ასტრონომებმა უნიკალური კოსმოსური მოვლენა აღმოაჩინეს – კვაზარების ”კვარტეტი”, რომლებიც ცივი გაზის ერთ ღრუბელში(სახელად ლაიმან-ალფა) თანაარსებობენ, კოსმოსური მასშტაბებით თუ ვიმსჯელებთ, ძალიან ახლო მანძილებზე ერთმანეთის მიმართ. მოვლენა იმითაა უკიდურესად საინტერესო, რომ ამ ეკზოტიკური ობიექტების ფორმირების შესახებ თეორიას ეჭვქვეშ აყენებს.
შეგახსენებთ, კვაზარები, სამყაროს ყველაზე ელვარე ობიექტები არიან, რომლებსაც აქტიური გალაქტიკების ცენტრში მდებარე ზემასიური შავი ხვრელები წარმოქმნის. უძლიერეს გრავიტაციულ ველში მოხვედრილი მატერია, მოვლენათა ჰორიზონტისკენ მოძრაობს, საზღვრისკენ, რომლის იქეთ მოხვედრის შემთხვევაში, უკან ვეღარაფერი გამოვა, სინათლის ფოტონების ჩათვლით. ე.წ. აკრეციულ დისკოში მოხვედრილი მატერიის ნაკადები, ჰორიზონტის მიმართ, განსხვავებული სიჩქარეებით მოძრაობს და ერთმანეთს ეხახუნება, მილიონობით გრადუსამდე ცხელდება და ელექტრომაგნიტური გამოსხივების სხვადასხვა დიაპაზონებში ასხივებს. ზოგჯერ, კვაზარის ელვარება, მისი შემომფარგლავი გალაქტიკის ჯამურ ელვარებას აჭარბებს(WISE-მ ზეელვარე გალაქტიკა აღმოაჩინა).
კვაზარები, ტიპიური მარტოხლები არიან, რომელთა შორის მანძილები ასეულობით მილიონ სინათლის წელს უტოლდება. ასტრონომიული კვლევების ისტორიაში, მხოლოდ ასამდე კვაზარია აღმოჩენილი, რომლებიც წყვილებს ქმნიან. მხოლოდ ორი ტრიო და ახლა ერთი კვარტეტიც.
ახლად აღმოჩენილი კვარტეტის კვაზარებს შორის მანძილი 650 ათას სინათლის წელს უტოლდება, რაც ირმის ნახტომსა და ანდრომედას შორის არსებული მანძილის მეოთხედია. ერთ რეგიონში ასეთი რაოდენობის კვზარების გაჩენა შემომფარგლავი გარემოს რაღაც ფაქტორებს უნდა უკავშირდებოდეს, რაში გარკვევასაც მეცნიერები მათემატიკური მოდელების შედგენით ცდილობენ.
ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ოთხივე კვაზარი მდებარეობს წყალბადის ღრუბელში, რომელიც თავის მხრივ, ზემასიური პროტო-გალაქტიკური გროვას ფარგლებშია მოქცეული, რაც უმნიშვნელოვანეს როლს შეიძლება თამაშობდეს ამ უნიკალური ობიექტის ფორმირებაში(პირველი კვაზარი „ჰაბლმა“ გადაიღო).