ასტროფიზიკოსთა საერთაშორისო ჯგუფმა, 2 მილიონი წლის წინათ მზის სისტემასთან ახლოს აფეთქებული ორი ზეახლის დედამიწაზე შესაძლო ზემოქმედების ფაქტორი შეისწავლა. მათი აზრით, ამ მოვლენებს ცხოველთა და ადამიანის წინაპართა ქცევის ცვლილება შეეძლო, ასევე კიბოთი დაავადების დონის ზრდა (New Scientist).
დაახლოებით 1,7-8,7 მილიონი წლის წინათ, დედამიწიდან 100 პარსეკის (300 ს.წ.) მანძილზე, ორი მასიური ვარსკვლავი აფეთქდა. კოსმოსური კატასტროფის შედეგად, რადიოაქტიური გამოსხივებისა და ნივთიერებების ნაკადმა მოიცვა ჩვენი პლანეტა, რისი კვალიც ზღვების ფსკერსა და მთვარის ქანებში, რკინის იზოტოპის (რკინა-60) სახით არის წარმოდგენილი. ამ მოვლენებს მასიური გადაშენება არ გამოუწვევია, თუმცა მეცნიერებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, კონკრეტულად რა ზეგავლენა მოახდინა აფეთქებებმა სიცოცხლის განვითარებაზე.
სპეციალისტთა აზრით, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ზეგავლენა ხილულ სინათლეს შეეძლო მოეხდინა. ამ შემთხვევაში, აფეთქებული ვარსკვლავების ხილული ზომა მთვარისას გაუტოლდებოდა და ღამის ცას ერთი წლის განმავლოაბში გაანათებდა. ამის გამო, მთვარის შუქზე ორიენტირებული ცხოველების ქცევა შეიცვლებოდა. მწერების უმრავლესობისთვის შეწყვილება, გამრავლება, კვერცხების დადება და საკვების ძებნა, მთვარით განათებაზეა დამოკიდებული. ზეახლებს, ადამიანის წინაპრის, ჰომო ერექტუსის ბიორიტმსა და ქცევაზეც შეეძლო ზეგავლენის მოხდენა.
მაშინდელ დედამიწაზე, როგორც მეცნიერებმა გამოითვალეს, რადიაციული ფონი სამჯერ გაიზრდებოდა, რაც ჰომო ერექტუსის კიბოთი დაავადების სიხშირეს გაზრდიდა. მიუხედავად ამისა, ეს ზემოქმედება არ იქნებოდა ძალიან ძლიერი, რადგან დედამიწაზე ახლაც არსებობს დასახლებული პუნქტები, სადაც რადიოაქტიური ფონი საშუალო მსოფლიო მაჩვენებელზე 20-ჯერ მეტია. ექსპერტთა თქმით, ეს ფაქტი მაშინ იქნებოდა შემაშფოთებელი, თუ ხსენებული რიცხვი ათასს გადააჭარბებდა.
მეცნიერების თქმით, ზეახლის აფეთქებისას წარმოქმნილი გამჭოლი რადიაცია მიუონების ნაკადის სახით გვევლინება. ასეთი გამოსხივების წლიური დოზა, ერთჯერ ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიის ტოლფასია, რაც ლეიკემიისა და თავის ტვინის სიმსივნეების გაჩენის ალბათობას ზრდის (რადიაცია ჩვენს გარშემო; ბუნებრივი რადიოაქტიური დაბინძურება კოსმოსიდან; „წითელი ჯვარცმის“ დროინდელი რადიაცია…).