ფერმის ლაბორატორიის მეცნიერებმა ტელესკოპის კამერაზე დაიწყეს მუშაობა, რომელიც მათ, ბნელი მატერიის კვლების ძებნაში დაეხმარებათ. კამერის დეტექტორები განსხვავებულ ფიზიკურ პრინციპებზე იმუშავებენ, ტრადიციული CCD დეტექტორებისგან განსხვავებით(fermilab).
კამერა ახალი ტიპის მგრძნობიარე ელემენტების ბაზაზე იმუშავებს – ე.წ. კინეტიკური ინდუქციის მიკროტალღური დეტექტორები(MKID). სენსორის ზეგამტარ მასალაში ფოტონის მოხვედრა კუპერისეულ წყვილებს(ორი ურთიერთქმედი ელექტრონის დაკავშირებული მდგომარეობა ფონონის საშუალებით – კრისტალის ატომთა რხევითი მოძრაობის კვანტი) შლის. CCD-სენსორებისგან განსხვავებით, რომელთა მუშაობა პრიზმას ან ფილტრების გამოყენებას მოითხოვს, MKID-დეტექტორებში ფოტონის ენერგიის პირდაპირი გაზომვა ხდება, რაც მათ გაცილებით მგრძნობიარეს ხდის და გამოსხივების სპექტრის შესახებ მეტ ინფორმაციას იძლევა(ატომი).
გარდა ამისა, MKID-დეტექტორები CCD-სენსორებზე სწრაფად მუშაობენ, რაც გამოსახულების გადღაბვნას გამორიცხავს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ტელესკოპებში გამოყენებულ ადაპტიურ ოპტიკაზეა ლაპარაკი – ტელესკოპის სარკე ატმოსფერული ლივლივის კომპენსაციისთვის გამუდმებით მოძრაობს.
MKID-დეტექტორები 2003 წელს კალიფორნიის ინსტიტუტში გამოიგონეს. მას მერე რამდენიმე კვლევითი ცენტრის მეცნიერები მათ საფუძველზე ტელესკოპებისათვის საჭირო ”იდეალური” კამერების შექმნაზე მუშაობენ. ასტრონომიული დაკვირვებების თვალსაზრისით, MKID-დეტექტორებს მხოლოდ ერთი არსებითი ნაკლი გააჩნიათ – ისინი ძალინ დაბალ ტემპერატურას საჭიროებენ, არა უმეტეს 0,3 კელვინისა.
ფერმილაბის თანამშრომელთა თქმით, კამერის შექმნას რამდენიმე წელი დასჭირდება. იგეგმება, რომ ასეთ ელემენტებზე მომუშავე ტელესკოპი DES(ბნელი ენერგიის მკვლევარი)-ს შეცვლის, რომელმაც ჩილეს ერთ-ერთ ობსერვატორიაში 2013 წელს დაიწყო ფუნქციონირება(ბნელი ენერგია; როგორ მუშაობს ტელესკოპი).