სირიუსი (ლათ. Sirius), თანავარსკვლავედ დიდი ქოფაკის α – ღამის ცის ყველაზე ელვარე ვარსკვლავი. მისი დანახვა დედამიწის ყველა რეგიონიდან შეიძლება, ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე უბნების გამოკლებით.
სირიუსი, მზის სიტემას 8,6 სინათლის წლითაა დაშორებული და უახლოესი ვარსკვლავების სიაში შედის. ის მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავია, სპექტრული კლასი A1.
სირიუსი ორმაგი ვარსკვლავური სისტემაა, სირიუსი A და B, ისინი საერთო მასათა ცენტრის გარშემო 20 ასტრონომული ერთეულის ტოლი დაშორებით, 50 წლიანი პერიოდით ბრუნავს. კოსმოსურმა ობსერვატორია IRAS-მა სისტემიდან მომავალი ჭარბი ინფრაწითელი გამოსხივება დააფიქსირა, რაც იქ დიდი რაოდენობით მტვრის არსებობაზე მიუთითებს. სირიუსი A-ს ღერძის გარშემო ბრუნვის სიჩქარე ეკვატორზე 16 კმ/წმ-ს უტოლდება, რის გამოც მას კარგად გამოხატული სფეროს ფორმა აქვს.
1915 წლიდან ცნობილია, რომ სირიუს B თეთრი ჯუჯაა (პირველი, აღმოჩენილ თეთრ ჯუჯათა შორის). თეთრი ჯუჯების მასა მზის 0,6-0,7 მასას უტოლდება, სირიუს B-ეს მასა კი თითქმის მზის ტოლია, ამიტომ ის მასიური თეთრი ჯუჯებიდან ერთ-ერთია. აქედან გამომდინარეობს, რომ სირიუს B წარსულში სირიუს A-ზე მასიური იყო, რადგან ევოლუციის პროცესში მთავარი მიმდევრობა უკვე დატოვა (მასიური ვარსკვლავები უფრო სწრაფად ევოლუციონირებენ). A-ც დაახლოებით 660 მილიონი წლის მერე გადაიქცევა თეთრ ჯუჯად.
სირიუსის ასაკი, თანამედროვე წარმოდგენებით, დაახლოებით 230 მილიონ წელს შეადგენს. მისი მასა მზისაზე ორჯერ მეტია, კომპანიონი კი მზეზე ოდნავ მსუბუქია.
სირიუსი, დედამიწიდან დაშორების მიხედვით მეშვიდე ადგილს იკავებს, ხოლო მიწიდან ხილულ ყველაზე ელვარე ვარსკვლავებს შორის, პირველ ადგილს. არ გააჩნია რა დიდი ნათობა, სირიუსი, ჩვენთან ახლოს მდებარეობის ხარჯზე გამოიყურება ასე კაშკაშა ვარსკვლავად.
სირიუსი ახლა 7,6 კმ/წმ. სიჩქარით უახლოვდება მზის სისტემას, ამიტომ დროთა განმავლობაში მისი ხილული ელვარება ნელ-ნელა გაიზრდება.
საინტერესო ფაქტები:
- ყურანში ღმერთის ერთ-ერთი ტიტულირება არის “სირიუსის მბრძანებელი (ღმერთი)”.
- შუა საუკუნეებში სირიუსი იყო რჩეულ ვარსკვლავთა შორის ერთ-ერთი, რომელსაც ევროპელი და არაბი ასტროლოგები მაგიურ თვისებებს მიაწერდნენ.
- სირიუსიდან, მზე გამოიყურება როგორც ჰერკულესის თანავარსკვლავედის მეორე ვარსკვლავური სიდიდის მნათობი.
- დიდი ქოფაკის ოთხ კაშკაშა ვარსკვლავთან ერთად, სირიუსი ბრაზილიის დროშაზეა გამოხატული.
- კოსმოსური ზონდი “ვოიაჯერ-2”, რომელიც 1977 წელს გაზის გიგანტების (იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი) შესასწავლად გაუშვეს, სირიუსთან 4,3 სინათლის წლის დისტანციაზე 296 000 წლის მერე ჩაივლის.