უმისამართო გზავნილი

 კოსმოსი კომეტების გარეშე ალბათ ძალიან მოსაწყენი იქნებოდა. ეს ობიექტები მზის სისტემის შორეული კიდეებიდან გვსტუმრობენ. გიგანტურ ელიფსზე მოძრავი კომეტები, როგროც წესი, მზესთან ახლოს მიდიან, შემოუვლიან და ისევ კოსმოსის ბნელ სივრცეებს უბრუნდებიან.

 პლუტონის იქეთ მდებარე გაიშვიათებული ყინულოვანი დისკოდან მოსული კომეტების პერიოდი, ე.წ. მოკლეპერიოდიანების, 200 წლამდეა. გრძელპერიოდიანი კომეტების წყაროდ კიდევ უფრო შორს მდებარე ოორტის ღრუბელი ითვლება(მოკლედ მზის სისტემის შესახებ). ასეთი ეგონათ კომეტა C/2017 U1, რომელიც ჰავაიზე მომუშავე ტელესკოპის – Pan-STARRS 1, საშუალებით 2017 წლის 19 ოქტომბერს აღმოაჩინეს. გამოთვლებით დადგინა, რომ მისი ორბიტის ექსცენტრისიტეტი(წრიულობიდან გადახრა) ერთზე მეტია – 1,2(კოიპერის სარტყელი).

 კომეტებისთვის დამახასიათებელ წარგძელებულსა და ჩაკეტილ ელიფსთან ეს რიცხვი შესაბამისობაში ვერ მოვა – ის ღია, ჰიპერბოლის მსგავს ტრაექტორიაზე მიუთითებს. C/2017 U1 ჩვეულებრივზე სწრაფადაც მოძრაობდა. მზიდან, დედამიწაზე 200-ჯერ შორს მდებარე კომეტა 27 კმ/წმ. სიჩქარით მოძრაობდა. ამ ადგილზე კომეტების სიჩქარე 4-5 კმ/წმ-ს არ აჭარბებს. პერიჰელიუმზე(მზესთან უახლოესი წერტილი ორბიტაზე) კი სიჩქარემ 88 კმ/წმ(160 ათასი კმ/სთ)-ს მიაღწია. მეცნიერებს ისღა დარჩენოდათ დაესკვნათ, რომ ეს ობიექტი სხვა ვარსკვლავის სისტემიდან მოფრინდა ჩვენთან.

 დაქვეითება

 ობიექტი მზის სისტემის დასატოვებელ გზას ადგა, ამიტომ რამდენიმე დღის მერე, ყველაზე დიდი ტელესკოპის(VLT) სარკეები მისკენ იქნა მიბრუნებული. მეცნიერებმა, როგორც ჩანს იჩქარეს, არც კომა დაიმზირებოდა და არც კუდი, რის გამოც ის ასტეროიდობამდე დააქვეითეს. ტალახიანი თოვლის გუნდის მსგავსი კომეტებისგან განსხვავებით, ასტეროიდები, კლდოვანი ობიექტებია და მათ კუდი არ უჩნდება(კუდიანი ასტეროიდები და გზანი კომეტისანი).

 რა თქმა უნდა, უფრო ეგზოტიური ვარიანტების დაშვებაც შეიძლება: ვარსკვლავებს შორის მოძრავმა კომეტამ მთელი თავისი აქროლადი შემადგენელი დაკარგა. ასტეროიდული ვერსია უფრო დამაჯერებელად გამოიყურება, ამიტომ ისტორიაში პირველად ციური სხეულის სახელში გამოიყენეს პრეფიქსი I – interstellar – ვარსკვლავთშორისი – 1I/2017 U1. სიმარტივისთვის, ასტრონომებმა მას საკუთარი სახელიც მოუძებნეს – ოუმუამუა, რაც ჰავაელების ენაზე სტუმარს, მაცნეს ნიშნავს.

