რატომ არ არის ღია კოსმოსი ისეთი ბნელი, როგორიც ჩვენ გვგონია?

 კოსმოსური ტელესკოპებით გადაღებულ ფოტოებზე, ჩვეულებრივ, ცივი და ბნელი კოსმოსის ფონზე მოკიაფე პლანეტებს, ვარსკვლავებს, გალაქტიკებსა და ნისლეულებს ვხედავთ. მართლაც ასეთი ბნელია კოსმოსი? ავტომატური კოსმოსური ხომალდის – “ნიუ ჰორაიზონსის“, რომელმაც რამდენიმე წლის წინ პლუტონი მოინახულა, კამერების დახმარებით, პლანეტათშორისი სიბნელის შეფასებაა შესაძლებელი. კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ მზიდან 6 მილიარდი კილომეტრის მანძილზე, კაშკაშა პლანეტებიდან და კოსმოსურ მტვერზე გაბნეული სინათლიდან შორს, ცარიელი კოსმოსური სივრცე მოსალოდნელზე ორჯერ ელვარე აღმოჩნდა.

რამდენად ბნელია კოსმოსი?

 საუკუნეების მანძილზე, ღამის ცის სიბნელე პარადოქსის გაჩენის მიზეზი გახდა, რომელიც გერმანელი ასტრონომის, ჰენრიხ ვილჰელმ ოლბერსის სახელით არის ცნობილი – უსასრულოსა და სტატიკურ სამყაროში, საითაც არ უნდა გავიხედოთ, მზერის ყოველი ხაზი ვარსკვლავზე უნდა დასრულდეს, მაშინ რატომ არ არის ის ისეთივე ელვარე, როგორიც მზეა? ახლა უკვე ვიცით, რომ სამყაროს ასაკი 13,8 მილიარდი წელია და ის აჩქარებით ფართოვდება. ამიტომ, ზემოთ ხსენებული ხაზები არა ვარსკვლავებზე დასრულდება, არამედ დიდი აფეთქების მილევად ნათებაზე, ხოლო ნათება ახლა ისეა გაფართოებული, რომ თვალისთვის შეუმჩნეველია. აი, რა აბნელებს ცას. თუმცა, რამდენად ბნელია ეს უკუნი?

ასტეროიდი აროკოტი.

 არიზონას ნაციონალური ოპტიკური ასტრონომიის ობსერვატორიის მკვლევარებმა, ღრმა კოსმოსის სინათლე მისია “ნიუ ჰორაიზონსის” საშუალებით შეისწავლეს. 2006 წლის 19 იანვარს გაშვებული აპარატი 2015-ის 14 ივლისს მიფრინდა პლუტონთან. 2019 წლის 1 იანვარს კი ასტეროიდ აროკოტთან ახლოს გაიარა, რომელიც მზის სისტემის კიდეზე, კოიპერის სარტყელში მოლივლივე უამრავი კოსმოსური “ასიბერგიდან” ერთ-ერთია (აროკოტი (ულტიმა ტულე ერქვა) და მზის სისტემის ისტორია).

მზის სისტემის ჯუჯა პლანეტები და “ნიუ ჰორაიზონსის” (ახალი ჰორიზონტები) ტრაექტორია.

 გაზომვები ეფუძნებოდა ფოტოებს, რომლებიც “ნიუ ჰორაიზონსის” სადაზვერვო სითბურმა კამერამ, დედამიწიდან 2,5 მილიარდი კილომეტრის მანძილზე გასვლის დროს გადაიღო. ამ დისტანციაზე აპარატი საკმაოდ შორს იყო პლანეტებისა და მტვრის ნათებისგან, რომელსაც ფოტოების ხარისხზე ზეგავლენის მოხდენა შეეძლო (arxiv.org).

“ნიუ ჰორაიზონსიდან” მიღებული ფოტოები

 როგორც The New York Times-ში დაიწერა, “ნიუ ჰორაიზონსის” კამერა “თეთრი სინათლის მაფორმირებელია”, რომელიც ოპტიკური დიაპაზონის ფართო სპექტრის მიმღებია – ულტრაიისფერის ნაწილი, ხილული და ინფრაწითელი ტალღები. დამუშავების დროს ყოველ მათგანზე სინათლის ყველა წყარო იქნა ამოღებული, შედარებით ახლოს მდებარე ვარსკვლავების ჩათვლით.

 მოშორებული იქნა სინათლეც, რომელსაც, მკვლევართა აზრით, აქამდე შუმჩნეველი გალაქტიკები ასხივებს. სინათლის ყველა წყაროს მოშორების მიუხედავად, მიღებულ გამოსახულებაზე ისევ სინათლის სიჭარბეა. რა სინათლეა ეს – უცნობია.

 მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ეს სინათლე ჯერ კიდევ აღმოუჩენილი ვარსკვლავებიდან ან გალაქტიკებიდან შეიძლება მოდიოდეს. ამასთან, არ შეიძლება გამოირიცხოს, რომ მიღებულ გამოსახულებაზე არსებული ნარჩენი სინათლე სრულიად ახალი რამ იყოს. ეჭვგარეშეა, რომ სინათლით დაბინძურების წყაროების ძიება გაგრძელდება, რადგან ჭარბი ფოტონების წყარო გამოცანად რჩება.

პლუტონი და მისი დიდი თანამგზავრი ქარონი (”ნიუ ჰორაიზონსი”/NASA).

 ფიზიკოს დენ ჰიპერის აზრით, ფერმის ამაჩქარებლის ლაბორატორიიდან, იდუმალი სინათლის წყარო, ბნელი მატერია შეიძლება იყოს. The New York Times-ში გაგაზავნილ ელექტრონულ წერილში ის წერს, რომ ის და მისი კოლეგები, სინათლის შესაძლო წყაროზე მსჯელობისას, ვერანაირ ახალ ფიზიკამდე ვერ მივიდნენ, რომელიც გამოსახულებაზე სინათლის სიჭარბეს ახსნიდა, “რამდენიმე არც თუ ისეთი მიმზიდველი ვარიანტების გამოკლებით”.

 ითვლება, რომ კოსმოსში არსებული მატერიის მეტი წილი ე.წ. ბნელ მატერიაზე მოდის, უხილავ გრავიტირებად სუბსტანციაზე, რომელიც ჩვენთვის ხილული კოსმოსის ფორმირებას ახდენს და რომლის შემადგენელი ახლაც უცნობი რჩება (ბნელი მატერია სამყაროს ”ბავშვობის დროინდელ” ფოტოზე). ერთი თეორიის მიხედვით, ის შეიძლება შედგებოდეს ეგზოტიკური სუბატომური ნაწილაკებისგან, რომლებიც რადიო აქტიურ დაშლას განიცდის ან ერთმანეთთან ანიჰილირებს (1) და ენერგიას ასხივებს, რასაც ჯამურ ნათებაში თავისი წვლილი შეაქვს. არ არის გამორიცხული, რომ საქმე გვაქვს ჩვეულებრივ შეცდომასთანაც. კვლევის ავტორთა აზრით, სინათლის წყაროს გამორჩენის ალბათობა ნამდვილად არსებობს, თუმცა, მხოლოდ 5%. იმედია, დამატებითი კვლევები ნათელს მოჰფენს ახლოს კოსმოსის ამ ბნელ ნაწილს (ჩვენი გალაქტიკისა და სამყაროს ფერი; „სინათლის დანაკლისი“ და ეგზოტიკური წყარო).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.