ოქროსა და ვერცხლს განსხვავებული ვარსკვლავები ჭედავენ

 ჩვენს პლანეტაზე, ისეთი კეთილშობილი ლითონები, როგორებიც ოქრო და ვერცხლია, ერთად გვხვდება.

 დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ისინი კოსმოსშიც ”მეგობრობდნენ”, ანუ მათ ერთნაირი ვარსკვლავები წარმოქმნიდა. გერმანელი ასტროფიზიკოსის კამილა ჰანსენის ნამუშევარი ამ მოსაზრებას უარყოფს.

 ყველაზე უფრო პოპულარული ვერსიის მიხედვით, სამყაროში, მძიმე მეტალები მნათობთა წიაღში გაჩენის მერე გავრცელდა. ექსტრემალურად მაღალი წნევისა და ტემპერატურის პირობებში მათ შიგნით თერმობირთვული რეაქციები მიმდინარეობს. ყველაფერი ელემენტალურიდან იწყება, წყალბადის ატომების გარდაქმნით ჰელიუმად , ხოლო მასიურ ვარსკვლავებში მოვლენები კიდევ უფრო საინტერესოდ ვითარდება.

 უზარმაზარი მასის დაწოლით ცენტრზე, ტემპერატურა და წნევა ვარსკვლავის შიგნით მდებარე მარტივი ატომების ბირთვებს,  გარშემო მოძრავ თავისუფალ ალფა-ნაწილაკებს(ანუ ჰელიუმის ბირთვებს) ისე აახლოებს, ასევე პროტონებსა და ნეიტრონებს, რომ გარკვეულ მომენტში ისინი ერთმანეთს უერთდება, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის, ერთსახელა მუხტის გამო, ელექტრული განზიდვის ძალები მოქმედებს. შედეგად, ვარსკვლავების ბირთვები სულ უფრო ახალი ნაწილაკებით ივსება, რაც სულ უფრო და უფრო მძიმე ქიმიური ელემენტების წარმოქმნას განაპირობებს.

 ზეახლების აფეთქების უამრავი მონაცემების ანალიზის მერე, რომლებშიც ვერცხლის კვალი დაფიქსირდა, აღმოჩნდა, რომ ოქროს კვალი პრაქტიკულად არაა. იგივე ხდებოდა საპირისპირო შემთხვევაში – ”ოქროს” ზეახლები არ იძლეოდა ვერცხლის კვალს. ამის გამო ჰანსენმა კანონზომიერი დასკვნა გააკეთა – ამ მეტალების ”წარმოება”, როგორც ჩანს, არა მარტო ვარსკვლავის მასაზეა დამოკიდებული, რადგან ბევრი გამოკვლეული ვარსკვლავი ერთ წონით კატეგორიაში გადიოდა.

 მასაში განსხვავება ალბათ მაინც იყო, ოღონდ უმნიშვნელო, ამიტომაც ვერ აღმოაჩინეს ასტროფიზიკოსებმა იგი. ”ჩვენ, ვარსკვლავებს შიგნით დნობის სპეციალური პროცესის არსებობა დავამტკიცეთ. ახლა სწორედ ისეთი ზეახლის აფეთქების პროცესის მოდელირებით უნდა დავკავდეთ, რომელიც ვერცხლს წარმოქმნის. ასეთნაირად მივხვდებით, თუ რამდენად მძიმე იყო ვარსკვლავი აფეთქების წინ და ჰქოდა თუ არა მას რაიმე განსაკუთრებული, რაც ვერცხლის წარმოქმნას უწყობდა ხელს” – ამბობს კამილა ჰანსენი.

 ასტროფიზიკოსთა თქმით, ნამუშევარი იმითაცაა საინტერესო, რომ ერთის მხრივ, ვარსკვლავის მასის შეფასების უფრო ზუსტი მეთოდის შექმნაში დაგვეხმარება, ხოლო მეორეს მხრივ, უპასუხებს კითხვას – არის თუ არა მხოლოდ მასაზე დამოკიდებული, თუ რომელი ელემენტები ჩამოყალიბდება მნათობის გავარვარებულ წიაღში? იქნებ, პროცესში მეცნიერთათვის ჯერ კიდევ უცნობი ძალები მონაწილეობს?

 შორეული კოსმოსისგან განსხვავებით, დედამიწზე ერთად მოიპოვება ოქრო და ვერცხლი. თვითნაბად ოქროშიც კი გვხვდება ვერცხლის ჩანართები, ხოლო ისეთ მინერალებში, როგორებიცაა მუტმანიტი(Ag AuTe), სილვანიტი(AuAgTe4), პეტიციტი(Ag3AuTe2) და ელექტრუმი(Ag Au), ვერცხლის წილი 45-50 პროცენტს აღწევს. ანუ, მიწაზე ეს ორი ელემენტი ერთდ ყოფნას ”ამჯობინებს”, ხოლო კოსმოსში არა.

 ამ ფაქტებს კიდევ უფრო საინტერსო იდეამდე მივყავართ. ცნობილია, რომ ზეახლის აფეთქების მერე, ახლო კოსმოსში მყარ ნივთიერებათა გროვები გაიტყორცნება, რომლეთაგანაც შემდეგ მეორე თაობის ვარსკვლავები და პლანეტები ყალიბდება, მაგალითად, მზის სისტემა. ანუ თუ დედამიწზე ოქროც არის და ვერცხლიც, რომლებსაც განსხვავებული ვარსკვლავები აწარმოებს, გამოდის, რომ მზის სისტემის ”სამშენებლო მასალა” მინიმუმ ორმა ვარსკვლავმა წარმოქმნა.

 თუ ჰანსენის ვარაუდები დამტკიცდა, მაშინ მეცნიერებს უკვე მერამდენედ მოუწევთ წარმოდგენების გადახედვა ჩვენს მნათობსა და მისი პლანეტების ფორმირებაზე. სამუშაო კიდევ ბევრია, შედეგები კი სენსაციურობას უკვე გვპირდება…

ნახეთ ასევე – ისევ კოსმოსური ოქროს შესახებ; ზეახალი ვარსკვლავები დიდ ატომებს არ ქმნიან; NASA-მ დედამიწაზე ოქროსა და პლატინის არსებობას ახსნა მოუძებნა; მზის სისტემის მშობლები; იშვიათი ელემენტი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.