წყლის არსებობისათვის საჭირო დისტანციაზა განლაგებული. მონაცემები ასეთ სისტემებზე ორბიტალური ტელესკოპის – ”კეპლერი”, საშუალებით იქნა მიღებული(საზღვრებში მოქცეული სიცოცხლე).
დასავლეთ ვირჯინიაში მდებარე Green Bank-ის რადიოტელესკოპით, თართერი და მისი კოლეგები ე.წ. ცის პერსპექტიულ ნაწილს 2011 წლის თებერვლიდან, აპრილის ჩათვლით იკვლევდნენ. მათი მიზანი იყო რადიოსიგნალების აღმოჩენა, რომელთა სიხშირეები 1-2 გიგაჰერცის ფარგლებშია. ასტრონომთა აზრით, ხელოვნური წარმოშობის სიგნალები სწორედ ამ დიაპაზონებში უნდა იყოს.
დედამიწიდან მომავალი რადიოხმაურის გამოსარიცხად, ასტრონომები მხედველობაში მარტო იმ სიგნალებს იღებდნენ, რომლებიც მაშინ მოდიოდა, როცა ტელესკოპი ზუსტად მიზნისკენ იყო მიმართული – 52 სისტემიდან ერთ-ერთისკენ.
დაგროვებული მონაცემების ანალიზის მერე, თართერი და მისი ჯგუფის წევრები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ხელოვნური წარმოშობის სიგნალების დაფიქსირება არ მომხდარა. სამაგიეროდ, გარკვეულწილად შესაძლებელი გახდა ე.წ. მეორე ტიპის ცივილიზაციების(ასეთები მთლიანად იყენებენ თავიანთი მნათობის ენერგიას) არსებობის შანსების დადგენა: უფრო მცირე, ვიდრე ერთი მილიონიდან, ცალკეული პლანეტარული სისტემისთვის.