 ოპერატიულად ჩატარებული დაკვირვებებით კიდევ ერთი უცნაურობა გამოვლინდა – მისი წაგრძელებული ფორმა, სიგრძისა და სიგანის შეფარდებით 6/1-ზე. 160 მეტრამდე სიგრძის “კოსმოსურმა სიგარამ”, როგორც მოსალოდნელი იყო, უფოლოგების(1) ყურადღებაც მიიქცია. სიტუაცია კიდევ უფრო გამძაფრდა.

უცხოპლანეტელები

 ოუმუამუას მიმართულებით გრინ ბენქის გიგანტური “თეფშიც” მიატრიალეს. ამ რადიო ტელესკოპზე მომუშავე Breakthrough Listen-ის მეცნიერები, რომლებიც არამიწიერი მოაზროვნე სიცოცხლის კვალს ეძებენ, საეჭო ობიექტს 6 საათის განმავლობაში(რამდენიმე სიხშრეზე) უსმენდნენ, რათა “მოაზროვნეობის” რაიმე პატარა ნიშანწყალი მაინც რომ დაეფიქსირებინათ. მილიარდობით ცალკეული არხი იქნა შემოწმებული, თუმცა უშედეგოდ. არა და ტელესკოპის მგრძნობელობა ამ მანძილზე მდებარე მობილური ტელეფონის გამოსხივებას დასაფიქსირებლადაც კი სრულიად საკამრისი იყო. ასტეროიდი ქვასავით დუმდა, რამეთუ ნამდვილად ქვაა.

 ბუნებრივია, ყველაფერი ასე მარტივად არ არის. თეორიულად, კრიოკამერებში მყოფი უცხოპლანეტელები თუ არა, ოუმუამუას წიაღის ყინულის მარცვლებში საიმედოდ ჩაკონსერვებული ბაქტერიები და მიკრობები შეიძლება იმალებოდეს. ამისათვის ეს ყინული მეტრამდე სისქის კლდოვანი ქერქის ქვეშ უნდა იყოს მოქცეული, როგორც კაკლის გული ნაჭუჭში. ამის შანის თითქმის არ არის: ვარსკვალთშორის სივრცეში ხანგრძლივი მოგზაურობისას მასზე მოქმედი კოსმოსური რადიაცია დიდი ხნის წინათ გამოაშრობდა ოუმუამუას, მასში მხოლოდ არააქროლადი მყარი ქანებიღა დარჩებოდა.

უმისამართოდ

 საიდან მოფრინდა ეს ასტეორიდი? როგორ აჩქარდა მესამე კოსმოსურ სიჩქარემდე(სიჩქარე, რომელიც ვარსკვლავის გრავიტაციის დასაძლევად არის საჭირო. მზის შემთხვევში – 17 კმ/წმ.)?

 ჩატარებული გამოთვლების მიხედვით, ოუმუამუას მოგზაურობა დაახლოებით 45 მილიონი წლის წინათ დაიწყო, გემის ხერხემლის ან მტრედის თანავარსკვლავედების(სამხრეთი) რომელიღაც ვარსკვლავთან, მზიდან 100 პარსეკზე(330 ს.წ.) შორს. მზის სიტემაში ის ქნარის თანავარსკვლავედის მხრიდან შემოვიდა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში ვარსკვლავების მდებარეობა შეიცვალა, ამიტომ ასტეროიდის ზუსტ მისამართს ალბათ ვერ დავადგენთ. თან, ყველაზე ძლიერი ტელესკოპებისთვისაც უკვე მიუწვდომელია.

