ჰალოს ფენომენი

 მზის ჰალო ოპტიკური ფენომენია, ნათელი რგოლი მნათობის ირგვლივ. ჰალოს ბევრნაირი ტიპი არსებობს, თუმცა ყველა მათგანი გამოწვეულია ყინულის კრისტალებით ზედა ტროფოსფეროს ბუმბულისებრ ღრუბლებში 5-10 კმ სიმაღლეზე. ყინულის კრისტალებზე არეკლილი და გარდატეხილი შუქი ფერებად იშლება, რაც ცისარტყელას ამსგავსებს ჰალოს, ან შეიძლება თეთრი თაღი წარმოქმნას, ან სულაც ლაქები. ჰალო შეიძლება წარმოიქმნას მზის ან მთვარის ირგვლივ ან სინათლის ხელოვნური წყაროს ირგვლივ, როცა ცივა და ყინულის კრისტალები(ე.წ. ალმასის მტვერი) ახლომახლო დაფარფატებს ჰაერში. კონკრეტული ჰალოს ტიპი დამოკიდებულია კრისტალების ფორმასა და დამზერის მიმართულებაზე. ყინულის კრისტალები პრიზმებისა და სარკეების ფუნქციას ასრულებენ, გარდატეხენ და აირეკლავენ სინათლის სხივებს, სხვადასხვა მიმართულებით აგზავნიან მათ. როგორ გამოჩნდება ჰალო, დამოკიდებულია დამკვირვებლის პოზიციაზე. ამიტომ თითოეული ჰალო ინდივიდუალურია – ყველა თავის განსაკუთრებულ ჰალოს ხედავს.

 ყინულის კრისტალში გავლისას, სინათლე ორჯერ განიცდის რეფრაქციას. გარდატეხის ხარისხი კრისტალის დიამეტრზეა დამოკიდებული. 22°-იანი ჰალო მაშინ ჩნდება, როცა სინათლე ყინულის კრისტალის ერთ გვერდში შედის და სხვა გვერდის გავლით გამოდის. სინათლის სხივი კრისტალში შესვლისა და გამოსვლისას გარდატყდება.

 მეტეოროლოგიურ პროგნოზირებმდელ დროში, ჰალო და მსგავსი სხვა ფენომენი, მოსალოდნელი ამინდის დასადგენად გამოიყენებოდა და ხშირად, მართლაც იმის ნიშანს წარმოადგენდა, რომ 24 საათის განმავლობაში წვიმა იყო მოსალოდნელი. მსგავსი დანიშნულებით აკვირდებოდნენ ცისარტყელასაც.

 ძალინ ლამაზი სანახაობაა მზის გვირგვინი(კორონა), რომელიც მხოლოდ დედამიწიდან, მხოლოდ სწორ დროსა და სწორი ადგილიდან შეიძლება იხილოთ. ფერადი რგოლები, მზის ან მთვარის ირგვლივ ჩნდება, როცა მას თხელი ღრუბლების გავლით ვუყურებთ. სხვადასხვა ფერის სინათლეს სხვადასხვა სიხშირე აქვს, თითოეული მათგანი სხვადასხვანაირად განიცდის დიფრაქციას. მზის გვირგვინი ერთ-ერთი უიშვიათესი ეფექტია, რისი ნახვაც შეუიარაღებელი თვალით შეიძლება და მას არანაირი კავშირი არა აქვს მზის გვირგვინთან, რომელიც მზის სრული დაბნელების დროს მისი დისკოს ირგვლივ დაიმზირება.

ჰალოს ძალიან მომნუსხველი ფორმაა პარჰელიონი. მას ფანტომ მზეს, ან „მზის ძაღლსაც“ უწოდებენ. ეს უკანასკნელი სახელი ბერძნული მითოლოგიიდან მოდის. ძველ ბერძნებს სჯეროდათ, რომ ზევსი ცის გასწვრივ ძაღლებს ასეირნებდა და მზის მარჯვნივ და მარცხნივ გამოჩენილი ნათელი „ცრუ მზეები“ სწორედ მისი ძაღლები იყო.

