ვარსკვლავთა გადახრილი ღერძები

 დედამიწის ღერძი მისი ორბიტის პერპენდიკულარის მიმართ 23,4 გრადუსით არის გადახრილი. ითვლება, რომ ასეთი მნიშვნელოვანი დახრილობა დიდი ზომის ობიექტთან შეჯახებას უკავშირდება, რომლის შედეგადაც მთვარე გაჩნდა.

 ვარსკვლავებიც ბრუნავს და მათი ღერძებიც გარკვეული კუთხეებით არის გადახრილი ორბიტების პერპენდიკულარის მიმართ. ჩვენი მნათობის ღერძის გარშემო ბრუნვის პერიოდი დაახლოებით 25 დღეა, ხოლო ღერძის დახრილობა სულ რაღაც 7,25 გრადუსია. აქედან გამომდინარე, ასტრონომები ასკვნიან, რომ მზე სხვა ვარსკვლავებს არასოდეს შეჯახებია(ყოველ შემთხვევაში მზის სისტემის ფორმირების მერე).

 ვარსკვლავის ღერძის დახრილობა ძალიან მნიშვნელოვანი სიდიდეა, თუმცა ამის დასადგენად, ჯერ მისი პლანეტების ორბიტათა გარკვევაა საჭირო. მისია ”კეპლერის” ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა ტრანზიტული მეთოდით პლანეტების აღმოჩენის უნარი, ამ პლანეტური სისტემების მიხედვით ვარსკვლავის ღერძის დახრილობის დადგენა. ვარსკვლავთა ღერძების დახრილობა, დადგენილი ამ მეთოდით, მაჩვენებლის მრავალფეროვნებაზე მეტყვლებს, მცირე მნიშვნელობიდან დაწყებული, როგორც ჩვენი მზის შემთხვევაში, ძლიერ დახრილობამდე, ასევე რეტროგრადული ვარსკვლავების არსებობის შესახებაც, რომელთა ბრუნვის მიმართულება პლანეტების ბრუნვის საპირისპიროა. ასეთი ვარსკვლავები, ხშირ შემთხვეავში, ახალგაზრდებიც არიან. მართლაც, პროგრამა კეპლერით აღმოაჩენილი ვარსკვლავების დიდი ნაწილი, რომელთაც პლანეტები გააჩნია, წყალბადის თერმობირთვული წვის სტადია ჯერ არ გაუვლია. თითქმის ყოველ მათგანს ე.წ. ”ცხელი იუპიტერები” აქვს, ანუ იუპიტერის ზომის პლანეტები ვარსკვლავთან ძალიან ახლო ორბიტაზე. ღერძების დამზერილ გადახრათა ფართო სპექტრი იმაზე მეტყველებს, რომ ისინი არა სტანდარტული უეცარი შეჯახებებით წარმოიქმნა, არამედ რაღაც უფრო რთული პროცესის შედეგად, რასაც ნორმალური იუპიტერი, ვარსკვლავთან ახლო ორბიტაზე ”გადაჰყავს”(იუპიტერის მიგრაცია).

 ასტრონომებმა ჯოშ კარტერმა და დეივ ლეთემმა თანამოაზრეებთან ერთად, აღმოაჩინეს, რომ ვარსკვლავი Kepler-56 ევოლუციით ყველაზე უფრო ”მოწინავეა”, ვიდრე ”კეპლერით” აღმოჩენილი დანარჩენი ვარსკვლავები(ჰერცშპრუნგ-რესელის ვარსკვლავური დიაგრამა), რომელთაც ორბიტაზე ერთი პლანეტა მაინც გააჩნია. Kepler-56 გიგანტური წითელი ვარსკვლავია, რომლის ასაკი დაახლოებით 3,5 მილიარდი წელია(ის უკვე ჰელიუმის წვაზეა გადასული), მზეზე 5-ჯერ დიდი დიამეტრითა და 30%-ით მასიური. მის ორ პლანეტას, არცერთი არ არის ცხელი იუპიტერი, დედამიწის 22 და 181 მასა აქვს, ვარსკვლავთან ძალიან ახლო ორბიტებზე(მიწანეპტუნი).

 Kepler-56-ის ღერძს საკმაოდ დიდი დახრილობა გააჩნია – 47(±6) გრადუსი. ეს მნიშვნელობა იმაზე მიუთითებს, რომ ვარსკვლავის დახრილობა მაინცდამაინც ცხელი იუპიტერების ფორმირებასთან არ უნდა იყოს ასოცირებული. Kepler-56-ის ღერძის ასეთი დახრილობის მიზეზი გაურკვეველია. მკვლევართა ვარაუდით, ამის მიზეზი შორეული მასიური კომპანიონი ან კიდევ ერთი ვარსკვლავი-კომპანიონი შეიძლება იყოს. ამ ვარაუდების დასამტკიცებლად დაკვირვებების გაგრძელებაა საჭირო(დედამიწის ღერძი სხვა ვარსკვლავმა გადახარა?).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.