გაფრინდა

 ზოგიერთი ასტრონომის თქმით, მზის სისტემის ახლო სივრცეს ის 23 ათასი წლის მერე დატოვებს. ზემოთ ხსენებულმა თავბურდამხვევმა სიჩქარემ შეცდომაში არ შეგიყვანოთ. გამოთვლების მიხედვით, მზიდან ჯერ კიდევ 84 მლრდ. კმ. მანძილზე მდებარე ოუმუამუას სიჩქარე 26 კმ/წმ-ს უტოლდებოდა. ჩვენი ვარსკვლავის მიზიდულობა მუდმივად აჩქარებდა მას და მაქსიმალური მოახლოების წერტილზე თითქმის 88 კმ/წმ. სიჩქარით მიქროდა. მზის შემოვლის მერე, გრავიატცია უკვე დამამუხრუჭებლად მოქმედებდა, ამიტომ აღმოჩენის მომენტისთვის მისი სიჩქარე 26 კმ/წმ-მდე იყო დასული. 2018 წლის მაისში იუპიტერის ორბიტას გადაკვეთს, იანვარში კი სატურნსაც უკან ჩამოიტოვებს(მეორე კოსმოსური სიჩქარისა და გრავიტაციული მანევრის შესახებ).

 ახლოდან “ნახვა” თუ არის შესაძლებელი? ასეთ შესაძლებლობაზე პროექტ “ვარსკვლავთშორისი კვლევების ინიციატივის” მეცნიერები საუბრობენ – გრავიტაციული მანევრი იუპიტერთან და მაღალი წარმადობის რეაქტიული ძრავები. დაწევა, ნახევარი საქმეა, გაცილებით რთული იქნება ზონდის გადასმა, თან ასეთ სიჩქარეზე. მით უმეტეს, რომ წარმოუდგენელია ამ დროში, სანამ ობიექტი მზის სისტემის ფარგლებშია, მისიის დაპროექტება და მისი რეალიზება.

 ასტრონომთა აზრით, მზის სისტემში ათასობით ასეთი ობიექტი გადის წელიწადში. ოუმუამუას აღმოჩენას შემთხვევას უნდა ვუმადლოდეთ. ისღა დაგვრჩენია კიდევ უფრო ყურადღებით ვათვალიეროთ ცა, დავხვეწოთ ტელესკოპები და საჭირო მომენტს დაველოდოთ. მოვა დრო, როცა კიდევ ერთი ასეთი სტუმარი მოგვაკითხავს, ჩვენ კი ყველანაირად მომზადებული დავხვდებით მას(ჯეიმს ვების სახელობის ტელესკოპი დასრულებულ სახეს იღებს; TMT – განხეთქილების ტელესკოპი). 

გაიცანით: ჰიპატია

 ჰიპატია ალექსანდრიელი (ძვ. ბერძნ. Ὑπᾰτία ἡ Ἀλεξάνδρεῖα; 370(?)—415) — ანტიკური სამყაროს და ერთ-ერთი უძველესი თვალსაჩინო ბერძენი ქალი-მეცნიერი, ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და ასტრონომი. ასწავლიდა ალექსანდრიაში. იყო ალექსანდრიული ნეოპლატონური სკოლის წინამძღვარი(Wiki).

 ამასობაში, მეცნიერებმა კიდევ ერთი “ვარსკვლავთშორისი მოგზაურის” იდენტიფიცირება მოახერხეს, თან დედამიწაზე. 1996 წელს ეგვიპტის უდაბნოში ნაპოვნი უჩვეულო ობიექტი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის გეოლოგებმა გულდასმით შეისწავლეს. მასში აღმოჩენილი ნახშირბადისა და სილიციუმის იზოტოპების შემცველობის თანაფარდობა მზის სისტემისთვის სრულიად უცხოა. ატმოსფეროში შემოჭრით გამდნარ(აბლაცია) ქერქში ისეთი უჩვეულო შენაერთები აღმოჩნდა, როგორიც არის პოლიარომატული ნახშირწყლები და სუფთა ალუმინი. ჩვეულებრივი სილიკატები კი საერთოდაც არ იყო. მეცნიერები თითქმის დარწმუნებულნი არიან, რომ ჰიპატია, მზის სისტემაზე ხნიერია და ძალიან დიდი ხნის წინათ დაწყებული ვარსკვლავთშორისი მოგზაურობა დედამიწაზე ვარდნით დაასრულა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.