განახლდა: 22/01/2014
2012 წლის ზაფხულში, ტიბეტის პლატოზე, ჩინელი მეცნიერების აპარატურის ხედვის არეში, რომლითაც ისინი ჩვეულებრივი ელვის სპექტრს იკვლევდნენ, სრულიად შემთხვევით სფერული ელვაც მოჰყვა. მიღებული შედეგები სფერული ელვის წარმოქმნის ერთ-ერთი წამყვანი მოდელის სასარგებლოდ მეტყველებენ და მიუთითებენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება მისი მიღება ლაბორატორიულ პირობებში.
სფერული ელვა არის კლასიკური მაგალითი ფიზიკური მოვლენისა, რომლის „მიწიერების“ მიუხედავად, ფიზიკოსები მის ბუნებაში დღემდე ბოლომდე ვერ გარკვეულან. ეს არც მიკროსამყაროა და არც შორეული კოსმოსი, არამედ ატმოსფერული ელექტროობის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი სახეობა. ის ბუნებაში ძალიან იშვიათად ჩნდება, თანაც სრულიად გაურკვეველ გარემოებებში, რის გამოც თანამედროვე ზუსტი აპარატურით მისი მიზანმიმართული გამოკვლევა მანამდე პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
ადვილი მისახვედრია, რომ სფერული ელვა კადრში აბსოლუტური შემთხვევითობით მოხვდა, როდესაც მეცნიერები ორი სხვადასხვა სპექტროგრაფის საშუალებით სტანდარტულ ელვებს აკვირდებოდნენ. სფეროს ნათება სულ 1,64 წამს გაგრძელდა. ფართო ხედვის მქონე, შედარებით დაბალი გარჩევადობის კამერამ მთელი პროცესი ჩაიწერა ხმის ჩათვლით, ხოლო მაღალი გარჩევადობისა და მაღალსიჩქარიანმა კამერამ ელვის დაფიქსირება მისი გაჩენიდან მხოლოდ 0,78 წამის შემდეგ შეძლო, რის გამოც სფერული ელვის წარმოქმნის უშუალო, საწყისი მომენტის დეტალური სპექტრი ვერ მიიღეს.
დაკვირვებამ აჩვენა, რომ სფერული ელვის ნათება დროში საგრძნობლად იცვლებოდა, სხვადასხვანაირად პროცესის სხვადასხვა სტადიაზე. საინტერესოა, რომ მოვლენის სიახლოვეს 35 კილოვოლტიანი ძაბვის გადამცემი სადენები გადიოდა 50 ჰერცი სიხშირის დენით, რომლისგანაც გარემოში წარმოქმნილი ცვლადი ელექტრომაგნიტური ველი სფერულ ელვაზე დამატებით ზემოქმედებას ახდენდა და მის პარამეტრებს ცვლიდა.
ჩვეულებრივი ელვა სპექტრული ანალიზისას აჩვენებს, რომ ის ძირითადად იონიზებული აზოტის ზოლებისგან შედგება, რაც ლოგიკურია, რადგან ატმოსფერო დიდწილად აზოტისგან შედგება. სფერული ელვის სპექტრი კი სულ სხვა ელემენტების ზოლებით აღმოჩნდა შევსებული — მასში მკაფიოდ გამოჩნდა რკინა, სილიციუმი და კალციუმი. მაგალითად, სილიციუმის ზოლი 594 ნანომეტრი ტალღის სიგრძეზე ელვის არსებობის ბოლო მომენტამდე მკაფიოდ დაიმზირებოდა.
ყველა ეს ელემენტი ნიადაგის შემადგენელი მთავარი კომპონენტია. მანათობელ ზონაში მათი არსებობა ამტკიცებს, რომ ამ ფენომენში მთავარ როლს სწორედ მიწისზედა ნივთიერებები თამაშობენ, რომლებიც ჩვეულებრივი ელვის ძლიერი დარტყმის შედეგად მომენტალურად ორთქლდებიან და გარემოში იფრქვევიან. ეს აღმოჩენა, რა თქმა უნდა, მოვლენის ყველა გამოცანას ვერ ხსნის, თუმცა მეცნიერებს მისი ხელოვნურად და სტაბილურად მიღების მეთოდებისკენ საკმაოდ ზუსტად მიუთითებს (სხვა თეთრი ლაქები…; ღმერთების საიდუმლო იარაღი: როგორ ესროლა ინდრამ ვაჯრა ვრიტრას; ვულკანი საკურაძიმა და ელვა; ვულკანური ელვა ლაბორატორიაში; მეხი ორჯერ დაეცა; ელექტრული მოვლენები ატმოსფეროში; ელვას ორმაგი სახე; ელვა კოსმოსში ანტინაწილაკებს ასხივებს; ელვა ზესწრაფი რენტგენული კამერით გადაიღეს; გიგანტური ელვა ჩინეთის თავზე; რა არის სპრაიტი?(დალი)).