ბეტელგეიზეს გამოცანა

 ასტროფიზიკოსებმა, წითელ ზეგიგანტ ბეტელგეიზეზე დაკვირვების დროს, მის გარშემო რამდენიმე მტვროვანი რკალი აღმოაჩინეს. როგორც ჩანს, ეს, ვარსკვლავის ევოლუციის სხვადასხვა ეტაპებზე გამოფრქვეული მატერიაა. გარდა ამისა, აღმოჩენილი იქნა წაგრძელებული სტრუქტურაც, რომლის ბუნება ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება.

 ორიონის თანავარსკვლავედის ამ ზეგიგანტამდე მანძლი 495-დან 640-მდე სინათლის წელია, მზეზე 17-ჯერ მასიურია, ხოლო დიამეტრით მასზე 950-დან 1000-მდე ჯერ დიდი. ნათობით(პერიოდი-ნათობა) კი მზეზე 80-105 ათასჯერ ელვარე. გარდა ამისა, ბეტელგეიზე საერთოდ, ასტრონომთათვის ცნობილ დიდ ვარსკვლავებს შორის ერთ-ერთია, მზის ადგილზე რომ მოგვეთავსებინა, მინიმალური გაფართოების დროს მარსის ორბიტას გადაფარავდა, ხოლო მაქსიმალურის დროს იუპიტერისას.

  მიუხედავად ამისა, ასეთ გიგანტსაც, რომელიც გალაქტიკაში 30 კმ/წმ-ში სიჩქარით მიქრის, თავისი პატარა გამოცანებიც გააჩნია. მაგალითად, აქამდე უცნობია, ევოლუციის რომელ ეტაპზე იმყოფება ეს ვარსკვლავი. ითვლება, რომ ბეტელგეიზე 10 მილიონი წლისაა, ნახშირბადის თერმობირთვული წვის ფაზაშია და მალე ზეახლად უნდა აფეთქდეს – რამდენიმე ათასი წლის მერე. ამაზე, როგორც მეცნიერები ფიქრობენ, მისი ნათობის ცვალებადობა მეტყველებს(როგორ კვდებიან ვარსკვლავები).

 აქედან გამომდინარე, ვარსკვლავმა წითელი გიგანტის ფაზაში უკვე დიდი ხანია შეაბიჯა – მინიმუმ რამდენიმე ათეული ათასი წლის წინათ. წინა საუკუნის ოთხმოციან წლებში ამ ვარსკვლავის ევოლუციაზე განსხვავებული თვალსაზრისი გაჩნდა. თან ის არა ასტროფიზიკოსებმა წარმოადგინეს, არამედ არქეოლოგებმა. საქმე იმაშია, რომ ჩინეთის ჩრდილოეთში ჩატარებული გათხრების დროს იქაურმა არქეოლოგებმა, ჩვენ ერამდე პირველი საუკუნის დროინდელი, სამეფო კარის ასტრონომების ჩანაწერები აღმოაჩინეს. ჩანაწერებიდან აშკარად გამომდინარეობდა, რომ ბეტელგეიზეს ფერი მაშინ თეთრს ან ყვითელს შეესაბამებოდა(ძველ ჩინურ ენაზე ეს ფერები ერთი და იგივე იეროგლიფით გამოისახება. არქეოასტრონომია).

 ამავე დროს, იგივე ეპოქაში პტოლემეუსი ამ ვარსკვლავს წითლად მოიხსენიებს. გამოდის, რომ მისი ტრანსფორმაცია, რომლის დროსაც ყვითელმა ჯუჯამ თავისი გაზისა და მტვრის გარსი მოიშორა, დაახლოებით 2000 წლის წინათ მოხდა! ამ ყველაფერის გამო ჩინელმა ასტრონომმა ფან ლი ჩჟიმ ივარაუდა, რომ ბეტელგეიზე წითელი გიგანტის სტადიაში ახლახანს შევიდა და ზეახლად 5-10 ათასი წლის მერე აფეთქდება.

 ბეტელგეიზეს მეორე გამოცანა მის გარშემო არსებული გაზ-მტვროვანი ნისლეულია, რომლის დანახვა დიდი ხნის განმავლობაში ვარსკვლავის ძლიერი ნათობის გამო შეუძლებელი იყო. ნისლეული აღმოაჩინეს, გამოცანა კი დარჩა – ეს მოშორებული გარსის ნარჩენებია თუ სხვა რამ? არც თუ ისე დიდი ხნის წინათ, ნისლეული „ჰერშელის“ საშუალებით(ინფრაწითლ დიაპაზონში) შეისწავლეს და ზოგიერთ შეკითხვას პასუხიც გაეცა.

 მაშ რა ხდება წითელი გიგანტის თავს? ასტროფიზიკოსებმა ვარსკვლავის მოძრაობის მიმართულებით მტვრის რკალები დაინახეს. ისინი ვარსკვლავის ბობოქარი ისტორიის მომწმეები არიან. საინტერესოა, რომ ვარსკვლავთან უფრო ახლოს მდებარე, მისსავე მოშორებული გარსი, აშკარად გამოხატული ასიმეტრიის დემონსტრირებას ახდენს. ხოლო დიდი კონვექტიური უჯრედები ვარსკვლავის გარე ატმოსფეროში, ალბათ, ბეტელგეიზეს ევოლუციის სხვადასხვა ეტაპებზე მტვრის ლოკალურ, ნაწყვეტ ამოფრქვევებს იწვევდა.

 გამოდის, რომ ნისლეულის ძირითადი ნაწილი ვარსკვლავის მიერ მოშორებული გარსისგან არის ფორმირებული, რომელიც ვარსკვლავმა მოგვიანებით გამოტყორცნა. ვარსკვლავიდან ოდნავ შორს, მტვროვან რკალებს იქეთ, უცნაური სწორხაზოვანი წარმონაქმნი დაიმზირება. ადრინდელი ჰიპოთეზების მიხედვით, ეს ევოლუციის წინა ეტაპზე მოშორებული მატერიის კვალია, თუმცა ახალი გამოსახულების ანალიზი იმაზე მეტყველებს, რომ ეს რაღაც ან გალაქტიკის მაგნიტურ ველს უკავშირდება, ან ახლოს მდებარე ვარსკვლავთშორისი ღრუბლის კიდეა, რომელსაც ბეტელგეიზე ანათებს(ამრეკლი ნისლეული).

 თუ ჩავთვლით, რომ ეს ზოლი რაღაც ცალკეული ობიექტია, ყურადღებას ბეტელგეიზეს მოძრაობაზეც გავამახვილებთ, ასევე ვარსკვლავსა და ობიექტს შორის მანძლზე, შეიძლება დავასკვნათ, რომ რკალები მას 5000 წლის მერე შეეჯახება. ხოლო თვითონ ზეგიგანტი ამ უცნაურ ობიექტს დაახლოებით 12,5 ათასი წლის მერე მიაღწევს. რა მოხდება ამ დროს, ჯერჯერობით გაურკვეველია.

 ასტრონომები ამ ობიექტის ბუნებას ჯერჯერობით ვერ ადგენენ, ამიტომ ბეტელგეიზეს კვლევა გრძელდება, არ არის გამორიცხული, რომ ახალი მონაცემები მეცნიერებს ისედაც იდუმალი ზეგიგანტის ახალი გამოცანის ამოხსნაში დაეხმარება(უცნაური ჰიპერგიგანტი; RMC 136a)…

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.