 ეს მომნუსხველი მოვლენა შედარებით ხშირად გვხვდება, განსაკუთრებით როცა მზე ჰორიზონტთან ახლოსაა(მაგრამ არა მხოლოდ). აისის თუ დაისის დროს, ატმოსფერო ყინულის კრისტალებით არის სავსე, რომლებიც ბუმბულისებრ ღრუბლებში ფორმირდება, თუმცა, პარჰელიონი „ალმასის მტვერმა“ ან ყინულოვანმა ნისლმაც შეიძლება წარმოქმნას. ის ხშირად გავს მზეს ან კომეტას, თეთრი ნათელი ლაქასავით მოჩანს ცაზე. ხანდახან, ფერებში გაშლილიც გვხვდება – დაწყებული სიწითლით მზესთან ახლოს, მკრთალი ლურჯი ფერის კუდით დამთავრებული.

 ყინულის კრისტალები, რომლებიც ამ საოცარ ატმოსფერულ მოვლენას იწვევს, ექვსკუთხა პრიზმის ფორმისაა. ზოგი მათგანი წაგრძელებულია, ზოგი კი – ბრტყელი. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მკვეთრ და ნათელ პარჰელიონს იწვევს, კრისტალების თანაბრად, ჰორიზონტულად ორიენტირებისას. წაგრძელებული კრისტალები კი ატმოსფერულ მოვლენებს აჩენს, როგორიცაა პარჰელიური წრეხაზი, 22°-იანი ჰალო, ე.წ. ამობრუნებული ცისარტყელა, ზედა მხები თაღი და ქვედა მხები თაღი.

 ბრტყელ ყინულის კრისტალებში სინათლის გავლისას, პარჰელიონის ფორმასა და ფერს, სინათლის სხივების დახრილობა და კრისტალების ორიენტაცია განსაზღვრავს. არათანაბრად განლაგებული ან ნაკლებად სტაბილური კრისტალები, ფერად და წაგრძელებულ პარჰელიონს წარმოქმნის. თუ სინათლე არაოპტიმალური გადახრის კუთხით( 50°-მდე) გადის, მაშინ წარმოიქმნება პარჰელიონის „კუდი“.

 თუ მზე ჰორიზონტზეა, 22°-იანი ჰალოს რკალზე – 2 ფანტომი მზე დაიმზირება. მზის ამოსვლასთან ერთად, ისინი პარჰელიურ წრეხაზზე, მზისგან საპირისპირო მიმართულებით გადაადგილდება და ქრება, როცა მზე 61°-იან დახრილობას მიაღწევს.

 დედამიწისგან განსხვავებით, სხვა პლანეტებზე თუ მთვარეებზე, წყალი და ყინული ნაკლებად გვხვდება, თუმცა, სხვადასხვა ტიპის კრისტალური სტრუქტურები, განსხვავებულ ჰალოებს ქმნის. მაგალითად, გაზის გიგანტებზე – იუპიტერზე, სატურნზე, ურანსა და ნეპტუნზე – განსხვავებული კრისტალები, ამონიუმის, მეთანისა და სხვა სახის ღრუბლებს ქმნის, რომლებსაც 4 ან მეტი ფანტომი მზის ჰალოს წარმოქმნა შეუძლია.

 მზის ჩხირები, კიდევ ერთი საინტერესო სახის ჰალოა. როცა მზე, ღრუბლების ხვრელებს შორის ანათებს და პარალელური სინათლის სვეტებს ქმნის. დამკვირვებლის თვალში ისე ჩანს, თითქოს ეს სხივები მზის საპირისპირო მხარეს ერთ წერტილში იკრიბება და ერთ მხარეს არიან მიმართული. თუ კარგად დავაკვირდებით, ღრუბლების მოძრაობასთან ერთად, ნელ-ნელა სინათლის სვეტებიც გადაადგილდება და ბორბალივით მბრუნავ ცისარტყელას ქმნის.

 ცრუ მზის გარდა, შესაძლებელია ცრუ მთვარის ფენომენის ხილვაც(მეცნიერულად – პარასელენი). ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, სუსტად გამოხატული ფერებით. მთვარის ჰალოზე შეიმჩნევა ნათელი მრგვალი ლაქა, რომელიც მთვარის სინათლის რეფრაქციითაა გამოწვეული, ექვსკუთხედი ყინულის კრისტალებიან „ულვაშა“(თხელ, წაგრძელებულ) ან ბუმბულისებრ ღრუბლებში. ცრუ მთვარე 22°-იანი ჰალოს ნაწილს წარმოადგენს, დაახლოებით 10 მთვარის დიამეტრზე მთვარის გარეთ. ისინი ცრუ მზის იდენტურია, მაგრამ უფრო იშვიათი, რადგან საჭიროებს ნათელ მთვარეს, დაახლოებით მეოთხედ ან მეტ ფაზას.

