სამყაროს ევოლუციის ადრეულ ეტაპებზე, შესაძლებელია, გიგანტური შავი ხვრელები, გიგანტური ვარსკვლავური ობიექტების შიგნით ჩამოყალიბდნენ. ზუსტი მოდელირებით შეიძლება დადგინდეს, თუ როგორ მოხდა მილიარდობით მზის მასის მქონე შავი ხვრელების ჩამოყალიბება სამყაროს გაჩენიდან მილიარდი წლის გასვლის მერევე(ითვლება, რომ სამყარო 13,7 მილიარდი წლისაა).
გაზის მასიური ღრუბლების კოლაფსს შეუძლია შექმნას პატარა შავი ხვრელი, გაზების თავმოყრის ცენტრში, რასაც ე.წ. კვაზი-ვარსკვლავური(კვაზი – შუალედური) ობიექტის ჩამოყალიბება მოყვება. ამ თემაზე თავისი გათვლები გამოაქვეყნა მიჩელ ბეგელმანმა 2006 წელს, კოლორადოს უნივერსიტეტიდან. მან ივარაუდა, რომ ასეთ შავ ხვრელს შეუძლია სწრაფად გაიზარდოს 1000 მზის მასამდე ხსენებული გარემომცველი გაზების ხარჯზე. ამის მერე ნელი, მაგრამ მდგრადი ზრდა, მას გადააქცევს ზემასიურ შავ ხვრელად.
ამ შედეგამდე რომ მისულიყვნენ, ბეგელმანმა და მისმა კოლეგებმა დაუშვეს გამარტივებული ვარაუდები: მაგალითად, კვაზი-ვარსკვლავის შიგნით ტემპერატურა თითქმის სტაბილური იყო. ამჯერად, უორიკ ბალის(კემბრიჯის უნივერსიტეტი) და მისი კოლეგების უფრო დეტალური გათვლებით დამტკიცდა პირველადი დასკვნები.
კვაზი-ვარსკვლავის მოდელირებისთვის ბელმა და მისმა ჯგუფმა გამოიყენა პროგრამა, რომელიც თავიდან ვარსკვლავის სიღრმეებში მიმდინარე პროცესების იმიტაციისთვის იყო შექმნილი. ისე როგორც ჩვეულებრივი ვარსკვლავები, კვაზი-ვარსკვლავებიც გაზის გიგანტურ გროვებს წარმოადგენენ. ეს გაზი ერთ ადგილზე გრავიტაციული ძალით და ამ ძალის საწინააღმდეგოდ ცენტრიდან მოქმედი თერმობირთვული რეაქციებითაა ერთ ადგილზე თავმოყრილი და გაწონასწორებული. კვაზი-ვარსკვლავში, თერმობირთვული ენერგიისგან განსხვავებით, ცენტრიდან მოქმედი ენერგია ხვრელზე ვარდნილი გავარვარებული მატერიის გამოსხივების ხარჯზე მიიღება. ასეთნაირად ჩნდება მზეზე 1000-ჯერ მეტი მასის მქონე შავი ხვრელი.