ანდრომედას გალაქტიკა (ან ანდრომედა, M31, NGC 224, ანდრომედას ნისლეული) – სპირალური გალაქტიკა, ყველაზე დიდი სპირალური გალაქტიკაა ადგილობრივ ჯგუფში. ირმის ნახტომთან ყველაზე ახლოს მდებარე დიდი გალაქტიკა 1 ტრილიონამდე ვარსკვლავს შეიცავს, 2,5-5-ჯერ მეტს, ვიდრე ჩვენი გალაქტიკა. მდებარეობს ანდრომედას თანავარსკვლავედში, დედამიწიდან 2,52 მილიონი სინათლის წლის მანძილზე. ანდრომედას გალაქტიკური სიბრტყე ჩვენს მიმართ 150 კუთხით არის დახრილი, ხილული ზომა მთვარისაზე 8-ჯერ დიდია, თუმცა მხოლოდ მისი ელვარე ბირთვი ჩანს კარგად, ვარსკვლავური სიდიდე +3,4m (პირველი ფოტოს ავტორი: დავით დვალი, 2014 წ.).
არაგალაქტიკური ობიექტებიდან ერთ-ერთია, რომლის დანახვა შეუიარაღებელი თვალით არის შესაძლებელი. ცაზე მის მოსაძებნად ჯერ პოლარული ვარსკვლავი უნდა ვიპოვოთ (პატარა დათვის α, კოვზის ფორმის თანავარსკვლავედის ტარის კიდურა ვარსკვლავი). შემდეგ კი თანავარსკვლავედი კასიოპეა, კასიოპეაში მისი ყველაზე ელვარე ვარსკვლავი (კასიოპეას α), თუ ამ თანავარსკვლავედს W-ს ფორმით წარმოვიდგენთ, კასიოპეას α მეორე ქვედა კუთხეში იქნება). ამის მერე, ორ ნაპოვნ ვარსკვლავს შორის წარმოსახვითი ხაზი უნდა გავავლოთ. M31 ამ ხაზზე აღმოჩნდება, კასიოპეადან გამოსვლისთანავე, გადღაბნილი ელიფსის სახით (შეგიძლიათ ისარგებლოთ მობილურში დაყენებული პროგრამით – Sky Map).
ადგილობრივი ჯგუფი (აჯ) გალაქტიკათა გროვაა (40-ზე მეტი), რომელსაც ჩვენი გალაქტიკაც ეკუთვნის. ეს გალაქტიკები 3 მეგაპარსეკის (დაახლოებით 10 მლნ.სწ.) მოცულობის სივრცეში არის განაწილებული. იმის გამო, რომ M31-ის მასა ნახევარჯერ მეტია ჩვენი გალაქტიკის მასაზე, აჯ-ს მასათა ცენტრი M31-ისკენ არის მიმართული. აჯ-სადმი კუთვნილება არა ყველა გალაქტიკისთვის არის აშკარა, ამავე დროს არსებობს აჯ-ს ჯერ კიდევ აღმოუჩენელი გალქტიკებიც. ტერმინი პირველად ედვინ ჰაბლმა გამოიყენა, ადგენდა რა გალქტიკებამდე მანძილებსა და მათ წითელ წანაცვლებებეს.
აჯ-ს ყველაზე დიდი გალაქტიკები, ირმის ნახტომი და ანდრომედას გალაქტიკა(1), ყველაზე უფრო მასიური და დომინანტი წევრებია. ორივე სპირალურმა გალაქტიკამ თავიანთ გარშემო გალაქტიკა-თანამგზავრების სისტემა შექმნა.
სისტემა – ირმის ნახტომი, ბევრ ჯუჯა გალაქტიკას შეიცავს, რომლებიც მთელს ცაზეა გადანაწილებული, კონკრეტულად: სფეროიდული ჯუჯა გალაქტიკა მშვილდოსნში, მაგელანის დიდი და პატარა ნისლეულები, ჯუჯა გალაქტიკები პატარა დათვის, დრაკონის, ხერხემლის (Carina – არგონავტების გემის ქვედა ნაწილი, რომელიც მის სიმყარეს უზრუნველყოფს), სექსტანტის, სკულპტორის, ღუმელის, ლომი I და II, ალბათ ტუკანის ჯუჯაც. 1999 წელს, ახალი სფეროიდული ჯუჯა გალაქტიკა ვეშაპი (Cetus) იქნა აღმოჩენილი. ირმის ნახტომის ქვეჯგუფის წრფივი ზომა 140 კილოპარსეკია (457 ათასი სინ.წელი) (ჯუჯა გალაქტიკები და ჰობიტები; ჯუჯა გალაქტიკა Antlia).
ანდრომედას ნისლეულის (გალაქტიკის) სისტემა, ანდრომედას გალაქტიკის (M31) გარშემოა დაჯგუფებული, შეიცავს მასთან ახლოს მდებარე მაღალი ზედაპირული ელვარების გალაქტიკებს М32 და М110, ასევე უფრო სუსტი და შორეული NGC147 და NGC185, ძალიან სუსტი სისტემები ანდრომედა I, II, III. 1998 წელს, დამკვირვებელთა ორმა ჯგუფმა კიდევ 3 სფეროიდული ჯუჯა გალაქტიკები აღმოაჩინა, შესაძლებელია, M31-ის ქვეჯგუფის შორეული წევრები: პეგასის DEG, კასიოპეიას ჯუჯა და ანდრომედა V. აჯ-ს სიდიდით მესამე – M33 (სამკუთხედი; ხიდით გადაბმული გალაქტიკები), რომელიც ანდრომედასთან გრავიტაციით დაკავშირებული კომპანიონი შეიძლება არც იყოს, მას თვითონაც ჰყავს ჯუჯა თანამგზავრი LGS 3.
ზოგიერთი წევრი, რომელიმე მთავარ ქვეჯგუფს არ უკავშირდება და სრულიად თავისუფლად მოძრაობს გიგანტური ჯგუფების წევრთა გრავიტაციულ ველში. ჯგუფის ქვესტრუქტურები არასტაბილურია. დაკვირვებები და გამოთვლები საფუძველს იძლევა ვივარაუდოთ, რომ ჯგუფი ძალიან დინამიურია და წარსულში სახეცვლილებებს განიცდიდა: გალაქტიკები, დიდი გალაქტიკის მაფეი 1-ის გარშემო, როგორც ჩანს, ერთ დროს ჩვენი გალქტიკის ჯგუფის წევრები იყო. აჯ არ არის იზოლირებული, ის უახლოეს გალაქტიკურ ჯგუფებთან გრავიტაციულ ზემოქმედებაშია, ახდენს წევრების გაცვლას.
იმის გამო, რომ ჩვენი გალაქტიკა ცის გამოსხივების ნაწილს შთანთქავს, ჯუჯა თანამგზავრების აღმოჩენები ახლაც ხდება, დაბალი გალაქტიკური კოორდინატებით (ანუ ჩვენი გალაქტიკის ეკვატორულ სიბრტყესთან ახლოს, სადაც მტვრის უამრავი რაოდენობაა). სხვებს, ექსტრემალურად დაბალი ზედაპირული ელვარება (LSB) აქვს, მათი დანახვა, ასტროფიზიკაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვით მოხერხდა. ასე რომ, ადგილობრივი ჯგუფის ახალი გალაქტიკების აღმოჩენებს მომავალშიც უნდა ველოდოთ.