ღამის ცის ეს კაშკაშა ვარსკვლავი ყველამ კარგად იცით…
ლაპარაკია კინოსურაზე, დედამიწასთან ყველაზე ახლო და ელვარე, პულსირებად ცვალებად ვარსკვლავზე, რომელიც სულ სხვა სახელით არის ცნობილი – ”პოლარული” ვარსკვლავი.
პოლარული ვარსკვლავი ჩრდილოეთ პულუსის თავზე, დედამიწიდან 431 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ცეფეიდების კლასის კუთვნილი ზეგიგანტი, არასტანდარტული ცეფეიდია: მისი პულსაციები ათეულობით წლის განმავლობაში მიილევა ხოლმე: 1900 წელს სიკაშკაშის ცვლილებამ 8% შეადგინა, ხოლო 2005 წელს დაახლოებით 2%. გარდა ამისა, ამ ხნის განმავლობაში, ვარსკვლავი, საშუალოდ, 15% -ით ელვარე გახდა.
პოლარული ვარსკვლავი კარგადაა ცნობილი მოგზაურთათვის, რადგან საუკეთესო ორიენტირია. საქმე იმაშია, რომ ის ღამის ცაზე პრაქტიკულად უძრავია და ზუსტად ჩრდილოეთისკენ მიუთითებს.
სახელი, ძველი ბერძნული მითოლოგიის გმირის, ნიმფა – კინოსურას საპატივცემულოდ შეარქვეს. ის თვით ზევსის ძიძა იყო, როცა ზევსი თავის მრისხანე მამას, კრონოსს ემალებოდა. ზევსმა, მადლიერების ნიშნად, კინოსურა ცაზე პატარა დათვის თანავარსკვლავედში მოათვსა.
სინამდვილეში, პოლარული ვარსკვლავი სამმაგი სისტემაა, და არა ერთი ვარსკვლავი. სისტემის ცენტრში მზეზე 2000-ჯერ ელვარე და 6,4-6,7-ჯერ მასიური ზეგიგანტი პოლარის A მდებარეობს. პოლარის B საკმაო მანძილითაა დაშორებული პოლარის A-დან – 332,7 სინათლის საათი, ამიტომ მისი დანახვა დედამიწის ზედაპირზე განთავსებული ტელსკოპებითაც არის შესაძლებელი. რაც შეეხება მესამე, ჯუჯა კომპანიონ პოლარის Ab-ს, ის ისე ახლოსაა ზეგიგანტთან, რომ გადაღება მხოლოდ ორბიტულმა ”ჰაბლმა” შეძლო, ისიც, აპარატურის რეჟიმების გადაწყობით. პოლარის Ab-ს ორბიტული პერიოდი დაახლოებით 30 წელია. ასტრონომთა აზრით, პოლარული და მისი კომპანიონები, შესაძლებელია, ღარიბი გაფანტული ვარსკვლავური გროვის ნარჩენები იყოს.
პოლარული ვარსკვლავი, ასტროფოტოგრაფების განუყრელი მეგობარიც არის, რადგან ზუსტად ჩრდილოეთ პოლუსის მოპირდაპირედ მდებარეობს და სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით, მდებარეობას არ იცვლის. დედამიწის ბრუნვის გამო, ციური სხეულები თვალთახედვის არედან გადიან, რაც დიდ უხერხულობას ქმნის დაკვირვებისას, ხოლო ასტრო-ფოტოგრაფირებისას კი კრიტიკულ მნიშვნელობამდე ამცირებს დაყოვნების დროს, რაც მეტი სინათლის დასაგროვებლად არის საჭირო. ამის გამო, ტელესკოპი ე.წ. ეკვატორულ სადგარზე უნდა მოვათავსოთ, რომელიც დედამიწის ბრუნვის კომპენსირებას ციური ეკვატორის სიბრტყეში ბრუნვით ახდენს. სადგარის უძრავი ღერძი კი სწორედ პოლარული ვარსკვლავისკენ არის დამიზნებული. სადგარის ღერძზე მექანიზმია დაყენებული, რომელიც პლანეტის ბრუნვის საწინააღმდეგო მიმართულებით აბრუნებს მას, სიჩქარით ერთი სრული ბრუნი 24 საათში. ასეთი ტელესკოპის დამზერის არეში მოხვედრილი ციური ობიექტები აღარ ”გარბიან”, ასტრო-გადაღების შესაძლებლობები კი მნიშვნელოვნად იზრდება (ტელესკოპის სადგარი (mount)).