 ცრუ მზის შესახებ ჩანაწერები ძველ ბერძნულ და რომაულ ჩანაწერებშიც არსებობს. მაგალითად, ციცერონის „რესპუბლიკის შესახებ“(ძვ.წ.აღ. 54-51წწ.), განიხილულია, თუ რა შეიძლება იყოს ეს ფენომენი. ამ მოვლენას საუკუნეების განმავლობაში ჩინელი დამკვირვებლები აღრიცხავდნენ. სავარაუდოდ, პირველი ჩანაწერი არის მოცემული – „ცინის დინასტიის ოფიციალური ისტორია“, 637 წელი. ერთ-ერთი ასტრონომიული თავი – „10 ჰალო“, სადაც ჰალოები და მათთან დაკავშირებული 26 ტექნიკური ტერმინია აღწერილი, რომლებიც ჰალოს სტრუქტურის ყველა კომპონენტს ახასიათებს. ალბათ, პარჰელიონის ყველაზე ადრეული ევროპული აღწერა მოცემულია ჯეიკობ ჰათერის წიგნში – „ძმური ერთგულება: ეპისტოლეები დევნის პერიოდიდან“: ჩემო საყვარელო შვილებო, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ძმების – კუნცისა და მაიქლის წასვლის შემდეგ, დღეს, პარასკევს, ჩვენ ვიხილეთ ცაზე 3 მზე 2 ცისარტყელასთან ერთად, რაც  დაახლოებით 1 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. გარკვეული დროის შემდეგ, 2 მზე და ცისარტყელები გაქრა და მხოლოდ 1 მზე დარჩა. თუმცა, დანარჩენი 2 მზე ისეთი ნათელი არ იყო, ისინი ცხადად ჩანდა. ვგრძნობ, ეს სასწაულია.“

 დაკვირვება, სავარაუდოდ, აუშპიცში მოხდა, მორავიაში(ქვეყანა დღევანდელი ჩეხეთის ტერიტორიაზე) 1533 წლის გვიან ოქტომბერს ან ადრე ნოემბერს.

 1535 წლის 20 აპრილის დილას, სტოკჰოლმის ცა 2 საათის განმავლობაში იყო სავსე თეთრი წრეხაზებითა და თაღებით, როცა მზის ირგვლივ დამატებითი მზეებიც გამოჩნდა. ფენომენი მალევე დაუკავშირეს ღვთის ნიშანს, როგორც შურისძიება მეფე გუსტავზე(1496-1560), პროტესტანტიზმის გავრცელებისთვის 1520-იან წლებში და მტრების მიმართ არასწორი პოლიტიკის გატარებისთვის. სპეკულაციებისთვის ბოლო რომ მოეღო, კანცლერმა და ლუთერანმა მკვლევარმა ოლაუს პეტრიმ(1493-1552), ამ დღის მოვლენის, ნახატზე აღბეჭდვა დაავალა მხატვარს. მეფემ ეს შეთქმულებად აღიქვა – ნამდვილი მზე საკუთარ თავად წარმოიდგინა, რომელსაც ცრუ მზეები ცდილობდნენ შეჯიბრებოდნენ, რომელთაგან ერთი – ოლაუს პეტრი იყო, მეორე – სასულიერო პირი და მკვლევარი ლავრენტიუს ანდრე(1470-1552). ორივე მათგანს ღალატის ბრალი დასდეს, თუმცა, მკაცრი სასჯელისგან თავის დაღწევა მაინც მოახერხეს. ორიგინალი ნახატი დაიკარგა, მაგრამ 1630-იანებში შესრულებული ასლი გადარჩა და დღესაც შეიძლება მისი ნახვა სტორკირკანის ეკლესიაში(Storkyrkan), ცენტრალურ სტოკჰოლმში.

 ბოლოს, თუ ამ ფენომენმა დაგატყვევათ, შეგიძლიათ ჰალოს რამდენიმე იშვიათი ფოტოთი დატკბეთ.

(http://www.crystalinks.com/sundogs.html; http://astronet.ge/2012-01-16-09-56-33/; http://astronet.ge/2012-10-03-11-28-42/; http://wgntv.com/2017/08/19/i-know-what-a-sun-dog-is-but-how-did-it-get-its-name/; https://en.wikipedia.org/wiki/Halo_(optical_phenomenon)).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *