”ჰაბლი” – 265 000 გალაქტიკა ერთდ

 ”ჰაბლი”-ს საიტზე, თანავარსკვლავედ ღუმელის მიმართულებით მდებარე ცის ნაწილის ფოტო, მაისის დასაწყისში იქნა გამოქვეყნებული. ერთი შეხედვით, ღირსშესანიშნავი მასზე არაფერია, თუმცა ეს პირველადი შთაბეჭდილება მცდარია. თითქმის ყველა ფერადი წერტილი – ცალკეული გალაქტიკაა, რაოდენობა – 265 000! მაქსიმალური ზომით გადმოწერით, ეს კი 25 500/25 500 პიქსელია (ფრთხილად, ფაილის მოცულობა 700 მეგაბაიტია), ”გალაქტიკური ზოოპარკი” გექნებათ: ელიფსური და სპირალური გალაქტიკები, სხვადასხვა ფორმისა და ერთმანეთზე ზემოქმედი გალაქტიკების ჯგუფები. ნასას სპეციალისტებმა ამ ფოტოს Hubble Legacy Field უწოდეს.

(გაადიდე).

 შორეულ გალაქტიკებთან ერთად, ჩანს ჩვენი გალაქტიკის კუთვნილი რამდენიმე ვარსკვლავიც – მათგან გამომავალი დიფრაქციული სხივებით ამოიცნიბთ.

 გამოსახულებაზე ასახული ცის მონაკვეთის კვადრატის გვერდების ზომა, დაახლოებით 30 კუთხური წუთია (პირველი სურათი). ის, შემთხვევით არ იქნა შერჩეული: თანავარსკვლავედ ღუმელის ამ ნაწილში ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავების მცირე რაოდენობაა (შეუიარაღებელი თვალით საერთოდ არაფერი ჩანს), არ არის გამოსხივების რაიმე მძლავრი წყარო და არც სინათლის მაბლოკირებელი ვარსკვლავთშორისი მტვერი.

 ამ გამოსახულების მიღების წინაპირობა იყო მანამდელი, ულტრა და ექსტრემალურად ღრმა დამზერები – Hubble Ultra Deep (2000–2004 წ.) და Hubble eXtreme Deep Field (2012 წ.). გამოყენებული იქნა პროგრამა GOODS-ით მიღებული მონაცემებიც, რომელშიც ”ჰაბლის” გარდა, კოსმოსური ობსერვატორიები ”სპიცერი”, ”ჩანდრა”, ”ჰერშელი” და ”XMM-ნიუტონი” იყო ჩართული, ასევე, დედამიწაზე არსებული ყველაზე ძლიერი ტელესკოპები.

 ”ჰაბლით” გადაღებული 7500 ცალკეული კადრი, 16 წლის განმავლობაში გროვდებოდა, რითაც ჯამური ექსპოზიცია 250 დღეს გაუტოლდა. სხვადასხვა ფილტრებით აღჭურვილი კამერა Wide Field Camera 3 (ფართოკუთხიანი კამერა 3), ოპტიკურსა და ახლო ინფრაწითელ დიაპზონებში მუშაობდა. ერთ დიაპაზონში გადაღებულ გაერთიანებულ კადრებს ერთ-ერთი ”სტანდარტული” ფერი (წითელი, მწვანე და ლურჯი) მიენიჭა. ფერები ხელოვნურია (დაწვრილებით აქ), თუმცა ძალიან ახლოსაა იმასთან, რასაც ტელესკოპივით მახვილი თვალის მქონე ადამიანი დაინახავდა.

”ჰაბლი” (NASA).

 ასეთი დამზერები, ერთგვარი დროის მანქანაც არის, რომელიც ყველაზე უფრო ადრეული გალაქტიკების დანახვის, ფორმირებისა და შემდგომი ევოლუციის შესწავლის საშუალებას იძლევა. გამოსახულებაზე წარმოდგენილი ყველაზე შორეული გალაქტიკები იმ მომენტშია გადაღებული, როცა სამყაროს ასაკი სულ რაღაც 400-500 მილიონი წელი იყო. ეს სინათლე 13,3 მილიარდი წლის მერე მოვიდა ჩვენამდე, როგორც ძლივს გასარჩევი წითელი ლაქები.

 ღრმა დამზერათა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა სტატისტიკური პარამეტრების შეფასება, სამყაროს სტრუქტურისა და მასში არსებული ნივთიერებების სიმკვრივის შესახებ, ასევე, კოსმოლოგიური პრინციპის დამტკიცება (სამყარო ერთგვაროვანია და მის ყველა წერტილში ფიზიკის ერთნაირი კანონები მოქმედებს – მოკლედ კოსმოლოგიური მოდელის შესახებ). Hubble Legacy Field-ზე დაყრდობით მოხდება სამიზნეების შერჩევა მომავლის კოსმოსური ტელესკოპებისთვისაც – ”ჯეიმს ვები” და WFIRST (კოსმოსური ტელესკოპების მომავალი: რა იქნება ”ჯეიმს ვებისა” და WFIRST-ის მერე?). მართლაც, ”ჰაბლი” გრანდუიოზულ მემკვიდრეობას ტოვებს!

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.