იუპიტერი

 მასა — 317,9 დედამიწის მასის (1,89•1027 კგ); მზიდან დაშორება — 5,20 ა.ე. (778,33 მლნ.კმ); საშუალო სიმკვრივე — 1,326 გ/სმ3; დიამეტრი — 11,2 დედამიწის დიამეტრი (142 984 კმ); ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარე — 13,06 კმ/წმ; ერთი ბრუნი ორბიტაზე მზის გარშემო — 11,86 წელი; ექსცენტრისტეტი (ორბიტის წრიულობა) — 0,048; ღერძის დახრა ორბიტის მიმართ — 3,13°; ღერძის გარშემო ერთი ბრუნი — 9სთ 50წთ; თავისუფალი ვარდნის აჩქარება — 25,8 მ/წმ2; მეორე კოსმოსური სიჩქარე — 60,4 კმ/წმ; ალბედო — 0,4; ბრუნვის მიმართულება — სწორი; ხილული ზედაპირის ტემპერატურა — -160°С; დღე-ღამის ხანგრძლივობა — 9,93 საათი; დედამიწიდან დაშორება — 588 მლნ-დან 967 მლნ.კმ-მდე.

 იუპიტერი, მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტაა. მისი მასა ერთად აღებული ყველა დანარჩენი პლანეტების მასაზე მეტია. ღერძის გარშემო სწრაფი ბრუნვის გამო (9სთ 50წთ) მისი ეკვატორის ყოველი წერტილი 45 000 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს, რაც პლანეტის პოლუსებისკენ მცირე შებრტყელებას იწვევს, რადგან იგი არა მყარი სხეული, არამედ  გაზის გიგანტური ბუშტია (გაზის გიგანტი).

 დაკვირვებისთვის ძალიან კარგი ობიექტია, ერთგვაროვანი თეთრი სინათლით კაშკაშებს (ალბედო 0,52). მცირე ტელესკოპით ან ბინოკლით შესაძლებელია მისი ოთხი გიგანტური თანამგზავრის დანახვაც.

 აქვს ძალიან ძლიერი მაგნიტური ველი, რომელიც მეზობელ სატურნამდეც კი ვრცელდება. ასეთი ძლიერი მაგნ. ველის წყაროა ე.წ. მეტალური წყალბადი. ის იმდენადაა შეკუმშული, რომ მეტალის თვისებებს იძენს. მოლეკულური წყალბადის ფენის სისქე 24 000 კილომეტრამდეა, წნევა 300 გიგაპასკალი. მეტალური წყალბადის სისქე კი 42 000 კმ. ამის მერე მოდის რკინა-სილიკატური მკვრივი ბირთვი 4000 კმ. რადიუსით. ბირთვთან ტემპერატურა 30 000 კელვინს აღწევს, ასხივებს ორჯერ მეტ სითბოს კოსმოსში, ვიდრე ღებულობს მზისგან, ბირთვი პლანეტის მთელი მასის 3-4%-ია. დანარჩენი 74% წყალბადი და 26% ჰელიუმია. ძალიან ცოტა მეთანიც 0,1%. მეტალური წყალბადი პლანეტასთან ერთად ტრიალებს და როგორც დენის გენერატორი წარმოქმნის მაგნიტურ ველს. ველის დაძაბულობა ზედაპირთან დედამიწისაზე 20 ჯერ მეტია.

 იუპიტერი და მისი ოთხი დიდი თანამგზავრი (იო, ევროპა, განიმედე და კალისტო).

 იოზე არის მოქმედი გოგირდის ვულკანები, მრგვალი შავ-თეთრი ლაქები სურათზე. თანამგზავრების საერთო რაოდენობა – 67.

 წითელი ლაქა, რომელიც მინიმუმ 300 წელია არსებობს (ტელესკოპები ამდენი ხანია გამოიგონეს, ამიტომ შეიძლება ის ადრეც იყო), ზოგჯერ ფერს და ზომას იცვლის, გადაადგილდება ატმოსფეროში. ეს ჩვეულებრივი შტორმია, თუმცა გიგანტური, მასში რამდენიმე დედამიწა ჩაეტევა. ატმოსფეროში ხდება ელექტრული განმუხტვებიც (ელვა), სიმძლავრე და სიგრძე დედამიწის ელვაზე 1000 ჯერ მეტია.

 ევროპა, კოსმოსურმა აპარატმა ”გალილეომ” გადაიღო, როცა ის იუპიტერის ორბიტაზე მოძრაობდა 1995-2003 წლებში. სურათზე მოჩანს ყინულის ვაკეები, ჰორიზონტს იქეთ მიმავალი ბზარები და ლაქები, რომლებიც ალბათ ტალახითა და ყინულით არის ამოვსებული. მაღლობები ტერმინატორთან უფრო შეიმჩნევა, ჩანს მათი ჩრდილები.

ევროპის ყინულოვანი ზედაპირი.

 ზომით ევროპა მთვარეს უტოლდება, თუმცა მისი ზედაპირი გაცილებით სწორია, მასზე ცოტაა მაღლობები და ასტეროიდული წარმოშობის კრატერები. “გალილეოს” გადმოცემული მონაცემები მოწმობს, რომ ყინულის ქვეშ თხევადი ოკეანეა. ნასა და ევროპული კოსმოსური სააგენტო ერთობლივი მისიით გეგმავენ ევროპაზე თანამგზავრის გაშვებას, თუ ყინული სადმე თხელია, მაშინ შესაძლებელი იქნება მასში ზონდის ჩაშვება ცოცხალი ორგანიზმების მოსაძებნად.

ეს კალისტოს ერთად-ერთი ფერადი სურათია, რომელიც აპარატმა გალილეომ გადაიღო 2001 წლის მაისში.

 კალისტოს ზედაპირი მის ასაკზე მეტყველებს. ასტეროიდული წარმოშობის კრატერების რაოდენობით ის პირველია მთელს მზის სისტემაში, თუმცა, არ არის ვულკანური კვალი და მაღალი მთები. კალისტოს ზედაპირი დიდი გაყინული ველია, დაღარული ბზარებითა და კრატერებით, კრატერებით, რომლებიც მილიონობით წლის მანძილზე პლანეტათშორისი ნივთიერების ცვენით ჩნდებოდა.

განიმედე, მზის სისტემის ყველაზე დიდი ბუნებრივი თანამგზავრი.

 განიმედე ზომით მერკურიზე და პლუტონზე დიდია. მისი ზედაპირი ნათელი, ახლად წარმოქმნილი კრატერებითაა დაფარული, რომლებიც ქვემო ბნელ ზედაპირზე არსებულ  კიდევ უფრო მეტი რაოდენობის უძველესი კრატერების ზემოდანაა გაჩენილი, არის არხები და მაღლობები. განიმედე, როგორც მთვარე, ყოველთვის ერთი მხრითაა შებრუნებული პლანეტისკე (იუპიტერისკენ). “გალილეოს” საშუალებით გადაღებულ ფოტოზე ფერები ხელოვნურადაა გაძლიერებული, რათა უფრო გამოიკვეთოს ზედაპირის სტრუქტურა. სუსტი იისფერით პოლარულ მხარეებზე, გაყინული ნაწილაკებია შეფერილი.

 განიმედე, ყველაზე დიდი ბუნებრივი თანმგზავრი მზის სისტემაში. ის მერკურიზე და პლუტონზე დიდია (“ჯუნო”, 2021 წ.).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.