ვილჰელმ ოლბერსის პარადოქსი

 პირველად, ეს პრობლემა ბრიტანელმა ედმუნდ ჰალემ, 1720 წელს ახსენა, შემდეგ კი ჰალესგან დამოუკიდებლად, 1742 წელს, ამ გამოცანის უფრო ზუსტი ფორმულირება შვეიცარიელმა ჟან ფილიპ დე შეზომ (1781-1851) მოახდინა და თან პასუხიც გასცა, რომელიც ოლბერსის მიერ წარმოდგენილი დასკვნისგან დიდად არ განსხვავდებოდა.

ვილჰელმ ოლბერსი (1758–1840).

 ე.წ. ოლბერსის ფოტომეტრiული პარადოქსი შემდეგნაირად ფორმულირდება: თუ სამყარო უსასრულოა, ერთგვაროვანია და სტაციონარული (XVIII-XIX საუკუნეებში ასტრონომები ამაში დარწმუნებულნი იყვნენ), მაშინ ცაში ყველა მიმართულებით უნდა იყოს ვარსკვლავები. ანუ მთელი ცა მანათობელი ვარსკვლავური წერტილებით უნდა იყოს სავსე და ის უნდა ელვარებდეს. სინამდვილეში კი ცა ბნელია და მასზე მხოლოდ ცალკეული ვარსკვლავები ჩანს.

 ოლბერსმა ეს, გარემოში სინათლის შთანთქმით ახსნა, რადგან სივრცე ნაწილობრივ სინათლის მშთანთქმელი ნივთიერებებით არის შევსებული, მაგალითად, ვარსკვლავთშორისი ღრუბლებით. თუმცა, თერმოდინამიკის გაჩენასთან ერთად, ეს მტკიცებულება საკამათო გახდა, რადგან შთანთქა რა სინათლე, ვარსკვლავთშორისი ღრუბელი გაცხელდება და თვითონ დაიწყებს ნათებას.

ედვინ ჰაბლი (1889–1953).

 საბოლოოდ, ოლბერსის პარადოქსის ახსნა მეოცე საუკუნეში მოხერხდა. ახლა უკვე ვიცით (ჰაბლის კანონი, სამყარო ფართოვდება და რაც უფრო შორსაა გალაქტიკა ჩვენგან მით უფრო სწრაფად გვშორდება იგი), რომ სამყაროს სასრული ასაკი აქვს. როგორც ნავარაუდევია, დიდი აფეთქება 13,8 მილიარდი წლის წინ მოხდა, ანუ ასტრონომებს შეუძლიათ დაინახონ მანათობელი ობიექტები 13,85 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე. ამიტომაც არ არის ვარსკვლავების რაოდენობა უსასრულო, თუმცა მათი რაოდენობა უზარმაზარია, და ამიტომ არ ჩანს ვარსკვლავები ყველა მიმართულებით. ამასთან ერთად ჩვენ ვიცით, რომ არც ვარსკვლავები ცოცხლობენ უსასრულოდ. დაკვირვების მიმართულებით შესაძლებელია იყოს ვარსკვლავი, თუმცა ის შეიძლება არ ანათებდეს, რადგან ის შეიძლება იყოს ასაკოვანი, რომლის წიაღშიც თერმობირთვული საწვავი დიდი ხანია ამოიწურა. ნებისმიერი ზემოთ მოყვანილი ახსნა სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ოლბერსის პარადოქსის პრობლემა ამოწურულად ჩაითვალოს, თუმცა იმ წლებში სხვა ახსნა არ არსებობდა, გარდა სინათლის შთანთქმისა ვარსკვლავთშორისი ღრუბლების მიერ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.